გორგიძე ალექსანდრა დავითის ასული (8. VI. 1928, სოფ. მანდიკორი, ახლანდ. ტყიბულის მუნიციპალიტეტი, – 23. V. 1985, თბილისი), ბიოლოგი. ბიოლ. მეცნ. დოქტორი (1973), პროფესორი (1984). დაამთავრა თსუ-ის ბიოლ. ფაკ-ტი (1950). 1956–80 მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. ბოტანიკის ინ-ტში სხვადასხვა სამეცნ. თანამდებობაზე, 1979–80 იყო ამავე ინ-ტის კულტ. ფლორის განყ-ბის გამგე, 1980 – საქართვ. სას.-სამ. ინ-ტის ბოტანიკის კათედრის გამგე, 1984-იდან გარდაცვალებამდე – ამავე ინ-ტის პრორექტორი სამეცნ. დარგში. გ-ის კვლევის ძირითადი მიმართულებები: ზოგადი გენეტიკა, კულტ. მცენარეების სახეთა და ფორმათა წარმოქმნისა და ევოლ. საკითხების შესწავლა, სისტემატიკა, პალეოეთნობოტანიკა, რადიობიოლოგია. გ-ს მიენიჭა საქართვ. სახელმწ. პრემია საბუნებისმეტყველო მეცნ. დარგში (1990).
ლიტ.: ალექსანდრა გორგიძე. ბიობიბლიოგრაფია. შემდგ. ე. გუგავა და სხვ., თბ., 2001.
ი. ჯაფარიძე