„თბილისის საპნის ქარხანა“ (შპს), კვების მრეწველობის ერთ-ერთი უძველესი საწარმო თბილისში. დაარსდა 1886 ფრანგი მეწარმის ტოლეს მიერ. საწარმო კუსტარული იყო, ხელით შრომაზე დაფუძნებული, დღე-ღამეში 300–500 კგ სარეცხის საპონს ამზადებდა. 1930–35 ჩატარდა ქ-ნის რეკონსტრუქცია (სიმძლავრე გაიზარდა 4000 ტ-მდე წელიწადში), ხოლო 1965–66 მოხდა მისი სრული გადაიარაღება, რის შედეგადაც საწარმოს წლიურმა სიმძლავრემ 14000 ტ მიაღწია. იგი საპნის პროდუქციის ერთადერთი მწარმოებელი იყო საქართველოში და აღნიშნულ პროდუქციაზე მოსახლეობის მოთხოვნას 60–65%ით აკმაყოფილებდა. 1991-მდე ქ-ნა უწყვეტი – სამცვლიანი ციკლით მუშაობდა და ყოველწლიურად 12,5 ათ. ტ 72%-იან საოჯახო, 1,0 ათ. ტ სამრეწვ.-საფეიქრო საპონს და მლნ-მდე ცალ შამპუნს უშვებდა. 1996 განხორციელდა ქ-ნის პრივატიზება და ჩამოყალიბდა როგორც შპს. 1998-იდან საწარმო აღარ ფუნქციონირებს.