„თბილისის ვილაიეთის დიდი დავთარი“ („Defteri Mufassali Vilayeti Tiflis"), ქართლის სამეფოს აღწერის დავთარი, შედგენილი 1728 ოსმალო მოხელეების მიერ ფისკალური მიზნით. „დავთარში", რ-იც წარმოდგენილია ორ წიგნად, აღნუსხულია 1600-მდე ერთეული. ორივე იწყება აღწერილი სოფლების სახელთა სარჩევით. წიგნი I მოიცავს გორის ყაზას დაქვემდებარებულ საციციანოს (34 სოფ.), პეტრეს (41 სოფ.), საამილახოროს (163 სოფ.), არაგვისა და ქსნის (52 სოფ.) ნაჰიეებს, მუხრანის ლივას (45 სოფ.), თრიალეთის ყაზას (83 სოფ.), გომარეთს (17 სოფ.), გუჯარეთს (16 სოფ.), ყაიყულის (51 სოფ.), ავლაბრის (12 სოფ.) ნაჰიეებს; წიგნი II – საბარათიანოს (524 სოფ.), ბაიდრის (56 სოფ.), დემირჩი ჰასანლის (80 სოფ.) ნაჰიეებს, სომხითის ლივის (132 სოფ.), ტაშირის (47 სოფ.) და ფანბაკის ნაჰიეებს (91 სოფ.), აღჯაყალას ლივას (64 სოფ.), ინჯას (56 სოფ.), ჩოვდარის (64 სოფ.), აღსთა აბადის (76 სოფ.), თურქითის (34 სოფ.) ნაჰიეებს. საძიებელს მოჰყვება ძირითადი ტექსტი – სოფლების და სხვა საგადასახადო პუნქტების სახელები, გადასახადის გადამხდელთა და კომლის უფროსთა საკუთარი და მამის სახელები, იშვიათად აღნიშნულია მათი ხელობა-საქმიანობა. ჩამოთვლილია სოფლის მეურნეობის პროდუქტები, გადასახადის სახეობები, მათი რაოდენობა და ღირებულება. აღნიშნულია შეწერილი გადასახადის ფულადი რაოდენობა. „დავთარი" განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკუთრივ თბილისის ისტ. გეოგრაფიის, ონომასტიკის, ეკონ., დემოგრაფიის, კონფესიისა და საქალაქო ყოფის შესასწავლად. ქალაქი აღწერილია უბნებისა (ციხის რაბათი, თოფხანე, დაბაღხანე და ა. შ.) და სამრევლოების (სიონი, ანჩისხატი, ვანქი, ფეთხაინი და სხვ.) მიხედვით. თანაბრად განვითარებული ჩანს ვაჭრობა, მრეწველობა და სოფლის მეურნეობა. აღნიშნულია მოხელეთა (მ. შ. ოსმალების) საქმიანობა და გასამრჯელოს რაოდენობა. „დავთარი" ოსმალობის ხანის (1723–35) ქართლის სოც. ვითარების, ეკონ., ტოპონიმიკის, ეთნ. შედგენილობისა, კონფესიური ვითარებისა და სხვათა შესასწავლად მნიშვნელოვანი წყაროა.
პუბლ.: Тифлис Əjaлетинин Муфəссəл Дəфтəри (Борчалы вə Газах, Кириш, терҹумə вə гəjдлəрин муəллифи Шаhин Мустафаjев), Бакы, 2001; 1728 წლის თბილისის ვილაჲეთის დიდი დავთარი. ოსმალური ტექსტის ფაქსიმილე ქართული თარგმანით გამოსცეს ს. ჯიქიამ და ნ. შენგელიამ, წგ. 1–2, თბ., 2009–10.
ც. აბულაძე