თბილისის ქვაბული

­თბილისის ქვაბული, მტკვრის ხეობა ზემო ავჭალიდან (ჩრდ-ით) ფონიჭალამდე (სამხრ-ით). სიგრძე დაახლ. 42 კმ, მაქს. სიგანე – 10 კმ. შემოსაზღვრულია: დას-იდან და სამხრ-იდან თრიალეთის ქედის განშტოებებით – საწკეპელას, მსხალ­დიდის, ლისის, მთაწმინდის, თაბორისა და თელეთის ქედებით; აღმ-იდან – ივრის ზეგნის ჩრდ.-დას. ნაწილით, ჩრდ-იდან – საგურა­მოს ქედის კალთებით. ქვა­ბულის ფსკერის დონე 350–450 მ ფარგლებში ცვალებადობს. კალთები ზოგან 600–1500 მ აღწევს. აგებულია უმთავრესად ზედაეოცენური ტერიგენული და ტუფოგენური ქანებით. სამხრ. ნაწილში არის შუა ეოცენის ვულკანოგენური წყება. მნიშვ­ნელო­ვა­ნი ფართობი უკავია მეოთხეულ (მდინარეულ და ტბიურ) დანალექებს. ქვაბულის ჩრდ. ნაწილი ალუვიური ვაკეა (დიღმის ვაკე). უფრო სამხრ-ით, ­მტკვრის ხეობაში, კარგადაა გამოხატული ტერასული საფეხურები, რ-ზეც გაშენებულია თბილისი. ქალაქს აღმ-ით, მდ. ­მტკვრის პარალელურად, მიუყვება ­მტკვრის ძვ. ხეობა, სადაც ადრე მცირე მლაშე ტბები იყო, ახლა კი, სამგორის სარწყავი სისტემის აგების შემდეგ, თბილისის ­წყალსაცავია. თ. ქ-ში მტკვარს მარჯვ­ნიდან ერთვის მდ-ები: დიღმის­წყალი, ვერე და წავკისისწყალი, მარცხნიდან – გლდანისხევი და ლოჭინისხევი. ტბებიდან აღსანიშნავია ლისისა და კუს ტბები. თ. ქ. ოდესღაც ტყით იყო შემოსილი, რ-იც ამჟამად შემორჩენილია მხო­ლოდ მთის კალთების მაღალ, ძნელად მისადგომ ნაწილებში. ქვაბულის ფსკერი კულტ. მცენარეულობას უჭირავს, გავრცელებულია აგრეთვე ჯაგეკლიანი სტეპი. აქა-იქ ტუგაის (ჭალის) ტყეებია.

ლ. მარუა­შვი­ლი