თბოტექნიკა

თბოტექნიკა, ტექ­ნიკის დარგი, რომლის ამოცანაა თბური ენერგიის მიღება სხვა­დასხვა წყაროდან და მისი გამოყე­ნება, მართვა და განაწილება, როგორც უშუალოდ (სამეურნეო და საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის), ისე არაუშუალოდ, კერძოდ, მისი გარდაქმნა მექან. მუშაობად. თ-ის ამოცანაა, აგრეთვე, თბური მანქანების, დანადგარებისა და აპარატების გაანგარიშება, დაპროექ­ტება, დამონტაჟება, გამართვა და ექსპლუატაცია; ამ მოწყობილობებისათვის მუშა ნარევების (ორგ. სათბობის ჰაერთან ნარევის) მომზადება და მიწოდება, წვის პროდუქტების უტილიზაცია, ასევე, დანადგარებიდან სითბოს, მ. შ. ჭარბი ნარჩენი სითბოს არინება; დანადგარების გაწმენდა ორგ. სათბობის წვის ნარჩენებისგან და მინადუღისგან; კოროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება და სხვ.

თ. განიხილავს სითბოს გამოყენების ორ პრინციპულად განსხვავებულ მიმართულებას: ენერგეტ. და ტექნოლოგიურს. ენერგეტ. მიმართულება გულისხმობს თბური ენერგიის გარდაქმნას მექან. მუშაობად (იხ. სტ. თბოენერგეტიკა), ხოლო ტექნოლ. მიმართულება – მის გამოყენებას და მართვას სხვადასხვა ნივთიერებებისა და სხეულების სტრუქტურისა და მექან., ქიმ. და ფიზ. თვისებების შეცვლის მიზნით [გამყარება, შეცხობა, დნობა (იხ. სტატია მეტალურგია), გაშრობა და სხვ.].

თბური ენერგიის მექან. მუშაობად გარდაქმნა ემყარება მუშა სხეულის (ორთქლის ან აირის) უნარს, გაფართოვდეს სითბოს გადაცემის პროცესში. თმდ-ში მეორდება თერმოდინამიკური ციკლი, ანუ მუშა სხეულის მდგომარეობის შეცვლის ისეთი პროცესი, რ-ის დასასრულს ის უბრუნდება თავდაპირველ მდგომარეობას. ყოველი ასეთი ციკლის შედეგად სითბოს წყა­როს – სახურებელს – აერთმევა სითბო Q1, რ-ის ნაწილი Q2 < Q1 გადაეცემა მ ა ც ი ვ ა რ ს , ამასთან სხვაობა (Q1 − Q2) გარდაიქმნება მექან. მუშაობად. თმდ-ში მაცივრის გამოყენების აუცილებლობა განპირობებულია ბუნების უზოგადესი კანონით – თ ე რ ­მ ო დ ი ნ ა მ ი კ ი ს მეორე კანონით, რ-ის თანახმად, შეუძლებელია ქაოსური მოძრაობის ენერგიის (კერძოდ, თბური ენერგიის) მო­წესრიგებული მოძრაობის ენერგიად (კერძოდ, მექან. მუშაობად) სრულად გარდაქმნა. მაცივრის როლს ხშირად ასრულებს გარემო. თმდ-ს აქვს მუშა სხეულისათვის სითბოს მოწოდების სისტემა და სითბოს ან მუშა სხეულის გარემოში არინების სისტემა.

საქართველოში თ-ის განვითარება უკავშირდება გ. ნიკოლაძის, ვ. გომელაურის, ფ. თავაძის, ს. ქუთათელაძის და სხვ. მეცნიერთა სახელებს. კვლევები თ-ში მიმდინარეობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ფ. თავაძის სახ. მეტალურგიის ინსტიტუტში და სხვ.

ლიტ.: გ ო მ ელ ა უ რ ი  ვ., სითბოს და მასის გადაცემის თეორიის საფუძვლები (სახელმძღვანელო), თბ., 1974; ყიფშიძე მ., ჯიშკარიანი თ., არაბიძე გ., საქვაბე დანადგარები, თბ., 2000; Бровман М. Я., Рамишвили Ш. Д., Римен В. Х., Тавадзе Ф.Н., Основные направления развития процесса непрерывного литья, М., 1987; Кутателадзе С. С., Анализ подобия в теплофизике, Новосиб., 1982.

გ. არაბიძე