„თბილისის სასკოლო ინვენტარის ფაბრიკა“

„თბილისის სასკოლო ინვენტარის ფაბრიკა“, (სააქციო საზოგადოება), ავეჯის საწარმო თბილისში. შეიქმნა 1946, როგორც რკინიგზის უწყებრივი დაქვემდებარების სპეციალიზებული ავეჯის დამამზადებელი სახელოსნო, 1957-იდან იგი გარდაიქმნა საყოფაცხოვრებო და საკანცელარიო ავეჯის დამამზადებელ სა­ხელმწ. საწარმოდ; 1962-იდან სპეციალიზებული იყო სასკოლო ავეჯის წარმოებაზე და ეწოდა „თბილისის სასკოლო ინვენტარის ფაბრიკა"; 1970-იდან დაემატა სკოლამდელი ასაკის ბავშვთა დაწესებულებებისათვის ავეჯის წარმოება. ამასთან ერთად საწარმო ამზადებდა საყოფაცხოვრებო ავეჯსაც. სხვა­და­სხვა წლებში (1969–70; 1976–80; 2006– 09) საწარმოში განხორციელდა რეკონსტრ. და ტექ. გადაიარაღების სამუშაოები. მნიშვ­ნე­ლო­ვანი რეკონსტრ.-გაფართოება მოხდა 1987 – ექსპლუატაციაში გაუშვეს 12700 მ² ფართობის ახ. ორსართულიანი საწარმოო კორპუსი. 1996 სა­ხელმწ. საწარმო გამოისყიდა კოლექტივმა და გადაეცა მას საკუთრებაში. 1997 არსებული ფ-კის ბაზაზე შეიქმნა სააქციო საზ-ბა „თ. ს. ი. ფ." ამჟამად საწარმო უშვებს შემდეგი სა­ხის პროდუქციას: სასკოლო, საბავშვო და საოფისე ავეჯს. წარმოებისათვის საჭირო ნედლეული (ლითონის მილები, მერქან-ბოჭკოვანი ფილა, ლამინირებული ფილა, ლაქ-საღებავები, ფურნიტურა და სხვ.) ძირითადად შემოაქვს თურქეთიდან და უკრაინიდან. საწარმოს საპროექტო სიმძლავრე 3 მლნ. ლარია წელიწადში.