თბილისის კომიტეტი, სოციალ-დემოკრატიული, თბილისის ს.-დ. ორგანიზაციისა და წრეების ხელმძღვანელი ცენტრი.
1901 იანვ.-მარტში (ჟანდარმერიის ცნობის მიხედვით) თბილისში უნდა არსებულიყო ს.-დ. ორგანიზაცია (წრე), რ-ის სამოქმედო ასპარეზს, როგორც ჩანს, წარმოადგენდა თბილისი, მისი ფაბრიკა-ქარხნები და სხვა საწარმოები. ეს ორგანიზაცია თბილისში არსებული მუშათა ს.-დ. ჯგუფებისა და წრეების მიერ ოფიციალურად არჩეული ხელმძღვ. ორგანო არ ყოფილა, მაგრამ იგი აშკარად კოორდინატორის ფუნქციებს ასრულებდა. ეს ფაქტი იძლევა საშუალებას დასკვნისათვის, რომ ე. წ. თბილ. „ინტელიგენტთა ს.-დ. წრე" იყო გარდამავალი საფეხური XIX ს. 90-იანი წლების შუა ხანებიდან თბილისში არსებული ს.-დ. ჯგუფებიდან საქალაქო ს.-დ. ორგანიზაციისაკენ (კომიტეტისაკენ).
1901 მარტსა და ივლისში მომხდარი დაპატიმრებების შედეგად ეს წრე მთლიანად ჩავარდა. თბილ. მუშათა ს.-დ. ჯგუფები და წრეები კოორდინატორის გარეშე დარჩნენ. დღის წესრიგში დადგა საქალაქო ს.-დ. ორგანიზაციის შექმნის საკითხი. 1901 წ. 27 ოქტომბერს და 4 ნოემბერს ი. ჯუღაშვილის (სტალინის) ხელმძღვანელობით გაიმართა კონსპირაციული კრებები, რ-ებმაც მოამზადეს ნიადაგი თბილ. ს.-დ. ორგანიზაციის შექმნისათვის. 1901 წ. 11 ნოემბერს ავლაბარში, კონსპირაციულ ბინაზე 25 სოციალ-დემოკრატი ინტელიგენტი შეიკრიბა. აირჩიეს თბილ. საქალაქო ს.-დ. კომიტეტი ვ. ცაბაძის (თავ-რე), ი. ჯუღაშვილის (სტალინი), ს. ჯუღელის, გ. ყარაჯაევის, ზ. ჩოდრიშვილის, გ. ჩხეიძის შემადგენლობით. ამ ორგანოს უწოდებდნენ „ცენტრალურ კომიტეტს", „საორგანიზაციო კომიტეტს", „კომიტეტს". სამეცნ. ლიტ-რაში დამკვიდრებულია სახელწოდება – „თბილისის ს.-დ. კომიტეტი". ორგანიზაციის ფუნქცია ასე განისაზღვრებოდა: 1. მოწინავე მუშების განვითარებაზე ზრუნვა იმ მიზნით, რომ მათ ინტელიგენტებისაგან დამოუკიდებლად შეძლონ ს.-დ. წრეების შექმნა; 2. ინტელიგენტების მეშვეობით მუშებისათვის არალეგალური ლიტ-რის მიწოდება; 3. საიდუმლო სალაროდან სახსრების განაწილება; 4. თბილისთან ახლოს, რომელიმე სოფელში, საიდუმლო სტამბების ორგანიზებისთვის სახსრების გამონახვა. სხდომაზე იმსჯელეს ს.-დ. მოძრაობის მიზნებსა და სხვა ორგანიზაციულ საკითხებზე. ამრიგად, 11 ნოემბერს ინტელიგენტ და მუშა სოციალ-დემოკრატთა კონსპირაციულ შეკრებაზე არჩეული თ. კ. იყო საერთო-საქალაქო ს.-დ. ორგანიზაციის არჩევითი ხელმძღვ. ორგანო და ამდენად ხელმძღვანელობდა მოძრაობას მთელი ქალაქის მასშტაბით. ამის შემდეგ კომიტეტი თავის სხდომებს კონსპირაციულად მართავდა და მოქმედების, იდეოლოგიური და ორგანიზაციული მუშაობის სხვადასხვა საკითხს განიხილავდა. თუ რა დამოკიდებულება არსებობდა კომიტეტის ჩამოყალიბების დასაწყისში რუს. ს.-დ. მუშათა პარტიასთან, მასალებიდან არ ჩანს. მოგვიანებით, 1902 დეკემბრისთვის, იგი უკვე რუს. ს.-დ. ორგანიზაციას წარმოადგენდა და მის შემადგენლობაში იყო გაერთიანებული. თბილ. ს.-დ. ორგანიზაციისა და მისი კომიტეტის შექმნა „რევოლუციონერ სოციალ-დემოკრატთა დასის" (გაზ. „ბრძოლის" ბანაკი) ძალებით განხორციელდა და ამაში გადამწყვეტი როლი შეასრულეს: ი. ჯუღაშვილმა, ვ. ცაბაძემ, გ. ყარაჯაევმა, ს. ჯუღელმა, ზ. ჩოდრიშვილმა, კ. გოგუამ და სხვ., აგრეთვე ვ. კეცხოველმა და ა. ენუქიძემ. 1902 გაზაფხულზე თბილ. ს.-დ. ორგანიზაციის წევრები დააპატიმრეს და 1903 რუსეთში გადაასახლეს. ამ მძიმე დარტყმის მიუხედავად, კომიტეტი მუშაობას განაგრძობდა. 1905–07 რევ. დასაწყისისათვის თ. კ-ში ბოლშევიკებს ძლიერი პოზიციები ეკავათ. ისინი სათავეში ედგნენ მუშათა გაფიცვებს, პოლიტ. დემონსტრაციებს, შეიარაღებულ ბრძოლებს; ჰქონდათ არალეგალური სტამბები, გამოსცემდნენ და ავრცელებდნენ პარტ. და რევ. ლიტ-რას. 1905, ნ. ჟორდანიას თბილისში დაბრუნების შემდეგ, თ. კ-ში უპირატესობას მენშევიკები დაეუფლნენ. 1908 კომიტეტი გაიყო მენშევიკებად და ბოლშევიკებად. რაიონული ორგანიზაციების აღდგენის მიზნით მენშევიკებმა თბილ. ორგანიზაციაში გაძლიერებული მუშაობა გააჩაღეს. 1909 სექტემბრისათვის მენშევიკების საოლქო კომიტეტი რსდმპ-ის თ. კ-ს არ ცნობდა და ახ. კომიტეტის ჩამოყალიბება გადაწყვიტა. ოქტომბრისათვის, რეორგანიზაციის შემდეგ, მენშევიკთა პოზიციები უფრო განმტკიცდა. 1910 დააპატიმრეს რსდმპის თ. კ-ის ბოლშევიკი წევრები. ივნის-ივლისში მენშევიკთა და ბოლშევიკთა გაერთ. კრებები მოეწყო, მაგრამ ერთიანი ორგანიზაციის აღდგენა ვერ მოხერხდა. აქედან დაწყებული ბოლშევიკებმა ვერ მოახერხეს თავიანთი ორგანიზაციის აღდგენა, ვიდრე არ შექმნეს 1912 რსდმპ-ის თბილ. ჯგუფი.
ვ. გურული