თბილისის სომხური სახელმწიფო დრამატული თეატრი

თბილისის სომხური სახელმწიფო დრამატული თეატრი

თბილისის სომხური სახელმწიფო დრამატული თეატრი პეტროს ადამიანის სახელობისა, დაარსდა თბილისში 1921, თუმცა სცენისმოყვარეთა წარმოდგენები სომხურ ენაზე იმართებოდა ჯერ კიდევ 1856-იდან მ. ჩიმიშკიანის ხელმძღვანელობით. მასთან აღიზარდა გამოჩენილ მსახიობთა რამდენიმე თაობა. პირველ თაობას წარმოადგენდნენ მსახიობები: გ. აბრიკიანი, ა. სუკიასიანი, ა. მანდინიანი, აგრეთვე პ. ადამიანი, სირანუიში, ი. ჰრაჩია და სხვ. პირველი რეჟისორები იყვნენ: ს. ქაფანაკანიანი, თ. სევუმიანი, ლ. ქალანთარი და სხვ. სწორედ ლ. ქალანთარის მეცადინეობით 1921 ჩამოყალიბდა ახლანდელი თეატრი, რ-საც ამავე წელს მიენიჭა სა­ხელმწ. თეატრის სტატუსი. თეატრში მოღვაწეობდა სომხ. რეალისტური დრამატურგიის ფუძემდებელი გ. სუნდუკიანი. 1927–28 თეატრ. სეზონს ხელმძღვანელობდა ცნობილი ტრაგიკოსი მსახიობი ვ. ფაფაზიანი. იდგმებოდა სომეხი, ქართველი, რუსი და ევროპელი კლასიკოსების ნაწარმოებები. 1955 თეატრს მიენიჭა ს. შაუმიანის სახელი. სხვადასხვა დროს თეატრში მოღვაწეობდნენ მსახიობები: ო. მაისურიანი, ო. გულაზიანი, ვ. ფაფაზიანი, ა. არმენიანი, გ. და მ. ბეროიანები, გ. ნერსესიანი, ა. ლუსინიანი, ლ. ამირბეკიანი, ფ. აკოფიანი, ა. ჟამკოჩიანი, ს. ელიაზარიანი, ს. სოსიანი და სხვ. რეჟისორები – ა. ბურჯალიანი, ს. ქაფანაკანიანი, ა. აბრამიანი, ვ. ბჟიკიანი, რ. ჩალტიკიანი და სხვ. სომეხ და ქართველ თეატრის მოღვაწეთა შორის არსებობდა გარკვეული ურთიერთთანამშრომლობა – 1875 სომეხმა მსახიობმა გ. ჩიმიშკიანმა მთავარი როლი შეასრულა ქარ­თული თეატრის სპექტაკლ „პეპოში”, სომხ. თეატრის განვითარებაში სომეხ მოღვაწეებთან ერთად დიდი წვლი­ლი შეიტანეს ქართველმა მსახიობებმა: ვ. აბაშიძემ, ნ. გოცირიძემ, გ. დარისპანაშვილმა. სპექტაკლები დადგეს რეჟისორებმა: დ. ანთაძემ, დ. ალექსიძემ, გ. ჟურულმა, გ. ლორთქიფა­ნიძემ, ვ. გოძია­შვი­ლმა, ს. ჭელიძემ, ლ. პაქსაშვილმა. სპექტაკლებს აფორმებდნენ მხატვრები: პ. ოცხელი და ი. გამრეკელი; კომპოზიტორები: ა. ბალანჩივაძე, შ. მშველიძე, ვ. აზარა­შვი­ლი, გ. ყანჩელი. 1993 თეატრს მიენიჭა პეტროს ადამიანის სახელი. თეატრის საუკეთესო დადგმებია: ა. შირვანზადეს „ნამუსი” (1922, 2000), გ. სუნდუკიანის „პეპო” (1922), ს. შანშია­შვილის „არსენა” (1939), შ. დადიანის „ნაპერწკლიდან” (1939), მ. მრევლი­შვი­ლის „ზვავი” (1956), ნ. დუმბაძის და გ. ლორთქიფანიძის „მე ვხედავ მზეს” (1975), ა. შირვანზადეს „მორგანის მძახალი” (1978), ა. ცაგარლის „ხანუმა” (1995), ჟ. კოქტოს „ადამიანის ხმა” (1997), ა. ცაგარლის და ქ. ბახუტა­შვი­ლის „ძველი ვოდევილები” (1999), უ. შექს­პი­რის „ოტელო” (1999), დ. დემირჭიანის „მამაცი ნაზარი” (2000), მ. ფ. ახუნდოვის „ხათაბალა” (2006), გ. ერისთავის „უჩინმაჩინის ქუდი” (2012), ა. აივაზიანის „დიპლიპიტო” (2013) და სხვ.

თეატრის დასში მოღვაწეობენ (2014) მსახიობები: რ. ოგანესიანი, ს. შეკოიანი, ფ. აგაჯანიანი, ფ. ხაჩატუროვი, მ. ბარსეგიანი, ლ. მკრტიჩიანი, ე. ხაჩატუროვა, ს. ეღიაზარიანი, ჟ. კარაპეტიანი; რეჟ. და მსახიობი ლ. უზუნიანი; რეჟ. – რ. მათია­შვი­ლი, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია ა. ბაიანდურიანი.

თეატრში ფუნქციონირებს თეატრ. სტუდია. პ. ადამიანის სახ. თბილისის სა­ხელმწ. სომხ. დრამ. თეატრი ერთადერთი სომხური სახელმწ. თეატრია, რ-იც არსებობს სომხეთის საზღვრებს გარეთ.

მ. გოგოლა­შვი­ლი

ზ. სოფრომაძე