თევზები, (Pisces), ლაყუჩით მსუნთქავი ხერხემლიანი ცხოველების ზეკლასი. მასში გაერთიანებულია 2 კლასი: ხრტილიანი თ. და ძვლიანი თ. ცნობილია 25 ათ-მდე სახეობა, რ-თაგან 20 ათ. თანამედროვეა, სხვები – ნამარხი.
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი 150-მდე სახეობა და ქვესახეობა გვხვდება. თ-ის სხეულის ზომა დიდ ფარგლებში მერყეობს. ყველაზე მცირე თ. 1 სმ სიგრძისაა (ღორჯო პანდაკი), ყველაზე დიდი – 15 მ-მდე (ვეშაპისებრი და გიგანტური ზვიგენები), ნამარხთა შორის კი 20 მ და მეტსაც აღწევს. ჩონჩხი ძვლოვანი ან ხრტილოვანია და ძვალხრტილოვანი (ზუთხი). კიდურები წარმოდგენილია წყვილი (მკერდის, მუცლის) და კენტი (ზურგის, კუდის და კუდქვეშა) ფარფლებით. თ-ის უმრავლესობა ცალსქესიანია. განაყოფიერება გარეგანია, იშვიათად – შინაგანი (ცოცხლადმშობნი). თ-ის სხეული მრავალგვარია, უმეტესობა თითისტარისებრია. დაფარულია ქერცლებით, ქიცვებით და ძვლოვანი ფირფიტებით ან ტიტველია. შეფერილობა მრავალგვარია. ნაყოფიერება რამდენიმე ცალი კვერცხიდან (ზოგი ზვიგენი, სკაროსი) 300 მლნ. ქვირითის მარცვლამდე (მთვარა თევზი) მერყეობს. თევზი სქესობრივად მწიფდება სხვადასხვა ასაკში: ზოგი სიცოცხლის პირველ წელს (გამბუზია, ზოგი ღორჯო), ზოგი – 12–20 წლისა (სვია). თ. იზრდებიან მთელი სიცოცხლის განმავლობაში. სიცოცხლის ხანგრძლივობა განსხვავებულია: 1–2 წლიდან (ზოგი ღორჯო) 100 წლამდე (სვია). იკვებება პლანქტონით, ბენთოსით, ზოგი მტაცებელია – ჭამს თევზებს, ზოგიც პარაზიტია.
თ-ს დიდი სამეურნეო მნიშვნელობა აქვთ. ადამიანი იყენებს მათ ხორცს, ქვირითს, ტყავს, ქონს და სხვ. გამბუზია სპობს მალარიის გამავრცელებელი კოღოს მატლებს და ჭუპრებს; მცენარეჭამია თ. (თეთრი ამური, თეთრი სქელშუბლა) მცენარეებისაგან წმენდენ წყალსატევებს, არხებს. ამავე დროს ადამიანს ესთეტ. სიამოვნებასაც ანიჭებენ (აკვარიუმის თ.), წარმოადგენენ სამეცნ.-კვლევის ობიექტსაც. თ-ისაგან ამზადებენ ფქვილს, რ-საც ადამიანი იყენებს ცხოველების გამოსაკვებად, აგრეთვე სასუქად.
თანამედროვე თ-იდან საქართველოს ფარგლებში შავი ზღვის ბინადართა შორის აღსანიშნავია კატრანი, ზღვის მელა (სკაროსი), შავი ზღვის ქაშაყი, ჩვეულებრივი ქარსალა, ქაფშია (ქამსა), შავი ზღვის ვირთევზა, მახვილცხვირა, შავი ზღვის სტავრიდა, შავი ზღვის ბარაბული, სკუმბრია, თინუსი, პელამიდა, შავი ზღვის კამბალა და სხვ.; გამსვლელი თევზებიდან – ატლანტური ზუთხი, კოლხური ზუთხი, ფორეჯი, ტარაღანა, შავი ზღვის ორაგული. მტკნარი წყლის თევზებიდან: კალმახი (მდინარისა და ტბის), მტკვრის, კოლხური, მცირეაზიური ხრამული, მტკვრის და კოლხური წვერა, ჭანარი, მურწა, კობრი, ლოქო და სხვ.
საქართვ. წყალსატევებში აკლიმატიზებულია სარკისებრი კობრი, ცისარტყელა კალმახი, ჭაფალა, პელიადი, თეთრი ამური, თეთრი და ჭრელი სქელშუბლა, გამბუზია და სხვ. საერთაშ. წითელ წიგნში (წწ) შეტანილია 194 სახეობის თევზი, საქართვ. წწ-ში – 5 სახეობა: ატლანტური ზუთხი (ფორონჯი), ფორეჯი (ჯარღალა), შავი ზღვის ორაგული, ჭანარი, გველთევზა. ნამარხი თ. ცნობილია დევონური პერიოდიდან (პალეოზოური ერა). ვარაუდობენ, რომ მტევანფარფლიანმა თ-მა დასაბამი მისცეს ხმელეთის ხერხემლიანებს. ნამარხი თ. საქართველოში (ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი, სოფ. გვადა; ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ჩოჩხათი) ცნობილია პლიოცენიდან (ნეოგენი) – შავი ზღვიდან 11 სახეობა, რ-ებიც ძირითადად ქაშაყებითა და კეფალებითაა წარმოდგენილი, ხოლო მტკნარი წყლის ნამარხი თ. წარმოდგენილია 2 გვარით (ხრამული და წვერა), რ-ებიც ნაპოვნია იმავე გეოლ. ასაკის შრეებში (ახალციხის მუნიციპალიტეტი).
ლიტ.: საქართველოს ცხოველთა სამყარო, ტ. 4, თბ., 1976; Б е р г Л. С., Рыбы пресных вод и сопредельных стран, 4-ე изд., ч. 1–3, М.–Л., 1948–49; Г а б е л а я Ц. Д., Рыбы плиоценовых отложений Грузии, Тб., 1976; Жизнь животных, 2 изд., т. 4, М., 1983; Н и к о л ь с к и й Г. В., Частная ихтиология, 3 изд., М., 1971.
მ. დემეტრაშვილი