თბილისის კარები

თბილისის კარები, ზღუდეში და­ტანებული კარები, რომელთა საშუალებით თბილისი გარე სამყაროსთან პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობას ამყარებდა. თ. კ-ის რაოდენობას განსაზღვრავდა ქვეყნის პოლიტ. და ეკონ. მდგომარეობა, დროთა განმავლობაში ქალაქის ტერიტ. ზრდა ან შემცირება.

თ. კ-ის შე­სა­ხებ პირველ ცნობას ვხვდებით ისტორიკოს ჯუანშერთან, როდესაც იგი მოგვითხრობს 627–628 თბილისს გარსმომდგარ ჰერაკლე კეისრისა და ხაზართა გაერთ. ლაშქრის ერთ-ერთ ბრძოლაზე ქალაქის დამცველებთან: „ხოლო სტეფანოზ... დღეთა ყოველთა გამოვიდის კართა ქალაქისათა, და ებრძოდის ბერძენთა". ჯუანშერის შემდეგ თ. კ-ის შესა­ხებ ცნობებს ვხვდებით X ს. არაბ ისტორიკოსებთან იბნ ჰაუკალთან და ალ-ტაბარისთან. იბნ ჰაუკალი თბილისის აღწერისას ამბობს, რომ ქალაქს პიტალო კლდის (ტინის) ორი კედელი აკრავს და სამი კარი აქვს. თ. კ-ის შე­სა­ხებ უფრო სრულყოფილად მოგვითხობს ალ-ტაბარი 853 ბუღა თურქის თბილისში ლაშქრობის აღწერის დროს. ალ-ტაბარის ცნობით, ­მტკვრის ­მარჯვ. სა­ნა­პი­როზე განლაგებულ თბილისს ჰქონდა ხუთი კარი: მაიდნის კარი, კარის კარი, მცირე (პატარა) კარი, რაბადის კარი და სოღდებილის კარი. ხოლო ­მტკვრის ­მარცხ. სა­ნა­პი­როზე, სოღდებილის მედინაში ასახელებს „ჰი­საქის კარს".

თ. კ-იდან ზოგიერთის რეკონსტრუქცია და მათი ადგილმდებარეობის შეძლებისდაგვარად დადგენა ხერხდება. ადრინდ. შუა საუკუნეების არაბი მთხრობლები ამა თუ იმ ქალაქის კარების ჩამოთვლისას იყენებდნენ ორ პრინციპს: საათის ისრის მოძრაობის და ისრის მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებას, რ-ის გათვალის­წინებითაც ხდება მათი ადგილმდებარეობის შეძლებისდაგვა­რად დადგენა. ალტაბარი თ. კ-ის დასახელებისას პირველ პრინციპს იყენებს და მათ ჩამოთვლას ქალაქის სამხრ. კედელში დატანებული კარით იწყებს: მაიდნის კარი (გვიანდ. შუა საუკუნეების აბანოს კარი). კარის კარი (მიესადაგება განჯის კარს). მესამე კარს მცირე (პატარა) კარი ჰქვია. მისი ადგილ­მდებარეობის ზუსტ მინიშნებას ართულებს თვით კარის რაიმე კონკრ. სახელის უქონლობა. თუ საათის ისრის მოძრაობის მიმართულებას გავყვებით, აღნიშნული კარი ქალაქის ჩრდ.-დას-ით უნდა ვეძებოთ, ხოლო სახელი მის მეორეხარისხოვან თ. კ-ზე უნდა მიუთითებდეს. რი­გით შემდეგია რაბადის კარი, რ-იც ქალაქის კედელს ჩრდილოეთიდან ჰქონდა დატანებული და ქალაქს (კალას) აკავშირებდა რაბადთან (შემ­დგომში გარეთუბანთან). გვიანდ. შუა საუკუნეებში ქალაქის ზღუდეს ჩრდ.-დას-იდან 4 კარი ჰქონდა დატანებული, რაც ართულებს რომელიმე მათგანთან რაბადის კარის მისადაგებას. მეხუთე კარი ალ-ტაბართან სოღდებილის კარია, რ-იც მეტეხის ხიდთან ­მარცხ. სა­ნა­პი­რო­ზე მდებარე სოღდებილისაკენ უნდა ყოფილიყო მიმართული. საზოგადოდ, ქალაქის ზღუდეში დატანებული ესა თუ ის კარი იმ ტერიტორიის, ადგილის, დასახლ. პუნქტის, ქალაქის და ა. შ. სახელს ატარებდა, საითაც იყო მიმართული.

თ. კ-ის შე­სა­ხებ, მართალია, ზოგად, მაგრამ საინტერესო ცნობას ვხვდებით XI ს. ქართ. საისტ. თხზულებაში „მატიანე ქარ­თლისა". 1045 ქალაქის ბერების მოწვევით სა­ქარ­თვე­ლოს მეფეს ბაგრატ IV-ის ქალაქში შემოსვლისას „... მოართუნეს კლიტე­ნი ქალაქისანი" და "აღიხუნა კოშკი კართანი თავის კაცითა". ამგვარად, ქალაქის ყველა კარი იკეტებოდა და თითოეულს თავისი კლიტე, თავისი დამცველი კოშკი ჰქონდა, რ-შიც იდგა მეფის მიერ დანიშნული საგანგებო მოხელე – კარის მეთვალყურე და ზედამხედველი (მეკარე და მებაჟე). ყველა კარი საღამო ჟამს იკეტებოდა და დაგვიანებული მგზავრი თუ ქარავანი იძულებული იყო ღამე ქალაქის კარს მიღმა გაეთენებინა. ჟამთააღმწერელს ჯალალედინის მიერ 1226 თბილისის აღების დროს გამართული ბრძოლების შესა­ხებ თხრობისას რამდენჯერმე აქვს ნახსენები ქალაქის კარნი და გვამცნობს, რომ ქალაქის ერთ-ერთი დამცველი მემნა ბოცოს ძე მოკლეს „განძის კართა კერძო", ე. ი. განჯის კართან.

XVII–XIX სს. წერილობითი წყაროები მეტად მწირ ცნობებს შეიცავს თ. კ-ის შე­სა­ხებ. ამ ხარვეზს ავსებს ქალაქის გრაფ. გამოსახულებანი: 1673 (შემსრულებელი – ჟან შარდენის მხატვარი გრელო), 1701 (შემსრულებელი – ო. ტურნეფორის მხატვარი ობრიე), 1735 (ვახუშტი ბაგრატიონი), 1785 (პიშჩევიჩი), 1800 (ჩუიკო) წლებში შედგენილი თბილ. ნახატები და გეგმები. ქალაქის ეს გრაფ. გამოსახულებანი ერთმანეთისაგან განსხვავდება და, ამდენად, ურთიერთს ავსებს, რაც საშუალებას გვაძლევს მათი ურთიერთშეჯერებით, ასევე XVII–XVIII სს. სიგელგუჯრების მოშველიებით დავადგინოთ თ. კ-ის მეტნაკლებად ზუსტი სურათი. ­მტკვრის ­მარჯვ. მხა­რეს, გალავანში დატანებული იყო რამდენიმე კარი: სამხრ-ით – აბანოს (სეიდაბადის), განჯის (ციხის); დას-ით – კოჟრის (კოჯრის, ზემო, მაღალი, მაღლა, წავკისის), ჩრდით – დიღმის (შუა), მოედნის (ზემო წყლის კარი ხიდით, მუხრანის), წყლის (ქვემო კარი ხიდით, მუხრანის); ­მტკვრის ­მარცხ. მხარეს – ავლაბრის კარი და პატარა (მცირე) კარი.

გარდა ამისა, ქალაქში იყო ორი „ციხის კარი": ერთი თვით ციტადელში, ნარიყალაში, მაღლა ციხეში შესასვლელი ციხის კარი და მეორე – როსტომ მეფის მიერ XVII ს. 40-იან წლებში ქალაქის ციხიდან წამოსული ქალაქისა და ციხის გამყოფ კედელში დატანებული ციხის კარი (მდებარეობდა თათრის, ციხის მოედანთან). ეს კარი გაუქმდა 1750 თეიმურაზ II-ის მიერ ქვემო ციხისა და ქალაქის გამყოფი კედლის აღებისას. აბანოს კარი მდებარეობდა მდ. წავკისისწყლის ­მარცხ. სა­ნა­პი­როზე, დატანებული იყო ქალაქის ზღუდეში სამხრ.-აღმ. მხრიდან. განჯის კარი მდებარეობდა ბო­ტან. ბაღის შესასვლელთან, წავკისისწყლის ­მარცხ. სა­ნა­პი­როზე. იგი, თავისი დამცველი ორი კოშკით, ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო-სატრანზ. და სტრატეგიული კარი იყო, რ-იც მეთვალყურეობდა სამხრ-იდან წამოსულ ქარავანსა თუ მგზავრს.

კოჯრის კარი მდებარეობდა დღევანდელი თავისუფლების მოედნისა და ლესელიძის ქუჩის შესაყარზე. აქედან იწყებოდა გზა კოჯრისაკენ, შემდეგ კი, სამშვილდეზე გავლით – თრიალეთისა და სომხეთისაკენ.

დიღმის კარი მდებარეობდა ახლანდ. ა. პუშკინისა და ნ. ბარათა­­შვი­ლის ქუჩათა შესაყარზე; აქედან იწყებოდა ერთ-ერთი მთავარი სატრანზ. გზა: თბილისი–გორი– ახალ­ქა­ლა­ქი და თბილისი–ჟინვალი. აქედანვე მიდიოდა გზა რუსეთისაკენ.

წყლის კარი ემსახურებოდა გარეუბნელებს და, ალბათ, ავჭალის გზით (XVII ს-ში ნუგზარ არაგვის ერისთავის მიერ მტკვარ­ზე გადებული ხიდით) მოსულ ქალაქისპირა სოფლებსა და ჩრდილოელ მგზავრებს. ამ კარის გაუქმების შემდეგ, XVIII ს. 50-იან წლებში, „მეიდნის (მოედნის) კარს" შეერქვა „მოედნის წყლის კარი" (1751), „ზემო წყლის კარი" (1769), „მუხრანის კარი" (1800).

­მტკვრის ­მარცხ. ­სა­ნა­პი­რო­ზე ავლაბრის კარი დატანებული იყო შიდა ავლაბრის ზღუდეში აღმ. მხრიდან, საიდანაც იწყებო­და „ბაღების გზა", „კა­ხე­თის გზა" („დაღესტნის დიდი გზა"), „შუა ტბის გზა", „ლილოს გზა" და „ავჭალის გზა". ავლაბრის ზღუდეში ჩრდ. მხრიდან დატანებუ­ლი „პატარა კარიდან" მხო­ლოდ „ავჭალის გზა" იღებდა სათავეს.

წყა­რო: თბილისის ისტორიული დოკუმენტები, შეადგინეს ნ. ბერძენიშვილმა და მ. ბერძნიშვილმა, თბ., 1962; ორბელიანი პ., ამბავნი ქარ­თლისანი, ე. ცაგარეი­შვი­ლის გამოც., თბ., 1981; სიხარულიძე ე., იბნ ჰაუკალი თბილისის შე­სა­ხებ, კრ.: სა­ქარ­თვე­ლოს ისტორიის აღმოსავლური მასალები, წგ. 1, თბ., 1976.

ლიტ.: ბ ე რ ი ძ ე  თ., ძველი თბილისის გარეგანი სა­ხის ისტორიიდან (ქალაქის კარი), «ცისკარი»,1993, №3; ბ ე რ ძ ნ ი ­შ ვ ი ­ლ ი  მ., თბილისის გარეგანი სახე XVIII საუკუნეში, თბ., 1965; მესხია შ., გ ვ რ ი ტ ი ­შ ვ ი ­ლ ი  დ., დუმბაძე მ., სურგულაძე ა., თბილისის ისტორია, თბ., 1958.

თ. ბერიძე