თბილისის XVIII და XIX საუკუნეების გეგმები

თბილისის გეგმა შემოგარენით, 1867

თბილისის XVIII და XIX საუკუნეების გეგმები, ვახუშ­ტი ბაგრატიონის მიერ 1735 შედგენილი თბილისის გეგმა ქალაქის პირველი გეგმაა. მას დართული აქვს ექსპლიკაცია ქალაქისა და მისი მიდამოების აღწერითურთ. გეგმაზე ნაჩვენებია ქალაქის მაშინდელი საზღვრები, საფორტიფიკაციო ნაგებობები, კარიბჭეები და უმთავრესი გზები. ძირითადი განაშენიანების აღნიშვნა პირობითია, გამოირჩევა საკულტო ნაგებობები, მეფისა და დიდგვაროვანთა სასახლეები, ქარვასლები, ბაღები. ქუჩების ქსელი გეგმაზე არ არის ნაჩვენები, აღნიშნულია მხო­ლოდ რამდენიმე მთავარი ქუჩა და მოედანი.

XVIII ს-იდან შემონახულია თბილისის კიდევ 3 გეგმა. სამივე 70-იან წლებს განეკუთვნება. ამ გეგმებზე აღბეჭდილია ის ცვლილებები, რ-იც ქალაქმა განიცადა ვახუშტის გეგმის შემ­დგომ პერიოდში. ცვლილებები შეეხო როგორც ქალაქის საზღვრებს, ისე საფორტიფიკაციო ნაგებობებს და განაშენიანებას. 1785 გეგმაზე (შედ­გენილია ა. პიშჩევიჩის მიერ) პირველად არის ნაჩვენები თბილ. ქუჩების რთული, დახლართული ქსელი. ექსპლიკაციაში დასახელებულია ქალაქის მსხვი­ლი ნაგებობანი, მოედნები, ბაზრები, სახელოსნოები, სამრეწვ. საწარმოები და სხვ.

XIX ს. დასაწყისის გეგმებზე თბილისი ჯერ კიდევ ინარჩუნებს ფეოდ. ქალაქის ყველა ნიშანს – აქვს ციტადელი, გალავანი, კოშკები, ქუჩების რთული, უსისტემო ქსელი, დაბალსართუ­ლიანი განაშენიანება ეკლესიებისა და ციხესიმაგრეების დომინანტობით. ამავე დროს იწყება ქალაქის ზრდა ჩრდ.-დას. მიმართულებით, გალავანს გარეთ.

პორუჩიკ ჩუიკოს 1800 გეგმა პირ­ველია, რ-იც შედგენილია სპეც. ხელსაწყოების საშუალებით და, ამდენად, უფრო ზუსტია წინა გეგმებთან შედარებით. 1802 გეგმაზე ქალაქის საზღვრების მნიშვნე­ლო­ვა­ნი გაფართოება აღინიშნება, მოცემულია აგრეთვე გარეთუბნის ბაღებისა და მისი მიმდებარე ტერიტ. დაგეგმარების პროექტი. აქ რეგულ. სწორკუთხა კვარტალები მოქცეულია ურთიერთმართობ ქუჩათა ბადეში, იწყება ახ. ცენტრის ჩამოყალიბება. ამ გეგმით დასახულ მიმართულებას ინარჩუნებს დღევანდ. რუსთაველის გამზირი, გ. ჭანტურიას, ცხრა აპრილის, ზუბალაშვილების ქუჩები.

1821, 1823, 1824, 1831 წლების გეგმებში დიდი სხვაობა არ აღინიშნება. ისინი უმთავრესად გვიჩვენებენ ქალაქის ტერიტ. ­ზრდას და მის ცალკეულ ნაწილებში ქუჩების რეგულ. ქსელის გაჩენას. 1824 გეგმაზე სოფ. კუკია და ჩუღურეთი უკვე ქალაქის ფარგლებშია მოქცეული. ­მტკვრის ­მარცხ. სა­ნა­პი­რო­ზე ნაჩვენებია გერმანელთა დასახლება, ქალაქი მიიწევს ნავთლუღისაკენ, ­მარჯვ. სა­ნა­პი­რო­ზე კი ვერემდე აღწევს. გეგმა შეიცავს აგრეთვე ავლაბრის უბნის დაგეგმარების პროექტს. 1828 გეგმაზე პირველად ჩნდება სალალაკის გეგმა და მთავარი (პასკევიჩ-ერევანსკის, ახლანდ. თა­ვისუფლების) მოედანი.

XIX ს. II ნახ. გეგმებზე ქალაქი უკვე თითქმის ორჯერაა გაზრდილი. ზრდა აღინიშნება როგორც ჩრდ.-დას-ით, ისე სამხრ.აღმ-ით, ­მტკვრის დინების გასწვრივ. დაგეგმილია სალალაკი, გაზრდილია ხარფუხი, ავლაბრის უბანი, ნავთლუღი, გერმანელთა დასახლება სწორი ქუჩის (ახლანდ. დავით აღმაშენებლის პროსპექტი) გასწვრივ, დაგეგმილია მთაწმინ დის უბანი და ახ. კუკია. 1844 გეგმაზე კუკია ჯერ კიდევ სოფლის იერს ატარებს, 1850 გეგმაზე კი უკვე სავსებით ქალაქური იერი აქვს. კუკიის ქუჩების იმდროინდელი ქსელი დღემდეა შემორჩენილი.

1867 გეგმაზე ქალაქს შემოერთებული აქვს ვარდისუბანი და ვერე ახლანდ. გმირთა მოედნამდე. 70-იან წლებში ჩნდება დიდუბის დასახლება, იზრდება კუკია, ავლაბარი, ჩუღურეთი. 80-იანი წლების გეგმებზე სალალაკი უკვე სრულად ჩამოყალიბებულია, განაშენიანებულია მთაწმინდა, მხო­ლოდ მის ზედა ნაწილში იკარგება ქუჩების რეგულ. ხასიათი. კალა უცვლელია. თვალსაჩინოა მისი განსხვავება ახ. უბნებისაგან, რ-ებიც გეგმის მიხედვითაა განაშენიანებული. კალაში არ არის არც ერთი სწორი ქუჩა, არც ერთი წესიერი მოხაზულობის კვარტალი, არ არის მწვანე ნარგავები. ახ. უბნებში რეგულ. გეგმაა, შედარებით მოზრდილი კვარტალები, მათ შიგნით მწვანე ნარგავები, ქუჩები უფრო ფართო და სწორია, მოედნები შედარებით წესიერი მოხაზულობისაა, პირველად ჩნდება საზ. ბაღები.

მიუხედავად იმისა, რომ XVIII და XIX სს. თბილისის გეგმები საკმაოდ ხშირად დგებოდა და შეიცავდა ქალაქის ცალკეულ ნაწილთა დაგეგმარების ­სქემატურ პროექტებსაც, რ-ებიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ ­ახლანდ. ქალაქის არსებული განაშენიანების ხასიათს, თბილისს ამ პერიოდში განვითარების ერთიანი გეგმა არ ჰქონია, არც რაიმე ხუროთმოძღვრული იდეა დასდებია საფუძვლად მისი რომელიმე ნაწილის დაგეგმვას.

XVIII–XIX სს. თბილ. გეგმები დიდმნიშვ­ნე­ლო­ვა­ნი ისტ. დოკუმენტებია. მათი დიდი ნაწილი დაცულია ­ცენტრ. საისტ. არქივში და თბილისის ისტორიის მუზეუმში.

ლიტ.: ბ ე რ ი ძ ე  ვ., თბილისის ხუროთმოძღვრება. 1801–1917 წწ., ტ. 1, თბ., 1960.

ნ. ასათიანი