თბილური ფულუსი

თბილური ფულუსი, ქარ­თული ფულუსი, სეფიანთა ირანის ანონიმური საქალაქო მონეტის მსგავსი სპილენძის ფული, იჭრებოდა XVII–XVIII სს. თბილ. ზარაფხანაში, სა­ქართვ. ­ცენტრ. ხელისუფლების მიერ. მონეტების მიმოქცევის არე იყო ქარ­თლისა და გარეკა­ხე­თის ტერიტორია. როსტომ მეფის დროს ერთ თ. ფ-ზე შაჰ სეფი I-ის სახელი გაჩნდა, როგორც თანადროულ ვერცხლის მონეტებზე. როდესაც სამეფომ მეტი დამოუკიდებლობა მოიპოვა, ფულუსზე ქართ. ასოებით თავისი სახელები მოათავსეს ქარ­თლის მმართველებმა – ვახტანგმა, სიმონმა, ბაქარმა. თ. ფ-ის ერთ მხა­რეზე რეალური ან ფანტასტიკური ცხოველი (ლომი, ირემი, ხარი, ცხენი, დრაკონი, ფარშავანგი, მარტორქა), მზე ან გემი იყო გამოსახული; მეორე მხა­რეზე – სპარს. წარწერა: „ფულუსი იჭედა თბილისს", წელი ჰიჯრით.

XVIII ს. შუა ხანებიდან თ. ფ-ზე თავიანთ სახელს ათავსებენ დამოუკიდებელი ქართლ-კა­ხე­თის მეფეები: თეიმურაზ II, თეიმურაზ II და ერეკლე II ერთად, ერეკლე II, გიორგი XII, ბატონი­­შვი­ლი დავით გიორგის ძე; მეორე მხა­რეზე, გარდა ცხოველებისა, ჩნდება შემდეგი გამოსახულებები: ბაგრატიონთა გერბი, ორთავიანი ან ერთთავიანი არწივი. თ. ფ-ზე ზოგჯერ წელი ქრისტ. წელთაღრიცხვით არის მითითებული. 1640-იდან 1801-მდე ფულუსის სამი ნომინალი იჭრებოდა – ბისთი, ნახევარი ბისთი და ბისთის მეოთხედი ფული.

ლიტ.: კ ა პ ა ნ ა ძ ე  დ., ქარ­თუ­ლი ნუმიზმატიკა, თბ., 1969; К у т е л и я  Т. С., Грузия и сефевидский Иран, Тб., 1979; П а х о м о в  Е. А., Вес и достоинство медной монеты Тифлиса XVII–XVIII вв. Отдельный оттиск, Баку, 1928.

თ. ქუთელია