თაქთაქიშვილი ოთარ ვასილის ძე

ო. თაქთაქიშვილი

თაქთაქიშვილი ოთარ ვასილის ძე (27. VII. 1924, თბილისი, – 21. II. 1989, იქვე), კომპოზიტორი. სა­ქართვ. (1961) და სსრკ (1974) სახ. არტისტი, შოთა რუსთაველის სახ. სა­ხელმწ. პრემიის (1987), სსრკ სა­ხელმწ. (3 გზის – 1951, 1952, 1967) და ლენინური პრემიის (1983) ლაურეატი. 1947 დაამთავრა თბილ. კონსერვატორია (ს. ბარხუდარიანის საკომპოზიციო კლასი). 1947–52 იყო სა­ქარ­თვ. საგუნდო კაპელის კონცერტმაისტერი და დირიჟორი, 1952–56 – სამხატვრო ხელმძღვანელი, 1959-იდან – თბილ. კონსერვატორიის პედაგოგი (1966-იდან – პროფესორი), ხოლო 1962–65 – რექტორი. თ. იყო სსრკ-ის კომპოზიტორთა კავშირის მდივანი (1957–62), სა­ქართვ. კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე (მცირე ხნით, 1962), სა­ქართვ. კულტ. მინისტრი (1965–84). მისი შემოქმედება ჟანრობრივად მრავალფეროვანი და თემატურად მდიდარია, აღმოცენებულია ­მკვიდრ ეროვნ. საფუძველზე. თ-ის მნიშვნელოვანი ნაწარმოებებია: ოპერები – „მინდია” (1961, დაიდგა სა­ქარ­თვე­ლოსა და საზღვარგარეთის 10 ქვეყნის სცენაზე), „სამი ნოველა” [1967, თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრი; სახელწოდებით „სამი სიცოცხლე” დაიდგა აგრეთვე მოსკოვში სტანისლავსკისა და ნემიროვიჩ-დანჩენკოს სახ. მუს.-დრამ. თეატრში (1972) და ბრატისლავაში (1974)], “მთვარის მოტაცება” (1977, პრემიერა სსრკის დიდ თეატრში, 1978 – თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრში); კომიკური ოპერები – „მუსუსი” (1978) და „პირველი სიყვარული” (1980, თბილისი); ერთმოქმედებიანი – „მარიტა” (1988, გ. ლეონიძის მიხედვით); სიმფ. პოემა „მწირი” (1956), 4 საფორტეპიანო კონცერტი (1951–83), სავიოლინო კონცერტი (1977), ჩელოს კონცერტი (1978), საფორტეპიანო კვინტეტი (1986), ვოკალური ციკლები ვაჟა-ფშაველასა და გ. ტაბიძის ლექსებზე (1959), ორატორიები „ჩაუქრობელი კერა” (1964; II რედ. 1970), „რუსთაველის ნაკვალევზე” (1964, ი. აბაშიძის ამავე სახელწ. ლექსების ციკლის მიხედვით), „ნიკოლოზ ბარათა­შვილი” (1970), კანტატები – „გურული სიმღერები” (1971), „მეგრული სიმღერები” (1972, სიუიტა სოლისტის, ვოკალური ოქტეტისა და კამერული ორკესტრისათვის), „სატრფიალო სიმღერები” (1974), „აკაკის ჩანგი” (1983, სიუიტა სოლისტების, გუნდისა და საკრავიერი ანსამბლისათვის), საგუნდო და საკრავიერი პიესები, მუსიკა დრამ. სპექტაკლებისათვის („ოიდიპოს მეფე” – თბილ. შოთა რუსთაველის სახ. თეატრის დადგმა, „ზამთრის ზღაპარი” – მოსკ. სამხატვრო თეატრის დადგმა).

თ. იყო სა­ქართვ. სსრ სა­ხელმწ. ჰიმნის (1945–90) ავტორი; იუნესკოსთან არსებული საერთაშ. მუს. საბჭოს პრეზიდიუმის წევრი; ლენინური პრემიის კომიტეტის წევრი; თბილ. საპატიო მოქალაქე (1985). მიღებული აქვს სა­ხელმწ. ჯილდოები.

ლიტ.: ა ხ მ ე ტ ე ლ ი  მ., ო. თაქთაქი­­შვი­ლი, «საბჭოთა ხელოვნება», 1967, N9; დ ო ნ ა ძ ე  ლ., ოთარ თაქთაქი­შვილის შემოქმედება (I პერიოდი), იქვე, 1984, N7; ტ ო რ ა ძ ე  გ., ოდა სულმნათს, იქვე, 1966, N10; ჩ ხ ი კ ვ ა ძ ე  გ., სა­ქარ­თვე­ლოს საბჭოთა კომპოზიტორები, თბ., 1956; ჭ ი რ ა ქ ა ძ ე  გ., ოთარ თაქთაქი­შვი­ლის გვერდით, თბ., 1999 (ქართ. და რუს. ენებზე).

ოთარ თაქთაქი­შვი­ლის სახლმუზეუმი, დაარსდა 1998, გაიხსნა 1999 ივნისში. დაცულია კომპოზიტორის სამუშაო ოთახის ინტერიერი; სახლზე არის მემორიალური დაფა (თბილისი, ოთარ თაქთაქიშვილის ქ. N7).

გ. ტორაძე