თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი

თბილისის სახელმწიო უნივერსიტეტი ივანე ჯავახი­შვი­ლის სახელობისა, სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულება, რ-ის დაფუძნებამ და საქმიანობამ განსაზღვრა სა­ქარ­თვე­ლოს უმაღლესი განათლების სისტემისა და ქართ. მეცნ. შემ­დგომი განვითარება. უნ-ტი გაიხსნა 1918 წ. 26 იანვარს (8 თებ.), დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს.

უნ-ტის შექმნას საფუძველი ჩაუყარა სა­ქარ­თვე­ლო­ში უძველე­სი დროიდან არსებულმა მრავალმა საგანმან. კერამ: კოლხეთის უმაღლესმა რიტორიკულმა სკოლამ, გელათის აკადემიამ, სამონასტრო საგანმან. კერებმა სა­ქართვე­ლო­ში და მის ფარგლებს გარეთ, სწავლულ კაცთა კომისიამ, თბილისის სემინარიამ, თელავის სემინარიამ, XIX ს. სა­ქართვ. გიმნაზიებისა და საშ. სპეც. სასწავლებლების ქსელმა, ­ქართვ. სამოციანელთა საგანმან.-ეროვნულმა მოღვაწეობამ, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ, უშუალოდ პეტროგრადის ­ქართვ. სტუდენტთა სამეცნ. წრემ და სა­ქართვ. საისტ.საეთნოგრაფიო საზ-ბამ. მნიშვნე­ლო­ვა­ნი იყო ის ფაქტიც, რომ 1914 მეფის მთავრობამ გამოსცა კანონი რუს. იმპერიაში სხვა­დასხვა ეროვნ. ენაზე კერძო ხასიათის უმაღლესი სასწავლებლების დაარსების შე­სა­ხებ. უნ-ტი დაარსდა ­ქართვ. მეცნიერთა ჯგუფის ინიციატივით, რ-საც ივ. ჯავახი­შვი­ლი მეთაურობდა. პირველი სემესტრის განმავლობაში უნ-ტი კერძო უმაღლესი სასწავლებელი იყო და ერქვა „ქარ­თუ­ლი უნივერსიტეტი ტფილისში”; მხოლოდ მეორე სემესტრიდან (3 სექტ.) გამოცხადდა სა­ხელმწ. უნ-ტად და ეწოდა „ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი”. პირველ რექტორად აირჩიეს პ. მელიქი­შვი­ლი, ხოლო 1919 ბოლოს – ივ. ჯავახი­­შვი­ლი.

უნ-ტს თავდაპირველად მხოლოდ 3 აუდიტორია ჰქონდა დათმობილი თბილ. სათავადაზნაურო ქართ. გიმნაზიის შენობის (ახლანდ. უნ-ტის I კორპუსი) II სართულზე, შემდეგ კი (1918 აგვისტოდან) მთელი შენობა გადაეცა. შენობა აგებულია 1900–06 ნ. ცხვედაძის უშუალო ხელმძღვანელობით, არქიტ. ს. კლდიაშვილის პროექტის მიხედვით. უნ-ტის არსებობის პირველ სემესტრში აქ მხო­ლოდ ერთი – სიბრძნისმეტყველების ფაკ-ტი იყო, რ-იც აერთიანებდა ჰუმანიტარულ, მათ. და საბუნებისმეტყველო დარგებს. უნ-ტის პროფესორთა პირველ საბჭოში შედიოდნენ: ივ. ჯავახი­­შვი­ლი, ი. აბულაძე, ს. ავალიანი, გ. ახვლედიანი, ა. ბენა­შვი­ლი, ფ. გოგიჩაი­შვი­ლი, ე. თაყაი­შვილი, კ. კეკელიძე, პ. მელიქი­შვილი, შ. ნუცუბიძე, ა. რაზმაძე, დ. უზნაძე, ი. ა. ყიფშიძე, ა. შანიძე, გ. ჩუბინა­შვი­ლი. 1918 ოქტომბრიდან შეიქმნა სამკურნ. და საბუნებისმეტყველო გაერთ. ფაკ-ტი, რ-იც 1919 აპრილიდან ცალ-ცალკე საბუნების­მეტყველო-მათ. და სამკურნ. ფაკ-ტების სახით ჩამოყალიბდა. 1919 უნ-ტის სამკურნ. ფაკ-ტთან მუშაობა დაიწყო სანიტარიის ინ-ტმა, 1919 წ. ოქტომბერში კი – პედაგოგიურმა ინ-ტმა (1928 დაიხურა და მისი სტუდენტები ჩაირიცხნენ უნ-ტის პედ. ფაკ-ტის შესაბამის განყოფილებებზე). 1920 უნ-ტში მუშაობდა 66 პროფესორ-მასწავლებელი, რ-თაგან 38 ­ქართვ. იყო. პირველ ხანებში ისწავლებოდა შემდეგი საგ­ნე­ბი: სა­ქართვ. ისტორია; ძვ. ქართ. ენა და მწერლობა; ქართ. სამართ. ისტორია; ფსიქოლოგია; ენათმეცნ. შესავალი და სანსკრიტი; ფილოს. შესავალი; საეკლ. ისტორია; არქეოლოგია; სპარსული, ძვ. სომხ., არაბ., ფრანგ., ინგლ. და გერმ. ენები; მინერალოგია; ანთროპოლოგია; გეოგრაფია; გეოდეზია; მათ. ანალიზი; ქიმია; ფიზიოლოგია; ანატომია; თერაპია; ქირურგია; პოლიტეკონომია; ეკონ. აზრის ისტორია; ფინანსებისა და სტატისტიკის და სხვ. საუნივერსიტეტო კურსები. 1921 შეიქმნა აგრონ. ფაკ-ტი, 1922 – პოლიტექნიკური, სოც.-ეკონ. და მუშათა ფაკ-ტები. პირველი კურსდამთავრებულები უნ-ტმა 1922 გამოუშვა, მ. შ. სიბრძნისმეტყველების ფაკ-ტის 28 სპეციალისტი. ამათგან უნ-ტში დატოვეს ს. ჯანაშია, შ. ამირანა­­შვი­ლი, კ. ბაქრაძე, ვ. თოფურია და ა. ჩიქობავა, რ-ებსაც საპროფესოროდ ამზადებდნენ.

თსუ-ში შემოღებული იყო მხოლოდ ერთი სამეცნ. ხარისხი – მეცნ. დოქტორი, ანუ მოძღვართმოძღვარი (რაც რუს. უნ-ტის მაგისტრის ხარისხს, ხოლო დას. ევროპის უნ-ტის დოქტორის ხარისხს უდრიდა). დისერტაციის დაცვა საჯაროდ ხდებოდა ფაკ-ტის საბჭოზე, რასაც შემ­დგომ უნ-ტის პროფესორთა საბჭო ამტკიცებდა და სიგელის გადაცემით ადასტურებდა. დისერტაციის პირველი საჯარო დაცვა უნ-ტში დაინიშნა 1920 წ. 9 მაისს. სიბრძნისმეტყველების ფაკ-ტის სამეცნ. საბჭომ ერთხმად მიანიჭა ა. შანიძეს მეცნიერების დოქტორის ხარისხი.

1928–30 უნ-ტს გამოეყო რამდენიმე დიდი სასწ. ინ-ტი: პოლიტექნიკური (1928), სას.-სამ. (1929– 30), სამედიცინო (1930). თსუ 1930 ცალკეულ დარგობრივ ინ-ტებად დაიშალა, ხოლო მისი პედაგოგიური ფაკ-ტი სა­ხელმწ. პედაგოგიურ ინ-ტად გადაკეთდა (1933, უნ-ტის აღდგენის შემდეგ, გადავიდა ქუთაისში); უნ-ტის ფიზ­კულტ. ფაკ-ტის ბაზაზე შეიქმნა საქართველოს ფიზიკური კულტურის ინ-ტი (1938).

სსრკ-გერმანიის ომის წლებში (1941–45) თსუ-ში სწავლობდნენ კიევის, დნეპროპეტროვსკისა და როსტოვის უნ-ტებიდან ევაკუირებულ სტუდენტთა ჯგუფები. ექსტერნის წესით გამოცდას აბარებდნენ მოსკოვის და ლენინგრადის უნ-ტების სტუდენტები და სხვ. ომის შემ­დგომ პერიოდში თსუ სამეცნ. და სამეცნ.-პედ. კადრების აღზრდისა და სამეცნ. კვლევის ერთ-ერთი ძირითადი ცენტრი გახდა სა­ქარ­თვე­ლო­ში. გამოჩენილ მეცნიერთა მეთაურობით ჩამოყალიბდა და განვითარდა საერთაშ. მნიშვნელობის სამეცნ. სკოლები: მათემატიკის (ა. რაზმაძე, ნ. მუსხელი­­შვი­ლი, გ. ნიკოლაძე, ი. ვეკუა, ვ. კუპრაძე, ა. ბიწაძე, ა. ხარაძე და სხვ.), ფიზიკის (რ. ხუ­ციშვილი, ე. ანდრონიკა­შვი­ლი, ვ. მამასახლისოვი, მ. მირიანა­შვი­ლი, გ. ხუ­ციშვილი და სხვ.), ქიმიის (პ. მელიქიშვილი, შ. ცინცაძე, რ. აგლაძე და სხვ.) ფიზიოლოგიის (ი. ბერიტა­შვი­ლი, დ. გედევანიშვილი და სხვ.), გეოგრაფიის (ა. ჯავახი­შვილი, გ. გეხტმანი), გეოლოგიის (ა. ჯა­ნელიძე, ა. თვალჭრელიძე, გ. ძოწენიძე და სხვ.), ისტორიის (ივ. ჯავახი­შვილი, ს. ჯანაშია, ნ. ბერძენი­შვი­ლი და სხვ.), ფილოსოფიის (შ. ნუცუბიძე, კ. ბაქრაძე, მ. გოგიბერიძე, ს. წერეთელი და სხვ.), ფსიქოლოგიის (დ. უზნაძე, რ. ნათაძე, ა. ფრანგი­­შვი­ლი და სხვ.), პედაგო­გიკის (დ. ლორთქიფა­ნიძე), ფილოლოგიის (კ. კეკელი­ძე, ა. შანიძე, გ. ახვლედიანი, ვ. თოფურია, ა. ჩიქობავა, ი. აბულაძე, ა. ბარამიძე და სხვ.), აღმოსავლეთმცოდნეობის (გ. წერეთელი, ს. ჯი­ქია, თ. გამყრელიძე და სხვ.), ენათმეცნიერების (თ. გამყრელიძე) კლასიკური ფილოლოგიის (გ. წერეთელი, ს. ყაუხჩიშვილი) და სხვ.

1946–58 თსუ ი. სტალინის სახელობისა იყო. 1959–66 უნ-ტის 68 პროფესორს მიენიჭა სა­ქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწის წოდება. XX ს. 60–70-იან წლებში შეიქმნა ახ. ფაკ-ტები, სასწ. და დამხმარე დაწესებულებები; განვითარდა თსუ-ის კავშირი სსრკ-ის და საზღვარგარეთის უნ-ტებთან. 1978 თსუ-ში იყო 18 სასწ. ფაკ-ტი: მექანიკა-მათ.; კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათ.; ფიზ.; ქიმ.; გეოგრ.-გეოლ.; ბიოლ.; ფილოს. და ფსიქოლ.; ისტ.; ფილოლ.; ჟურნალისტიკის; აღმოსავლეთმცოდნეობის; დას.-ევროპული ენებისა და ლიტ-რის; ეკონ.; ვაჭრობის ეკონ. და საქონელმცოდნეობის; სახ. მეურნეობის დაგეგმვის; სააღრიცხვო-ეკონომიკის; საინჟ.-ეკონომიკის; იურიდ. (სულ 44 სპეციალობა, 54 სპეციალიზაცია); უმაღლესი და საშ. სპეც. სასწავლებლების მასწავლებელთა და წარმო­ების ხელმძღვანელთა კვალიფიკაციის ამაღლების 3 ფაკ-ტი; საზ. პროფესიათა ფაკ-ტი; მოსამზადებელი განყ-ბა; სწავლობდა 16 ათ-ზე მეტი სტუდენტი, ფუნქციონირებდა 131 კათედრა, მუშაობდა 1411 პროფესორ-მასწავლებელი; 1920–78 წლებში 4000 მაძიებელმა დაიცვა დისერტაცია (724 სადოქტორო, 3276 საკანდიდატო). თსუ-ის სამეცნ. ფუნდამენტური ბ-კის ფონდში იყო 2,3 მლნ. საბიბლიოთეკო ერ­თე­ული; მას ექვემდებარებოდა 14 საფაკულტეტო და 2 კათედრის ბ-კა.

1988 ეკონ. პროფილის 5 ფაკ-ტის რეორგანიზაციის შედეგად დარჩა ამ პროფილის 3 ფაკ-ტი. 1988 წ. 1 იანვრის­თვის უნ-ტის პროფესორ-მასწავლებელთა ­შორის იყვნენ სა­­ქართვ. მეცნ. აკად. 12 აკადემიკოსი და 26 წ.-კორ., 2 ლენინური და სსრკ სა­ხელმწ. პრემიის ლაურეატი, 187 პროფესორი, 183 მეცნ. დოქტორი, 768 მეცნ. კანდიდატი, 675 დოცენტი.

1989 უნ-ტს მიენიჭა მისი დამაარსებლის – ივანე ჯავახი­შვილის სახელი. 1990 სექტემბერში თსუ-ის დიდი სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით, უნ-ტში ნებადარ­თულ იქნა სწავლების კერძო ფორმის არსებობა. 1991 თსუ-სთან დაფუძნდა კერძო თბილისის დამოუკიდებელი უნ-ტი. 1992 უნ-ტი გახდა ავტონ. უმაღლესი სასწავლებელი; მისი მართვის ორგანო იყო დიდი საბჭო, რ-მაც დაამტკიცა უნ-ტის წესდება. 1994 უნ-ტის დიდმა საბჭომ მიიღო „საუნივერსიტეტო განათლების კონ­ცეფცია”, რ-ის თანახმადაც უნ-ტი გადავიდა 2-საფეხურიან სწავლებაზე: პირველი – ბაკალავ­რიატი – კურსდამთავრებულს აძ­ლევს ზოგადსაუნივერსიტეტო და ზოგადსპეციალურ განათლებას (დასწრებულზე სწავლა იყო 4 წელი, ხოლო დაუსწრებელზე – 5,5 წელი). კურსდამთავრებულს სა­ხელმ­წიფო გამოცდების ჩაბარების შემდეგ ენიჭებოდა ბაკალავრის აკად. ხარისხი და ეძლეოდა შესაბამისი დიპლომი; მეორე საფეხური – მაგისტრატურა (2 წელი) ემსახუ­რება განსაზღვრულ სპეციალობაში ბაკალავრების დახელოვნებას და სამეცნ. მუ­შაობისათვის მომზადებას. სამაგისტრო ნაშრომის დაცვის შემდეგ კურსდამთავრებულს ენიჭებოდა მაგისტრის აკად. ხარისხი და ეძლეოდა ასპირანტურაში ჩაბარების უფლება. პირველი ბაკალავრები უნ-ტმა გამოუშვა 1996, პირველი მაგისტრები კი – 1998.

1997 უნ-ტში შეწყდა საღამოს სწავლების განყ-ბაზე მიღება. დაუსწრებელი სწავლება ფასიანი გახდა, 2003 კი გაუქმდა. უნ-ტის დასწრებული ფაკ-ტის სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ ძირითად პროფესიასთან ერთად ხელოვნ. და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკ-ტზე დაუფლებოდნენ შემდეგ სპეციალობებს: უცხო ენები, ჟურნალისტიკა, სამართალმცოდნეობა, საბაჟო საქმე, საგადასახადო საქმე, ხალხ. რეწვა, ფერწერა, გრაფიკა, ტანსაცმლის მხატვრული მოდელირება.

2001 წ. 13 ივლისს სა­ქართვ. პრეზიდენტის ბრძანებულე­ბით თსუ გახდა საჯარო სამართლის იურიდ. პირი, ამავე ბრძანებულებით დამტკიცდა თსუ-ის წესდება. 2001 თსუ იყო დიდი სასწ.-სამეცნ. კომპლექსი, სადაც მოქმედებდა სა­ხელმწ. და კერძო დაფინანსების სექტორები (დასწრებული და დაუსწრებელი სწავლების ფორმები); 22 სასწ. ფაკ-ტი (ბაკალავრიატში – 115 სპეციალობა, მაგისტრატუ­რაში – 174): მექანიკა-მათემატიკის; გამოყენებითი მათ. და კომპიუტერულ მეცნიერებათა; ფიზ.; ქიმ.; გეოგრ. და გეოლ.; ბიოლ.; ფილოს. და სოციოლოგიის; ფსიქოლ.; ისტ.; ფილოლ.; ჟურნალისტიკის; დასავლეთევროპული ენებისა და ­ლიტერატურის; აღმოსავლეთმცოდ­ნეობის; იურიდ.; საერთაშ. სამართლისა და საერთაშ. ურთიერთობების; ეკონ.; მენეჯმენტისა და მიკროეკონომიკის; კომერციისა და მარკეტინგის; საერთაშ. ბიზნესის; ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა; მედ. ფაკ-ტები; აგრეთვე – უმაღლესი სასწავლებლის მასწავლებელ­თა კვალიფიკაციის ამაღლებისა და დიპლომირებულ სპეციალისტთა გადამზადების ფაკ-ტი; 171 საფაკულტეტო და 2 საუნივერსიტეტო კათედრა; 84 სასწ. ლაბორატორია; 5 სასწ. ბაზა სა­ქართვ. სხვა­და­სხვა რეგიონში; 2 სამეცნ.-კვლ. ინ-ტი: ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათემატიკისა და მაღალი ენერგიების ფიზიკის; კლასიკური ფილოლ., ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის სასწ.-სამეცნ. ინ-ტი; 72 სამეცნ.-კვლ. ლაბორატორია და 14 სამეცნ.-კვლ. ცენტრი; ჯანდაცვის მეცნ. ცენტრი და უწყვეტი სამედ. განათლების დეპარტამენტი; საუნივერსიტეტო დაქვემდებარების თ. გეგელიას სახ. ფიზიკა-მათ. ინტერნატი (დაარსდა 1965, როგორც №2 სკოლა-ინტერნატი, 1966 ეწოდა ფიზიკა-მათ. სკოლა-ინტერნატი, 1967 მიენიჭა ვ. კომაროვის სახელი, 1989 ეწოდა ივ. ჯავახი­შვი­ლის სახ. თსუ-ის ფიზიკა-მათ. რესპ. საშ. სკოლა-ინტერნატი, რ-იც 1995-იდან თ. გეგელიას სახელობისაა; 2010-დან ეწოდება ვ. კომაროვის თბილისის №199 ფიზიკა-მათ. საჯარო სკოლა; ორგანიზაციულად ექვემდებარებოდა თსუ-ს და მისი ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა); №53 და N55 სკოლები, რ-თა მიზანი იყო სასწ. პროცესის მიახლოება საერთაშ. სტანდარტებთან, ამასთან, თსუ სტუდენტთა პედ. პრაქტიკის ბაზა იყო; საუნივერსიტეტო კათედრები კურირებდნენ სკოლების საგნობრივ-მეთოდურ გაერთიანებებს; სკოლების სასწ. გეგმებსა და პროგრამებს ამტკიცებდა საუნივერსიტეტო საბჭო; ორგანიზაციულად სკოლები ექვემდებარებოდა თბილ. მერიის განათლების სამმართველოს. უნ-ტში ფუნქციონირებდა ლიცეუმი, კოლეჯი „ჰარმონია”, აგრეთვე სპეციალიზებული მოსამზადებელი განყ-ბა. თსუ-ში სულ სწავლობდა 30 ათ. სტუდენტი (ფილიალების ჩათვლით), ასპირანტურაში (129 სპეციალობა) – 722 ასპირანტი. სტუდენტთა პროფ. დაოსტატებას და აღზრდას ემსახურებოდა სამეცნ. და სამეცნ.-პედ. მომსახურე პერსონალი – 5,5 ათ. კაცი, მ. შ. სა­ქართვ. მეცნ. აკად. 34 აკადემიკოსი და 23 წ.-კორ.; თსუ-ს ჰქონდა ფილიალები (სოხუმი, მესხეთი, სიღნაღი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ფოთი, ქვემო ქართლი, ჯავახეთი). ფუნქციონირებდა 22 სადისერტაციო საბჭო საუნივერსიტეტო მეცნ. თითქმის ყველა დარგში.

2005-იდან უნ-ტში დაიწყო ძირეული რეფორმები. რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბ­და 6 ფაკ-ტი. ამავე წლიდან თსუ ჩაერთო ბოლონიის პროცესში. 2014-იდან დაემატა მე-7 ფაკ-ტი. 2014 თსუ-ში 18 ათ-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს (მ. შ., 14689 – ბაკალავრიატში; 561 – მედ. ფაკ-ტზე, ერთსაფეხურიან საგანმან. პროგრამაზე; 1998 – მაგისტრატურაში; 773 – დოქტორანტურაში; 92 – პროფ. უმაღლეს საგანმან. პროგრამაზე). თსუ-ის სტუდენტებს სწავლების სამივე საფეხურზე პროგრამების დიდ არჩევანს სთავაზობს: 50-ზე მეტ საბაკალავრო, 100-ზე მეტ სამაგისტრო და 60-ზე მეტ სადოქტორო პროგრამას. უნ-ტი ინარჩუნებს ტრად. ფუნდამენტურ დარგებს და ამავე დროს, ნერგავს და ავითარებს ახ. სპეციალობებს, რ-ებიც თანამედროვე ეპოქის მოთხოვნებს ითვალისწინებს. აქ ინტენსიურად გამოიყენება სწავლების თანამედროვე მეთოდები, მათ შორის, ელექ­ტრონული სწავლებაც.

თსუ-ში ხორციელდება შემდეგი საგანმან. პროგრამები: ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტი: საბაკალავრო პროგრამები (შესაბამისი კვალიფიკაციით) – ­ქართ. ფილოლოგია, ისტორია, არქეოლოგია, ფილოსოფია, ეთნოლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, კულტ. კვლევები, კავკასიოლოგია (ქართ., რუს.), ამერიკათმცოდნეობა, აღმოსავლეთმცოდნეობა (არაბისტიკა, ირანისტიკა, თურქოლოგია, ებრაისტიკა-არამეისტიკა), არმენოლოგია, ასირიოლოგია (აღმოსავლეთმცოდნეობის ბაკალავრი), ფილოლოგია: ინგლ., გერმ., ფრანგ., ესპ., იტალ., კლასიკური, ბიზანტ., ახ. ­ბერძნ., რუს. (ქართ., რუს.), სკანდინავიური; სახვითი ხელოვნება, ტელეკინოხელოვნება; ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტი: საბაკალავრო პროგრამები (შესაბამისი კვალიფიკაციით) – მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, კომპიუტერული მეცნიერება (ქართ., ფრანგ.), გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია, გეოგრაფია, გეოლოგია, ელექტრონიკა, ეკოლოგია; სოც. და პოლიტ. მეცნიერებათა ფაკ-ტი: საბაკალავრო პროგრამები (შესაბამისი კვალიფიკაციით) – საზ. გეოგრაფია, სოციოლოგია, სოც. მუშაობა, პოლიტ. მეცნიერებები, საერთაშ. ურთიერთობები, ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია. ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტი: საბაკალავრო პროგრამები (შესაბამისი კვალიფიკაციით) – ეკონომიკა, ბიზნესის ადმინისტრირება, ტურიზ­მი; მედ. ფაკ-ტი: საბაკალავრო პროგრამები (შესაბამისი კვალიფიკაციით) – მედიცინა (დიპლომირებული ექიმი), სტომატოლოგია, ოკუპაციური თერაპია; იურიდ. ფაკ-ტი: საბაკალავრო პროგრამები (შესაბამისი კვალიფიკაციით) – სამართალი, საერთაშ. სამართალი. ფსიქოლ. და განათლების მეცნიე­რებათა ფაკ-ტი: საბაკალავრო პროგრამები (შესაბამისი კვალიფიკაციით) – ფსიქოლოგია, განათლება.

თსუ აგრეთვე ახორციელებს ქართ. ენაში მომზადების საგანმან. პროგრამებს აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი და აფხაზურ­ენოვანი მოსახლეობისათვის.

სა­ხელმწ. სასწ. გრანტის მქონე სტუდენტების (როგორც ბაკალავრიატში, ასევე მაგისტრატურაში) რაოდენობის მიხედვით, სა­ქარ­თველო­ში თსუ პირველ ადგილზეა.

თსუ, ტრადიციულად, სა­ქართვე­ლოს ერთ-ერთი უპირველესი სამეცნ.-კვლ. დაწესებულებაა, ყოველწლიურად აქ 150-მდე ადგილობრივი და საერთაშ. მასშტაბის სამეცნ. საგრანტო პროექტი ხორციელდება. თსუ-ს ქართ. უმაღლეს სასწავლებლებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს გრანტების, ციტირების ინდექსის, იმპაქტ-ფაქტორის მხრივ. წარმატებით გრძელდება უცხ. სა­განმან.-სამეცნ. ცენტრებთან თა­ნამ­შრომლობის ტრადიციაც. თსუ 1998-იდან ევრ. უნ-ტების ასო­ციაციის წევრია. დაარსებიდან დღემდე თსუ-ს 200-მდე უცხ. უმაღლეს სასწავლებელთან და საგანმან. ცენტრთან აქვს გაფორმებული სათანამშრომლო ხელშეკრულება. ამჟამად საზღვარგარეთის 18 უნ-ტთან ხორციელდება გაცვლითი პროგრამები, რ-თა ჩარჩოებში ქართველი ახალგაზრდები მიემგზავრებიან საზღვარგარეთ, ამავდროულად, თსუ-ში განათლებას იღებს სხვა ქვეყნების 200-ზე მეტი მოქალაქე. ხორციელდება არაერთი უცხოენოვანი პროგრამა.

თსუ დაარსების პირველსავე წელს საპატიო დოქტორად აირჩიეს გამოჩენილი ხელოვნებათმცოდნე ნ. კონდაკოვი. დღემდე ეს საპატიო წოდება მსოფლიოში გამოჩენილ შვიდ ათეულზე მეტ მეცნიერსა და საზ. მოღვაწეს მიენიჭა.

თსუ-ში სტუდენტთა სწავლისა და პროფ. განვითარების საქმეს ემსახურება 11 სასწ. კორპუსი, სტუდქალაქი, სა­ქარ­თვე­ლო­ში ყველაზე მდიდარი საუნივერსიტეტო ბ-კა, ოთხი რესურსცენტრი, გამომცემლობა, კულტ. და სპორტის ცენტრი, 7 მუზეუმი, 2 გაზეთი. სტუდენტებს ყველა პირობა აქვთ შექმნილი, თვითმმართველობისა თუ სამეცნ. საზოგადოებების მეშვეობით, აქტ. მონაწილეობა მიიღონ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის მუზეუმი.

თბილისის სა­ხელმ­წი­ფო უნივერსიტეტის მუზეუმები - მოიცავს 7 სხვა­და­სხვა პროფილის მუზეუმს: უნ-ტის არქეოლ., გეოგრ., ზოოლ., ისტორიის, მინერალოგიის, პალეონტოლ. და ­ქართ. ემიგრაციის მუზეუმებს.

ა რ ქ ე ო ლ. მუზეუმი – დაარსდა 1967 ო. ჯაფარიძის მიერ შექმნილი არქეოლ. კაბინეტის ბაზაზე. მდიდარ და მრავალფეროვან ფონდებში წარმოდგენილია არქეოლ. ექსპონატების კოლექციები, რ-ებიც მოიცავს პერიოდს ქვის ხანიდან გვიანდ. შუა საუკუნეებამდე.

გ ე ო გ რ. მ უ ზ ე უ მ ი – დაარსდა 1958 გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტზე, რ-იც თანდათან ივსებოდა გეოგრ. საზ-ბის მიერ გადმოცემული მასალებით. ფონდში დაცულია ს.-ს. ორბელიანის კუთვნილი მსოფლიო ატლასი, ა. ჯავახი­შვი­ლის მიერ შექმნილი სა­ქართვ. რელიეფური რუკა და სხვა მხა­რეთა რელიეფური რუკები, უნიკალური ფოტომასალა, კულტ.-ისტ. ღირებულების მქონე კარტოგრაფიული მასალა და სხვ.

ზ ო ო ლ. მ უ ზ ე უ მ ი – ­დაარსდა 1946 და მოიცავს 5000-მდე ექსპონატს: უნიკალურ მარჯნის პოლიპებს, პეპლებს, ხოჭოებს, მოლუსკებს, ამფიბიებს, ქვეწარმავლებს, ძუძუმწოვრებს და სხვ. მუზეუმში წარმოდგენილ ფრინველ­თა კოლექცია უნიკალურია იმ თვალსაზრისით, რომ იგი მთლიანად ასახავს სა­ქარ­თვე­ლო­ში ბინადარ და გადამფრენ ფრინველთა ყველა სახეობას.

ი ს ტ. მ უ ზ ე უ მ ი – დაცულია თსუ-ის დაფუძნებასა და განვითარებასთან დაკავშირებული ხელნაწერები, ფოტომასალა, რარიტეტული გამოცემები, უნ-ტის დამაარსებელთა მემორიალური ნივთები, პროფესორთა პირადი ფონდები, საიუბილეო საჩუქრები, ფერწერული ნამუშევრები (ი. ფარჯიანის, ლ. ჭოღო­შვი­ლის, ე. კალანდაძისა და სხვათა ტილოები).

მინერალოგიის მუზეუმი – 1919 დააარსა ა. თვალჭრელიძემ. იგი კოლექციების უნიკალურობით და მრავალფეროვნებით ერთადერთია არა მხო­ლოდ სა­ქართვე­ლო­ში, არამედ მთელ სამხრ. კავკასიაში. მუზეუმში დაცულია სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­და­სხვა რეგიონიდან, საბჭოთა კავშირისა და ევრ. ქვეყნებიდან, აგრეთვე კერძო პირებისაგან გადაცემული თუ შეძენილი 7000-მდე ექსპონატი.

პ ა ლ ე ო ნ ტ ო ლ. მუზეუმი – შეიქმნა 1924 ა. ჯანელიძის ძალისხმევით, მუზეუმის ფონდებში დაცულია ჩრდ. კავკასიის, სამხრ. კავკასიის, საფრანგეთისა და ესპანეთის რეგიონებიდან ჩამოტანილი ნამარხი ორგანიზმების მდიდარი კოლექცია.

­ქ ა რ თ. ე მ ი გ რ ა ც ი ი ს მუზეუმი – შეიქმნა 1994 გ. შარაძის პირადი ფონდის ბაზაზე. მუზეუმში დაცულია თითქმის ყველა კონტინენტიდან ჩამოტანილი უნიკალური ემიგრანტული ლიტ-რა, პერიოდული გამოცემები, ემიგრანტთა პირადი არქივები, ფოტო, აუდიო და ვიდეო არქივები, რადიო „თავისუფლების” გადაცემების აუდიო ჩანაწერები, ემიგრანტთა მემორიალური ნივთები, ფერწერული ტილოები, ვ. ნოზაძის პარიზული ქართ. სტამბა და სხვ. 80-ზე მეტ პირად არქივს შორის ინახება ნ. ჟორდანიას, ნ. რამი­შვი­ლის, ა. ჩხენ­კელის, ე. გეგეჭკორის, ვ. ნოზაძის, გ. რობაქიძის, მ. წერეთლის, ე. თაყაი­შვი­ლის, ზ. ავალი­­შვი­ლის, შ. მაღლაკელიძის, გ. მაჩაბლის, გ. გვაზავას, კ. სალიას და სხვათა არქივები, ასევე უნიკალური ფოტოარქივი, რადიო „თავისუფლების” მიერ 40 წლის განმავლობაში გაშვებული გადაცემების ჩანაწერები, რ-ებზეც შემონახულია გ. რობაქიძის, ვ. ნოზაძის, ნ. ჟორდანიას, მ. წერეთლის, გ. კვინიტაძის და სხვ. ცნობილ ემიგრანტთა ხმები.

მ ე მ ო რ ი ა ლ უ რ ი  ფ ო ნ დ ი – დაცულია ნ. ჟორდანიას, კ. ჩხენკელის, ვ. ნოზაძის პირადი ნივთები; გ. რობაქიძის, ა. წერეთლის, გ. კობახიძის ფერწერული პორტრეტები, სულ 3000-ზე მეტი ექსპონატი. მუზეუმის მუდმივი ექსპოზიცია განთავსებულია მხატვარ კ. გურულის მიერ შექმნილ სტენდებსა და ვიტრინებში.

თსუ სა­ქართვ. მთავარი კვლევითი სასწავლო ცენტრია, რ-საც ყველაზე მაღალი სამეცნ.-კვლ. მაჩვენებელი აქვს, ის დღესაც სამართლიანად ინარჩუნებს სა­­ქართვ. წამყვან საგანმან. და სამეცნ. დაწესებულების სახელს.

თსუ-ის რექტორები: პ. მელიქი­­შვი­ლი (1918/I – 1919/XI), ი. ჯავახი­შვი­ლი (1919/XI – 1926/ VI), თ. ღლონტი (1926/XI – 1928/IX), მ. ტოროშელიძე (1928/IX – 1930/IX), ი. ვაშაყმაძე (1930–31)*, ა. ერქომაი­შვილი (1931–32)*, ლ. აღნია­შვი­ლი (1933–35), კ. ორაგველიძე (1935– 37), გ. კიკნაძე (1937–38), დ. ყიფშიძე (1938–42), ა. ჯანელიძე (1942–45), ნ. კეცხოველი (1945– 53), ი. ვეკუა (1953/VII–1953/ IX), ე. ბურჭულაძე (1953–54), ვ. კუპრაძე (1954–58), გ. ძოწენიძე (1958–59), ე. ხარაძე (1959–66), ი. ვეკუა (1966–72), დ. ჩხიკვი­შვი­ლი (1972–80), ვ. ოკუჯავა (1980–85), ნ. ამაღლობელი (1985–91), თ. გამყრელიძე (1991/VIII; რექტორის მოვალეობის შემსრულებელი), რ. მეტრეველი (1991–04), გ. ხუბუა (2004–10), ა. კვიტა­შვი­ლი (2010– 13), ვ. პაპავა (2013-იდან).

ლიტ.: გაიპარაშვილი ზ., უნივერსიტეტი, თბ., 2011 (ქართულ და ინგ­ლისურ ენებზე).

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა გრი­გოლ წერეთლის სახელო­ბისა, სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთი უდიდესი ბიბლიოთეკა; საფუძველი ჩაეყარა 1918, თბილ. უნ-ტის დაარსებისთანავე. პირველ ხანებში მისი ფონდი იქმნებოდა მხო­ლოდ კერძო პირებისა და დაწესებულებების შემოწირულობის გზით; აქ თავი მოიყარა სა­ქართვ. ეკლესია-მონასტრების, სამთო სამმართველოს, კავკ. საცენზურო კომიტეტის, ქართ. გიმნაზიის, სა­ქართვ. საისტორიო-საეთნოგრაფიო საზ-ბის, თბილ. სას. სემინარიის, პირველი და მეორე გიმნაზიების, ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის წიგნების ფონდებმა, პ. მელიქი­შვი­ლის, ა. ცაგარლის, ვ. პეტრია­შვი­ლის, ს. კლდია­შვილის, პ. იოსელიანის, დ. ბაქრაძის, დ. სარაჯი­შვი­ლის, ა. ჯაბადარის, კ. აბაშიძის, გ. ზდანევიჩის, თ. ჟორდანიას, ჯ. ო. უორდროპის წიგნების პირადმა კოლექციებმა; ივ. ჯავახი­შვი­ლი მიუთითებდა, რომ მოკლე დროში (1918–20) შეიქმნა „კარგი მოწყობილი წიგნსაცავი”. 1938-იდან ეწოდა ფუნდამენტური ბ-კა, ხოლო 1950-იდან – სამეცნ. ბ-კა, 2005-იდან უნ-ტის ბ-კა, სადაც თავმოყრილია მხატვრული, სამეცნ. და სასწ. ლიტ-რა, დაცულია იშვიათი გამოცემები: XVII–XVIII სს. ასზე მეტი ქართ. წიგნი, დაბეჭდილი მოსკოვში, პეტერბურგში, რომში, პარიზში, სტამბოლში, კრემენჩუგში, მონტობანში და სხვ. მ. შ. პირველი ქართ. წიგნი „ქართული ანბანი ლოცვებითურთ” (1629, რომი), მ. მაჯოს მიერ შედგენილი „გრამატიკა” (1670), არჩილ მეფის მიერ გამოცემული „დავითნი”, ვახტანგ VI-ისეული „ვეფხისტყაოსანი”, პირველი ქართ. გაზეთი „სა­ქართვე­ლოს გაზეთი” (1819) და სხვ. უძველეს გამოცემათა შორის არის 1484 ლიუბეკში გამოცემული ინკუნაბული (პირველნაბეჭდი წიგნი 1401-მდე, რ-იც გარეგნულად ხელნაწერს ჰგავს) – ორნაწილიანი „ცხოვრება წმინდა იერონიმესი”. ბ-კა ხელმძღვანელობს თსუ-ის საფაკულტეტო, საკათედრო და ლაბორატორია-კაბინეტების ბ-კებს; არის სა­ქართვ. უმაღლესი სასწავლებლების ბ-კების მეთოდური ცენტრი. 2013 ბიბლიოთეკის ფონდში იყო დაახლ. 4 მლნ. დაცვითი ერ­თე­ული, წიგნგაცვლას აწარმოებდა სა­ქართვ. ფარგლებში, ჰქონდა ურთიერთობა 36 ქვეყნის 600 ორგანიზაციასთან.

ბიბლიოთეკამ გამოაქვეყნა „თბილისის სა­ხელმ­წი­ფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკა, 1918–60 წწ.” ცნობარი; „თბილისის უნივერსიტეტის გამოცემები – 1919–60 წწ.”; „თბილისის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა ავტორობით გამოსული სასწავლო ლიტერატურის ბიბლიოგრაფიული საძიებელი. 1918–1960 წწ.”; „თბილისის უნივერსიტეტში დაცული დისერტაციების ბიბლიოგრაფია. 1920–26 წწ.”; „თბილისის სა­ხელმ­წი­ფო უნივერსიტეტის შრომების ბიბლიოგრაფია”, რ-იც 5-წლიანი ნაკვეთების სახით (1919–60, 1960–65 და ა. შ.) გამოდის (1961-იდან), აგრეთვე ივ. ჯავახი­­შვი­ლის, კ. კეკელიძის, ა. შანიძის, ნ. ბერძენი­შვი­ლის, შ. ნუცუბიძის, ფ. გოგიჩაი­შვი­ლის შრომათა ბიბლიოგრაფიული საძიებლები.

უნ-ტის ბ-კა განლაგებული იყო თსუ-ის I კორპუსში, 1986 გადავიდა საბურთალოს საუნივერსიტეტო კომპლექსში, 8-სართულიან შენობაში, რ-იც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია 5 მლნ. დაცვით ერთეულზე და ერთდროულად 1276 მკითხველს ემსახურება.

თსუ-ის ფუნდამენტური ბ-კის გამგეები: გ. ახვლედიანი (1918 იანვ.-დეკ.), ა. შანიძე (1918 დეკ.– 1920), ს. გორგაძე (1919 დეკ.), გ. ბაქრაძე (1920–22, გამგის მოვალეობის შემსრულებელი).

თსუ-ის ფუნდამენტური ბ-კის დირექტორები: გ. წერეთელი (1922–31), შ. ნუცუბიძე (1931–35), ნ. უკლება (1936–37), ბ. ახალაძე (1937–38), ს. ბოკუჩავა (1939– 41), ი. ციცი­შვი­ლი (1941–45), ვ. მგალობლი­შვი­ლი (1945–53), შ. გეგეშიძე (1953–54), გ. ხუცურა­­შვი­ლი (1954–57), ა. კასრაძე (1957–58, დირექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებელი), დ. მარკევიჩი (1958–62), გ. აბაშიძე (1963–74), შ. აფაქიძე (1974–2005), გ. შათირიშვილი (2005–06), მ. რაზმაძე (2007–08, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, 2009–10 – დირექტორი), ზ. გაიპარაშვილი (2010-იდან). ზ. გაიპარაშვილი.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა (თსუგ), დაარსდა 1933 წლის 4 მაისს. 1918, ივ. ჯავახი­შვი­ლის თაოსნობით შეიქმნა საგამომცემლო კომისია ა. შანიძის და ს. ყაუხჩი­შვი­ლის შემადგენლობით, რ-საც სხვა­და­სხვა დროს ხელმძღვანელობდნენ კ. კეკელიძე, გ. ახვლედიანი, ა. რაზმაძე, ს. ყაუხჩი­­შვი­ლი და სხვ. თსუ-ის გრიფით პირველი წიგნი (ლ. ყანჩაველის დამხმარე სახელმძღვანელო ბოტანიკაში) გამოვიდა 1919. ამავე დროს დაისტამბა „ტფილისის უნივერსიტეტის მოამბის” პირველი ტომი სამ ნაკვეთად. 1920-იდან დაიწყო თსუ-ის „შრომების” გამოცემა. 1923 მაისში გაიხსნა სტამბა – ლითოგრაფია. საუნივერსიტეტო სტამბის დაარსებაში დიდი წვლილი შეიტანა შ. ნუცუბიძემ, რ-იც იმხანად თსუ-ის პრორექტორი იყო სამეცნ. მუშაობის დარგში.

თსუგ-ის დაარსებისას პირველ პასუხისმგებელ მდივნად დაინიშნა ე. წულაძე; 1933 წ. 29 მაისს შეიქმნა საგამომცემლო საბჭო თსუ-ის რექტორის, ლ. აღნია­შვილის მეთაურობით. იმავე წელს გამოიცა სამი წიგნი.

თსუგ-ის დირექტორები იყვნენ - გ. თოდუა, ა. გაბესკირია. 1941 გამოიცა სამეცნ. ნაშრომები: ვახუშტი ბატონი­შვი­ლის „სა­ქარ­თველოს გეოგრაფია”, კ. კეკელიძის „ძველი ქარ­თუ­ლი ლიტერატურის ისტორიის” პირველი ტომი, მ. გოგიბერიძის „ფილოსოფიის ისტორია” და ა. შ.

რესკუბლიკაში საგამომცემლო საქმიანობის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, 1963 თსუ-ის გამომცემლობა გაუქმდა, მუშაობდა მხო­ლოდ სარედაქციო-საგამომცემლო ჯგუფი. 1965 გამომცემლობა ­კვლავ აღდგა, რ-ის დირექტორად დაინიშნა ვ. გამყრელიძე. მის სა­ხელთანაა დაკავშირებული ისეთი მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნი ნაშრომების გამოცემა, როგორებიცაა: კ. ბაქრაძის ათტომეული (ექვსი ტომი ქართულად, ოთხი ტომი რუსულად), ს. დანელიას ოთხტომეული, ივ. ჯავახი­შვი­ლის „თხზულებანი”, ა. შანიძის მრავალტომეული და სხვ. 1991 თსუგ-ის დირექტორად ნ. ბერძენი­შვი­ლი დაინიშნა; ამ პერიოდში გაგრძელდა „უნივერსიტეტის შრომების”, სახელმძღვანელოებისა და საცნობარო ლიტ-რის გამოცემა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია: „ქარ­თუ­ლი დიპლომატია” (წელიწდეული, თექვსმეტი ტომი), „ქარ­თუ­ლი დიპლომატიის ისტორიის ნარკვევები” (ორტომეული), „ქარ­თუ­ლი დიპლომატიური ლექსიკონი” (ორტომეული) და „ივანე ჯავახი­შვი­ლის ენციკლოპედიური ლექსიკონი”. 2006 წ. 1 აპრილიდან უნ-ტში მიმდინარე რეფორმასთან დაკავშირებით, გამომცემლობა გაუქმდა, ოქტომბრიდან იგი ჩამოყალიბდა უნ-ტის ორგანიზაციული სტრუქტურის ერთეულად. ამ დროიდან 2008 წ. აპრილამდე თსუგ-ის დირექტორი იყო ნ. წიკლაური, 2008-იდან დღემდე – თ. ებრა­ლიძე. ამ პერიოდში გამოიცა: „ივირონის აქტები” (ოთხ ტომად), მ. ჩუხუას „იბერიულ-იჩქერიულ ენათა შედარებითი გრამატიკა”, მ. წერეთლის „გილგამეშიანი”, ლ. ალექსიძის „საერთაშორისო სამართალი და საქართველო”, პ. პაკტესა და ფ. მელენ-სუკრამანანის „კონსტიტუციური სამართალი” და სხვ. თსუგ-ში დაიბეჭდა თ. გამყრელიძის სამეცნ. შრომების დიდი ნაწილი: „ინდოევროპული ენა და ინდოევროპელები”, I–II, 1984 (თანაავტ. ვ. ივანოვი; რუს. ენაზე); „წერის ანბანური სისტემა და ძველი ქართული დამწერლობა” (1990); „რჩეული ქართველოლოგიური შრომები” (2000); „თეორიული ენათმეცნიერების კურსი” (თანაავტ.; 2003, II გამოც. – 2008); „ენა და ენობრივი ნიშანი” (2008); „რჩეული წერილები და გამოსვლები” (2014). ამჟამად თსუგ ივ. ჯავახი­შვი­ლის სახ. თსუ-ის შემადგენელი ნაწილია.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი 1989 წ. 14 მაისს გამოეყო აფხაზეთის უნივერსიტეტს და 1993 წ. 14 ნოემბერს ფუნქციონირება დაიწყო თბილისში. ფილიალში იყო სა­ხელმწ. და კერძო დაფინანსების სექტორები, სწავლების დღის დასწრებული და დაუსწრებელი ფორმები.

2000 მის შემადგენლობაში იყო ფაკ-ტები: ფილოლ. [­ქართ. ენა და ლიტ-რა, საზღვარგარეთის ენა და ლიტ-რა (ინგლ., რუს., გერმ. ენა და ლიტ-რა)]; ისტ.-იურიდ. (ისტორია, დიპლომატიისა და საერთაშ. ურთიერთობათა ისტორია. პოლიტოლოგია, სამართლისმცოდნეობა); ფიზ. (ფიზიკა, ფიზ. ინფორმატიკა); მათ. და კომპიუტერულ მეცნ. (მათემატიკა, ინფორმატიკა, გამოყენებითი მათემატიკა); ბიოლ. (ბიოლოგია, ბიომედიცინა, ეკოლოგია, გენეტიკა); საბუნებისმეტყველო (გეოგრაფია, ქიმია, ქიმ. ექსპერტიზა, ნავთობის ქიმია); ეკონ. (მიკრო და მაკროეკონომიკა, აღრიცხვა, კონტროლი, აუდიტი; საერთაშ. ეკონ. ურთიერთობანი); პედ. (დაწყებითი სწავლების პედაგოგიკა და მეთოდიკა, სკოლამდელი აღზრდის პედაგოგიკა და ფსიქოლოგია, ფიზ. აღზრდა); სულ სწავლობდა 5,9 ათ. სტუდენტი, ასწავლიდა 483 პროფესორ-მასწავლებელი. თ. ს. უ. ს. ფ-ის რექტორები იყვნენ: ფ. ტყებუჩავა (1989–93), ო. ჟორდანია (1993–2005), რ. კაკუბავა (2005–06), ა. შანავა (2006–07), ჯ. აფაქიძე (2007). 2007 წ. 31 ივლ. თ. ს. უ. ს. ფ. გარდაიქმნა სოხუმის სა­ხელმწ. უნივერსიტეტად (საჯარო სამართლის იურიდ. პირი). იხ. სოხუმის სა­ხელმ­წი­ფო უნივერსიტეტი.

ო. ჟორდანია