„თბილისის თამბაქო“ (სააქციო საზოგადოება), თამბაქოს მრეწველობის ერთ-ერთი წამყვანი საწარმო საქართველოში. დაარსდა 1998 თბილისში შპს „თამკოს" ბაზაზე სახელწოდებით შპს „საქართველოს თამბაქოს წარმოება" (GTM). 2011-იდან კომპანიამ რეორგანიზაციის შედეგად შეიცვალა სამართლებრივი ფორმა და ჩამოყალიბდა როგორც სააქციო საზ-ბა „თ. თ." 1998–2000 საწარმოში ჩატარდა სამშ.-სარეკონსტრუქციო სამუშაოები, დამონტაჟდა უცხ. წარმოების თამბაქოს გადამმუშავებელი და სიგარეტის მწარმოებელი მანქანა-დანადგარები. კომპანიის საწარმოო სიმძლავრეა 100 მლნ. ღერი სიგარეტი თვეში (31. XII. 2013 მონაცემებით). უშვებს მყარი შეფუთვის როგორც ფილტრიან, ისე უფილტრო სიგარეტს შემდეგი სასაქონლო ნიშნით: „პირველი ინტერნაციონალი", „პირველი პრემიუმი", „პირველი ნანო", „პირველი სლიმი", „მზე" (უფილტრო), „სტარი" (უფილტრო). მსოფლიოს წამყვანი მომწოდებლებისაგან შემოდის წარმოებისათვის საჭირო ნედლეული – უმაღლ. ხარისხის თამბაქოს ფოთლები (ბრაზილია, ვიეტნამი, ინდოეთი, ფილიპინები, ჩინეთი, ხორვატია და სხვ.) და დამხმარე მასალები (ავსტრია, ბულგარეთი, გერმანია, თურქეთი, იტალია და სხვ.). პროდუქციის რეალიზაცია ხდება ადგილობრივ ბაზარზე სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით. „თ. თ-ს" ურთიერთობა აქვს თამბაქოს მწარმოებელ მრავალ უცხ. კომპანიასთან.