თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, საქართველოს წამყვანი მრავალპროფილიანი უმაღლესი სამედიცინო სასწავლებელი, რ-შიც კონცენტრირებულია ქვეყნის სამედ. და სამეცნ.-პედ. კადრების ძირითადი ნაწილი. თსსუ არის უნივერსიტეტთა საერთაშ. ასოციაციის, ევრ. უნ-ტთა ასოციაციის და ევრ. სამედ. განათლების ასოციაციის წევრი, აღმ. ევროპის სამედ. განათლების ასოციაციის დამფუძნებელი. თსსუ-ის საქმიანობის ძირითადი სახელმძღვანელო პრინციპებია: ცოდნისა და კვლევების აკადემიური ხარისხი, დემოკრატიულობა, მართვის ორგანოების არჩევითობა, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა აკადემიური თავისუფლება. თსსუ-ის მიერ გაზიარებული კონცეფცია „სწავლა მთელი სიცოცხლის განმავლობაში” (Life Long Learning - LLL) ევროპის ეკონომიკური და სოციალური განვითარების სტრატეგიის მთავარი ელემენტია.
1918 წ. 26 იანვარს (8 თებ.) გაიხსნა თსუ, რ-ის გამგეობის წევრები იყვნენ მედ. დარგის ცნობილი წარმომადგენლები: ს. ვირსალაძე, გ. მუხაძე, ი. თიკანაძე. 1917 წ. 12 ოქტომბერს „ქართველ ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადოების” სხდომაზე პ. მელიქიშვილმა გამოთქვა აზრი მომავალ უნ-ტში სამკურნალო და საბუნებისმეტყველო ფაკ-ტის გახსნის აუცილებლობის თაობაზე. 1918 წ. 27 თებერვალს უნ-ტის პროფესორთა საბჭომ დაადასტურა სამკურნ. ფაკ-ტის შექმნის აუცილებლობა. 17 იანვარს იმავე საბჭომ „ქართველ ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადოების” თავ-რის, ს. ვირსალაძის თანდასწრებით მიიღო გადაწყვეტილება, გახსნილიყო საბუნებისმეტყველო-სამათემატიკო და სამკურნალო ფაკ-ტი. 1918 წ. ოქტომბრიდან შეიქმნა სამკურნ. და საბუნებისმეტყველო გაერთ. ფაკ-ტი, რ-იც 1919 წ. აპრილიდან ცალ-ცალკე საბუნებისმეტყველო-მათ. და სამკურნ. ფაკ-ტების სახით ჩამოყალიბდა.
სამკურნ. ფაკ-ტის პირველ დეკანად აირჩიეს ხარკოვიდან მოწვეული პროფესორი, ანატომი ა. ნათიშვილი. სამშობლოში აგრეთვე დაბრუნდნენ და სამკურნ. ფაკ-ტზე დაიწყეს მოღვაწეობა ა. ალადაშვილმა, ს. ამირეჯიბმა, მ. ასათიანმა, ი. ბერიტაშვილმა, ს. გოგიტიძემ, ნ. კახიანმა, ი. ქუთათელაძემ, გ. ღამბარაშვილმა და სხვ. ამ პერიოდში სამკურნ. ფაკ-ტზე ორდინატორებად და ასისტენტებად მოიწვიეს დ. იოსელიანი, ვ. მოსეშვილი, ნ. მახვილაძე, შ. მიქელაძე, ა. ტყემალაძე, მ. ტყემალაძე, ს. ყიფშიძე, ა. წულუკიძე, მ. წინამძღვრიშვილი, მ. ცხაკაია, ვ. ჟღენტი, დ. ჯავახიშვილი; ფარმაციისა და ფარმაკოგნოზიის კათედრაზე – ი. ტყეშელაშვილი. 1919-იდან ივ. ჯავახიშვილის მზრუნველობით სამკურნ. ფაკ-ტის შემადგენლობაში არსებობდა ე.წ. სასანიტრო ინ-ტი, რ-ის დირექტორი იყო ს. ამირეჯიბი. პირველი ეროვნ. კადრი – 68 ექიმი – სამკურნ. ფაკ-ტმა 1922 წელს გამოუშვა. ფაკ-ტი ვერ აკმაყოფილებდა რესპუბლიკის მოთხოვნილებას სამედ. კადრებზე.
1930 წ. 10 ივნისს განხორციელდა თსუ-ის რეორგანიზაცია და დაარსდა დამოუკიდებელი თბილისის სახელმწ. სამედ. ინ-ტი (თსსი) სამი ფაკ-ტით: სამკურნ. პროფილაქტიკური, სანიტარია-ჰიგიენის და ფარმაკოქიმიის. 1931 შეიქმნა კიდევ ერთი – „დედათა და ბავშთა დაცვის ფაკულტეტი”, რ-საც 1934-იდან პედიატრიული ფაკ-ტი ეწოდა. 1931 სამკურნალო-პროფილაქტიკური ფაკ-ტი გარდაიქმნა სამკურნ. ფაკ-ტად, სანიტარიულ-პროფილაქტიკური ფაკ-ტი გაუქმდა, 1937 კი კვლავ აღდგა.
1932 ინ-ტთან გაიხსნა სტომატოლოგიური განყ-ბა, 1933 დაარსებული ექიმთა კვალიფიკაციის ამაღლების კურსები კი 1935 გადაკეთდა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინ-ტად; 2006 ამ ინ-ტის მემკვიდრე სახელმწ. სამედ. აკადემიის სახელწოდებით – კვლავ მიუერთდა სახელმწ. სამედ. ინ-ტის მემკვიდრეს – თ.ს.ს.უ-ს.
1936 წ. სექტემბერში სამედ. ინ-ტის შემადგენლობას სტომატოლოგიური ფაკ-ტის სახით დაემატა ერთი წლით ადრე გახსნილი სტომატოლოგიური ინ-ტი. 1937 ეს ფაკ-ტი, ისევე, როგორც ფარმაკოქიმიური ფაკ-ტი გამოეყო სამედ. ინ-ტს – შეიქმნა სახელმწ. სტომატოლოგიური და სახელმწ. ფარმაცევტული ინ-ტები, რ-ებიც 1948 გაუქმდა და ფაკ-ტების სახით კვლავ დაუბრუნდა სახელმწ. სამედ. ინ-ტს.
1992 წ. 24 ნოემბერს თბილისის სახელმწ. სამედ. ინ-ტი თ.ს.ს.უ-დ გარდაიქმნა. უნ-ტში ჩამოყალიბდა 4 ახ. ფაკ-ტი (სამხედრო-სამედიცინო, სამედიცინო-ბიოლოგიური, ფსიქოსომატური მედიცინისა და ფსიქოთერაპიის, უცხოური ენების), სამედიცინო კოლეჯი და მისი ქუთაისის ფილიალი, სამკურნ. ფაკ-ტის ინგლისურენოვანი სექტორი, უცხოელი სტუდენტების მოსამზადებელი განყ-ბა. შეიქმნა შესაბამისი დეკანატები, სამეცნ. საბჭოები და, ახ. სასწავლო გეგმის მიხედვით, – საწარმოო პრაქტიკისა და რეზიდენტურის დეკანატი. 1995 სასწ.-მეთოდურ განყ-ბასთან დაფუძნდა პედაგოგთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი შიდასაუნივერსიტეტო კურსები, პროვიზორთა (ფარმაცევტთა) კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, ჯანდაცვის ეკონომიკის და მენეჯმენტის სკოლა.
2002 თსსუ პროექტით „უმაღლეს სკოლაში ხარისხის უზრუნველყოფის საკითხები” მონაწილეობდა ევროკავშირის ეგიდით ჩატარებულ საერთაშ. საგანმან. კონკურსში „SOCRATES”.
2005 წ. სექტემბერში თსსუ მიუერთდა უნივერისტეტთა დიდ ქარტიას (ბოლონიის უნივერსიტეტი). იგი ერთადერთი ქართული უნ-ტი იყო ევროპის 26 უნ-ტს შორის, რ-მაც აღნიშნულ დეკლარაციაზე მოაწერა ხელი.
2006 თსსუ-ს შეუერთდა თბილისის სახელმწ. სამედ. აკადემია (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №226, 2006 წლის 24 მარტი), 2007 კი – ფიზიკური კულტურისა და სპორტის სახელმწ. აკადემიის სამკურნ. ფიზიკური კულტურისა და რეაბილიტაციის ფაკ-ტი.
2014 მონაცემებით თსსუ-ში ხუთი ფაკ-ტია: მედიცინის, სტომატოლოგიის, ფარმაციის, საზ. ჯანდაცვის, ფიზ. მედიცინისა და რეაბილიტაციის. უნ-ტის აკრედიტებული საგანმან. პროგრამებია: ერთსაფეხურიანი სამედიცინო განათლების (მედიცინა, სტომატოლოგია) – 7, საბაკალავრო – 16, სამაგისტრო – 12, სადოქტორო – 4, მე-5 საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო – 3; მათ შორის არის 4 საერთაშორისო პროგრამა (დიპლომირებული ექიმის ამერიკული პროგრამა, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მენეჯმენტის ქართულ-ფრანგული საბაკალავრო პროგრამა, საექთნო საქმის ქართულ-ავსტრიული საბაკალავრო პროგრამა, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მენეჯმენტისა და ჯანდაცვის პოლიტიკის ქართულ-ფრანგული სამაგისტრო პროგრამა). თსსუ-ში, აგრეთვე, მოქმედებს ქართულ ენაში მომზადების საგანმან. პროგრამები აზერბაიჯანულ-, აფხაზურ და სომხურენოვანი მოსახლეობისათვის.
თსსუ-ს აქვს სპორტ. მედიცინისა და რეაბილიტაციის კლინ. ცენტრი, უცხოური ენების ცენტრი – დარგობრივი უცხოური ენების გაძლიერებული სწავლებით, სპორტისა და ხელოვნების ცენტრი. 2012 უნ-ტში დაარსდა კლინიკური უნარ-ჩვევების ლაბორატორია (2014-იდან – კლინიკური უნარ-ჩვევების დეპარტამენტი). თსსუ-ის სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრი ჩამოყალიბდა 2012 წ. 8 თებერვალს სამეცნ. უნარ-ჩვევების ლაბორატორიის ბაზაზე – ყოფ. ექსპერ. და კლინ. მედიცინის სამეცნ.-კვლ. ინ-ტი (1992–2010). 1962 დ. გედევანიშვილის მიერ დაარსდა ექსპერ. და კლინ. მედიცინის ინ-ტი, რ-იც დამოუკიდებელ სამეცნ. საქმიანობასთან ერთად წარმოადგენდა თსსუ-ის კათედრების ექსპერ. სამუშაოების დასაყრდენ ბაზას. ინ-ტში სრულდებოდა სამეცნ. შრომები, საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები.
თსსუ-ს აქვს საუნივერსიტეტო კლინიკებისა და ინ-ტების ქსელი, რ-თა შორისაა: პირველი საუნივერსიტეტო, გ. ჟვანიას სახ. პედიატრიის აკადემიური, ა. ურუშაძის სახ. სტომატოლოგიური, №1 სტომატოლოგიური, №2 სტომატოლოგიური კლინიკები; ი. ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინ-ტი, ვ. ბახუტაშვილის სახ. სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინ-ტი. თსსუ ხელშეკრულების საფუძველზე თანამშრომლობს მრავალ ზოგადი პროფილისა და სტომატოლოგიურ კლინიკასთან საქართველოს მასშტაბით; ასევე ისეთ საერთაშ. ორგანიზაციებთან, როგორიცაა WHO, WFME, UNISEF, UNESCO, ECFMG, CDC, ACTS-GEORGIA. თსსუ არის მრავალი საერთაშ. ორგანიზაციის წევრი, რ-თა შორისაა: ევრ. უნ-ტების ასოციაცია (EUA), ევროპის სამედ. განათლების ასოციაცია (AMEE), ევროპის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ასოციაცია (EUPHA), ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაცია (EMSA), ევრაზიის აბრეშუმის გზის უნივერსიტეტთა კონსორციუმი (ESRUC) და სხვ. თსსუ მონაწილეობს ევროპაში სამედიცინო განათლების თემატური ორგანიზაციის – MEDINE სამუშაო ჯგუფებში, სადაც მიმდინარეობს სამედიცინო განათლების სტანდარტების შემუშავება და ნორმატიული დოკუმენტების შექმნა. თსსუ შეტანილია WHO-ის და IMED-ის საერთაშორისო დირექტორიებში, რაც საშუალებას აძლევს კურსდამთავრებულს შესაბამისი სალიცენზიო გამოცდის (სკრინინგ ტესტის) ჩაბარების შემდეგ (USMLE, PLAB, YOK და სხვ.) დასაქმდეს ნებისმიერ ქვეყანაში; თსსუ-ს ჰყავს 120-ზე მეტი პარტნიორი უნ-ტი და კლინიკა 40 ქვეყნიდან, რ-ებთანაც თანამშრომლობს ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე, ერთობლივი საერთაშორისო პროექტების TEMPUS, MEDINE, ERASMUS MUNDUS, MEVLANA-ს და გაცვლითი პროგრამების ფარგლებში.
თსსუ-ს აქვს სამეცნ. ბ-კა, რ-იც აერთიანებს 5 განყ-ბას და ფარმაცევტული ფაკ-ტის ფილიალს. 2008 მას შეუერთდა ყოფ. ექიმთა დახელოვნების ინ-ტის ბ-კა თავისი წიგნადი ფონდით. აქვს პათოლოგიური ანატომიის არქივი; ზოოლოგიური მუზეუმი (დაარსდა XX ს-ის 40-იან წლებში ბიოლოგ ვ. როსტომბეგოვის ინიციატივით); სამხედრო ფაკ-ტის მუზეუმი, სადაც წარმოდგენილი იყო სამედ. უნ-ტის სამხ. ისტორია. თსსუ რეგულარულად გამოსცემს სამეცნ. შრომათა კრებულებს.
თსსი-ის დირექტორები: გ. ვაწაძე (1930–31), პ. შუშანია (1931–32), გ. ვაწაძე (1932–36), კ. ცომაია (1936–37), ი. ეზიაშვილი (VII.1937–XII.1937), ა. მაჭავარიანი (1937–41), კ. ერისთავი (1941– 50), მ. სააკაშვილი (1950–53), ს. კობალაძე (VI.1953–XII.1953), ი. მენთეშაშვილი (1953–59); თსსი-ის რექტორები: პ. გელბახიანი (1959– 72), ო. ღუდუშაური (1972–75), კ. ვირსალაძე (1975–85), ა. ასათიანი (1985–91), ლ. მანაგაძე (1991–92), რ. ხეცურიანი (1992-იდან); თსსუ-ის რექტორები: რ. ხეცურიანი (1992– 2005), ა. თელია (მოვალეობის შემსრულებელი, 2005–2006), გ. მენაბდე (2006–2009), ზ. ვადაჭკორია (2009-იდან).
ზ. ვადაჭკორია
ი. კვაჭაძე