„თბილქალაქმშენი“

„თბილქალაქმშენი“, დედა­ქალაქის მთავარი სამშენებლო ორგანი­ზაცია. შეიქმნა 1925. წლე­ბის განმავლობაში ­სხვა­და­სხვა სახელი ­ერქვა („ახალმშენი”, „სკოლმშენი”, „თბილმშენი”, „მთავართბილმშენი”). „თბილმშე­ნი” შეიქმნა 1935. 1947 მას შეუერთდა ტრესტი „ინჟმშენი”. 1957 „თბილმშენი” გადაკეთდა საცხოვრ. და სამოქალაქო მშენებლობის სამმართველოდ – „მთავართბილმშენად”, რ-საც 1959 ­გამოეყო „თბილგაზმშენი”. 1963-იდან „მთავართბილმშენი” სა­ქართვ. მშე­ნებლობის სამინისტროს შემადგენლობაში შევიდა; მას ევალებოდა ქალაქის მეურნეობის რეკონსტრუქცია, საცხოვრებელი, კულტ. და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტების მშენებლობა, დაგეგმარება და ა. შ. 30-იან წლებში აიგო „იმელისა” და ცირკის შენობები, ფუნიკულიორის ზედა პლატო, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ახლანდ. თავისუფლების მოედანსა და ბარათაშვილის აღმართს. განსაკუთრებით მასშტაბური სამუშაოები ჩა­ტარ­და II მსოფლიო ომის შემ­დგომ პერიოდში: აშენდა კინოთეატრი ს. შაუმიანის ქუჩაზე (ახლანდ. ქეთევან დედოფლის გამზირი), „საქჩაის სახლი”, სკოლები, საცხოვრ. სახლები, სპორტის სასახლე, სას.-სამ. ინ-ტი დიღომში, ქორწინების სახლი დ. უზნაძის ქუჩაზე, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი, სასტუმროები: “საქარ­თველო”, “ივერია”, „აჭარა”, „აფხაზეთი”, ფიზკულტ. და ვეტ. ინ-ტები, თსუ-ის მაღლივი კორპუსი, საცურაო აუზი ვაკეში, მეტეხის, ვერის, დიდუბის (ახლანდ. გალაკტიონის სახ.) ხიდები, ყველა კომუნიკაცია ­მტკვრის სა­ნა­პი­რო­ზე; ხელ­ნა­წერთა ინ-ტი; განახლდა ლოკომოტივის ძვ. სტადიონი, დაიდგა შოთა რუსთაველისა და ა. გრიბოედოვის ძეგლები; აშენდა ტელეცენტრი, კავშირგაბმ. სამინისტროს, სამეცნ.-ტექ. ბიბლიოთეკის, ჭადრაკის სასახლის შენობები; საცხოვრ. მასივები და სახლები (საბურთალო, ნუცუბიძის ზემო პლატო, ვარკეთილი, ვაზისუბანი, „სამგორი”, „თემქა”, „მუხიანი”, გლდანი, დიღომი, დიდი დიღომი, ყოფ. მერვე ლეგიონი, ქვემო და ზემო ფონიჭალა ხევძმარი, ვაშლიჯვარი და სხვ.). „მთავართბილმშენის” ხელმძღვანელები სხვა­და­სხვა დროს იყვნენ: კ. მორე­ტი, ა. ჩიტა­შვი­ლი, გ. ვაშაკიძე, გ. კვიჭიძე, ი. ქევხი­­ შვი­ლი, თ. ჯანაშია, ა. თოფურია. 1975 „მთავართბილმშენს” სახელწოდება შეეცვალა და „თბილქალაქმშენი” დაერქვა.

1995 გაერთიანება „თ.” დაიყო სააქციო საზოგადოებებად, შეიქმნა 17 სააქციო საზ-ბა, 1997 კი მოხდა მათი პრივატიზაცია.

იხ. აგრეთვე სტ. თბილისი (თავი არქიტექტურა).