თბილური დრამა, VIII–XIV სს. თბილისის ზარაფხანაში მოჭრილი ვერცხლის მონეტების აღმნიშვნელი ზოგადი ტერმინი. მათ რიცხვს მიეკუთვნება: 1. VIII–X სს. ომაიანთა და აბასიანთა დირჰემები. ერთ მხარეზეა მუსლიმური სარწმუნოებრივი სიმბოლო, ზარაფხანის სახელწოდება და მოჭრის თარიღი; მეორეზე – ზედწერილები ყურანის სურებიდან). 2. თბილისის ჯაფარიანი ამირების ვერცხლის ფული (შუბლზე რელიგ. ფორმულაა და ცნობები ზარაფხანისა და მოჭრის დროის შესახებ; ზურგზე – ხალიფისა და ჯაფარიანი ამირას სახელები). 3. XII ს. 30–40-იანი წლების პირველი ანონიმური მონღოლური მონეტები (მშვილდისა და მხედრის გამოსახულებით, წარწერით: „მონღოლთა დიდი ულუს-ბექი"). 4. მანგუ-ყაენის დირჰემები (შუბლზე, ცენტრში არაბული წარწერაა: „მანგუ-ყაანი, უზენაესი, სამართლიანი", გარშემო – მოჭრის ადგილი, ზურგზე – მაჰმადიანური სარწმუნოებრივი სიმბოლო, ზარაფხანა და მოჭრის თარიღი). 5. ყაანურები. 6. ქართ. ჰულაგუიანური დირჰემები. 7. ქართველ მეფეთა დრამები: დავით VI ნარინის (შუბლზე – ცხენოსანი მეფე, სახელის მონოგრამა, თარიღი ქორონიკონით; ზურგზე – დავითის სახელის შემცველი სპარს. ზედწერილი და მოჭრის ადგილი); დავით VII ულუს (შუბლზე – დავითის სახელის შემცველი არაბ. ზედწერილი და ზარაფხანის სახელწოდება; ზურგზე – მანგუ-ყაენის სახელის შემცველი ზედწერილი სპარსულად, მოჭრის თარიღი – არაბულად); დავით VIII-ის (შუბლზე – ყაზან-ყაენის სახელის შემცველი ლეგენდა, ზურგზე – ქრისტ. ლოცვა არაბულად: „სახელითა მამისათა, ძისათა და სულისა წმიდისათა, ღმერთისა ერთისა" და დავითის სახელის მონოგრამა ქართულად, გარშემო – მოჭრის თარიღი); ვახტანგ III-ის (შუბლზე – ყაზან-ყაენის სახელის შემცველი ოთხსტრიქონიანი უიღურული ზედწერილი, ზურგზე – ქრისტ. ლოცვა, ჯვარი და ვახტანგის სახელის მონოგრამა, გარშემო – თარიღი). 8. 1300–1355 მოჭრილი ილხანთა საერთო ჰულაგუიანური ტიპის დირჰემები (შუბლზე – ილხანის სახელი და ეპითეტების შემცველი ზედწერილი; ზურგზე – შიიტური სარწმუნოებრივი სიმბოლო, მოჭრის ადგილი და დრო).
ლიტ.: კ ა პ ა ნ ა ძ ე დ., ქართული ნუმიზმატიკა, თბ., 1969; Д ж а л а г а н и я И. Л., Из истории монетного дела в Грузии XIII в., Тб., 1958; П а х о м о в Е. А., Монеты Грузии, ч. 1, СПб., 1910.
ი. ჯალაღანია