თბილისის მაზრა

თბილისის მაზრა, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერ­თე­ული რუ­სე­თის იმპერიის თბილისის გუბერ­ნიის ­ცენტრალურ ნაწილში. მოიცავდა ისტ. ქვემო ­ქართლს, მდ. ალგეთის ზემო წელს, ყარაიაზის ველს და გარეკახეთს. 1803 წ. 23 სექტემბერს იმპერატორის ბრძანებით, ლორეს მაზრა თ. მ-დ გადაკეთდა. მის შემადგენლობაში შედიოდა აგრეთვე ბამბაკის, ბორჩალოს, ყაზახის, შამშადილისა და შურაგელის დისტანციები.

1840 წ. 10 აპრ. ბრძა­ნე­ბის თანახმად ეს დისტანციები (გარდა ბორჩალოს დისტანციისა) ახალშექმნილ ელიზავეტოპოლის მაზრას გადასცეს, რ-იც საქართველო-იმერეთის გუბერნიის შემადგენლობაში შედიოდა. 1868, როდესაც ელიზავეტოპოლის გუბ. შეიქმნა, ხსენებული დისტანციები ამ გუბერნიას მიაკუთვნეს.

1840 აპრილში, სენატის ბრძა­ნების თანახმად, თ. მ. სა­ქართველოიმერეთის გუბ. შემადგენლობაში შევიდა და იგი ოთხგორის, დუშეთის, თბილისის და ბორჩალოს უბნებად დაყვეს.

1846 წ. 14 დეკემბერს თ. მ. თბილ. გუბერნიის შემადგენლობაში შევიდა. 1862 წ. 16 მარტს ახ. ადმ.-ტერიტ. ერთეულები – ლორეს და თრიალეთის საპრისტავოები დაარსდა. 1867 წ. დეკემბერში თ. მ-ს ჩამოაშორეს დუშეთის უბანი და დუშეთის მაზრა შექმნეს.

თ. მ-ის აღმ. ნაწილში ახ. დასახლებული პუნქტების შექმნამ მის შემადგენლობაში კიდევ ერთი ახ. ადმ.-ტერიტ. ერ­თე­ულის – ყარაიაზის საპრისტავოს შექმნა განაპირობა, რ-იც სა­ბო­ლო­ოდ 1873 კამერალური აღწერით განმტკიცდა.

1870 თ. მ-ს ჩამოაშორეს ლორეს, თრიალეთისა და ბორჩალოს საპრისტავოები, რ-თაგან დამოუკიდებელი ერ­თე­ული – შულა­ვერის დროებითი ადმ. განყოფილება შექმნეს. იგი შემდეგში ბორჩალოს მაზრად გადაკეთდა. როდესაც ­კვლავ აღადგინეს მაზრების უბნებად დაყოფა, თ. მ. სართიჭალის, თბილისისა და ყარაიაზის საპოლიციო უბნებად დაყვეს. თ. მ. გაუქმდა 1930.

ზ. ცინცაძე