თბილისის ცენტრალური რკინიგზის ვაგზალი

თბილისის ცენტრალური რკინიგზის ვაგზალი XX ს. 70-იანი წლები

თბილისის ცენტრალური რკინიგზის ვაგზალი, თბილისის ვაგზალი. მისი ძირითადი დანიშნულებაა მგზავრების გადაყვანა და საბარგო გადაზიდვა. ორლიანდაგიანი მაგისტრალით ემსახურება სამტრედიის, ბაქოსა და ერევნის მიმართულებებს. შედგება მიმღებ-გამგზავნი ლიანდაგებისა და სარანჟირო ფარეხისაგან. ყოველწლიურად ემსახურება 3 მლნ-ზე მეტ მგზავრს. თბილ. რკინიგზის ვაგზალმა ფუნქციონირება დაიწყო 1872, როდესაც გაიხსნა ამიერკავკასიაში პირველი ფოთი–თბილისის რკინიგზა (ინგლ. ინჟ. პ. ბელი). შენობას რამდენჯერმე ჩაუტარდა რეკონსტრუქცია. 1952 ის კაპიტალურად გადააკეთეს – ააშენეს კოშკი მოოქრული შპილით (არქიტ. გ. ტერ-მიქელოვი). XX ს. 80-იანი წლების დასასრულს მოხდა ვაგზლის შენობის მთლიანი დემონტაჟი. მის ადგილას აღიმართა თვალსაჩინო, მსხვილმასშტაბიანი ნაგებობა თანამედროვე ტექნოლოგიით, ქალაქის ორივე მხა­რესთან კარგად დაკავშირებული მისასვლელებით (1988; არქიტექტორები: რ. ბაირამა­შვილი, ი. ყავლა­შვი­ლი, გ. შავდია, ა. ჯიბლაძე, ინჟ. შ. გაზა­შვი­ლი, სა­ქართვ. სა­ხელმწ. პრემია, 1992). 2006 თ. ც. რ. ვ., რ-იც მანამდე სააქციო საზ-ბა „სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგზას” ექვემდებარებოდა, 49-წლიანი იჯარით გადაეცა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას – სააქციო საზ-ბა „თბილისი ცენტრალს”. მანვე განახორციელა ვაგზლის სარეკონსტრუქციო-სამშ. სამუშაოები. ამავე შენობაში 2010 გაიხსნა ახ. თანამედროვე სავაჭრო ცენტრი „თბილისი ცენტრალი”, ხოლო 2014 – სასტუმრო.

XXI ს. 10-იანი წლების ბოლოდან მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა რკი­ნიგზის ვაგზლის მუშაობის ტექ.-ეკონ. მაჩვენებლები, გაიზარდა მოსახლეობის მომსახურების ხარისხი, დაინერგა სერვისის ახ. სახეები: ინტერნეტით, სწრაფი გადახდის აპარატით, ტერმინალით სამგზავრო ბილეთების შეძენა; 24-საათიანი საინფორმაციო მომსახურება; ვაგზალში დადგმულია კომპიუტერები, რ-ებიც რკინიგზის საერთო კომპიუტერულ ქსელშია ჩართული; ექსპლუატაციაშია ჩქაროსნული კომფორტული ელექტრომატარებლები (სადაც ფუნქციონირებს ინტერნეტი, დადგმულია სწრაფი კვების აპარატები), მოდერნიზებული ვაგონები და სხვ.

დ. გელაშვილი