„თბოელექტროცენტრალი“, (სააქციო საზოგადოება), კოგენერაციული თბოელექტროსადგური თბილისში (ყოფ. დიდუბე-ჩუღურეთის რ-ნში). შეიქმნა 1997 თბილ. თბოელექტროცენტრალის (თეცი) საფუძველზე. იგი საქართველოში იყო ერთადერთი კომუნ. დანიშნულების თეცი, რ-იც კომბინირებულად გამოიმუშავებდა ელექტრულ და თბურ ენერგიას (ნამუშევარი ორთქლის გამოყენების შედეგად). ელექტროენერგიას აწვდიდა საქართვ. ენერგოსისტემას, ხოლო თბილ. ცენტრ. ნაწილის მოსახლეობას – სითბოსა და ცხელ წყალს. სადგურის დადგმული სიმძლავრე იყო 18 ათ. კვტ.
თეც-ის აშენების აუცილებლობა დღის წესრიგში დადგა თბილ. (რ-იც იმ დროს მხოლოდ ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიით მარაგდებოდა) ელექტრომომარაგებაში არსებული სეზონური ცვალებადობის გამო. 1934 „კავკასენერგოს“ დავალებით „კომუნენერგომშენის“ მოსკ. სექტორმა შეადგინა თბილ. თეც-ის ტექ. პროექტი, რ-იც დაამტკიცა თბილ. საქალაქო საბჭოს პრეზიდიუმმა 1936. თეც-ის პირველი აგრეგატი ამუშავდა 1939, ხოლო მეორე – 1940. თავდაპირველად მუშაობდა მაზუთზე, 1960-იდან – ბუნებრივ აირზე. სადგური რამდენჯერმე გაფართოვდა. XX ს. 80-იანი წლების დამდეგს მის თბოქსელებზე მიერთებული იყო 920 საცხოვრებელი სახლი და 240 ადმ. შენობა, აგრეთვე 480 ცხელწყალმომარაგების ბოილერი. იგი დედაქალაქის მნიშვნელოვანი სტრატეგ. ობიექტი იყო. თბილ. თეც-ის მიერ ცალკეულ წლებში წარმოებული ელექტროენერგია იყო (მლნ. კვტ. სთ): 1970 წ. – 86,9; 1975 წ. – 64,9; 1980 წ. – 76,0; 1985 წ. – 116,2; 1990 წ. – 96,1; 1995 წ. – 4,0; 2000 წ. – 20,3; 2001 წ. – 4,3; ამასთან ერთად ყოველწლიურად საშუალოდ გამოიმუშავებდა 396 ათ. გკალ თბოენერგიას. 1995-იდან თეცი სეზონურად მუშაობდა (წელიწადში 4 თვე). ბოლო წლებში, სადგურის შეფერხებებით მუშაობის გამო, წარმოებული ელექტროენერგიის შემცირების პარალელურად მცირდებოდა თბოენერგიის გამომუშავებაც. 2001 წ. თებერვლიდან სადგური გაჩერდა.
იხ. აგრეთვე სტ. თბოენერგეტიკა.
დ. ჩომახიძე