თბილელი

თბილელი, თბილისის ეპარქიის საჭეთმპყრობელი – ეპისკოპოსი (შემ­დგომში – მიტროპოლიტი). V ს. მიწურულს თბილისს ეპისკოპოსი უკვე ჰყავდა, რისი დასტურიცაა 506 დვინის საეკლ. კრების მონაწილე ­ქართვ. ეპისკოპოსთა შორის ნახსენები „საჰაკ ეპისკოპოსი ტფილისისა” („ეპისტოლეთა წიგნი”). VII ს. დამდეგს, ქართ. და სომხ. ეკლესიებს შორის მომხდარი განხეთქილების დროს, ქარ­თლის კათოლიკოსის კირიონის გვერდით ეპისტოლეთა წიგნში ხშირად იხსენიება პეტრე ეპისკოპოსი, რ-იც, ზ. ალექსიძის ვარაუდით, თბილ. ეპისკოპოსი უნდა იყოს. ამის შემდეგ, VII–XII სს., ჩვენამდე მოღწეული ქართ. და უცხოენოვანი საერო თუ საეკლ. ლიტ-რა თბილ. ეპისკოპოსის შე­სა­ხებ არავითარ ცნობას არ გვაწვდის, რაც, სავარაუდოდ, განპირობებულია საისტ. ცნობების სიმწირითა და თბილისში მაჰმადიანთა 400-წლიანი ბატონობით. 1259 შედგენილ რკონის სიგელში დასახელებულ მოწმეთა შორის მოხსენიებულია: „...მდაბალი გრიგოლ ტფილელი”; ასევე 1250–60 შედგენილ შიომღვიმის სიგელში მოწმეთა შორის გვხვდება „იოანე თფილელი”. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქალაქის ეპისკოპოსი თ-ის სა­ხელით იხსენიება.

სა­ქართვ. საეკლ. იერარქიის თვალსაზრისით, მეტად საინტერესო ცნობას გვაწვდის XIII ს. „განგება დარბაზობისა”. ძეგლში აღწერილია სას. პირთა უფროსუმცროსობისა და ხარისხის მიხედვით დაჯდომის წესი: „რაჟამს იკურთხოს მეფე და დაჯდეს ტახტსა ზედა, ეფისკოპოსნი ამ წესით დასხდენ: 1. ბრძანოს ქარ­თლის კათალიკოზმან და მარჯუნით მეფისა, ტახტსა ზედა მოკიდებით, ნატით და ბალიშითა... 29. შემოვიდეს ტფილელი და დაჯდეს ხარჭაშნელის ქუემოთ”. გარდა იმისა, რომ მოყვანილ ძეგლში თ. სიით ოცდამეცხრეა, მას ჯდომისას არ ეკუთვნის სამღვდელო პირთა პრივილეგირებული მდგომარეობის გამომხატველი არც ნატი და არც ბალიში. თ-ის ასეთი „დამცრობა”, რასაკვირველია, იმ ისტ. სინამდვილის ასახვაა, რაც თბილისმა განიცადა საუკუნეების განმავლობაში, კერძოდ, კი მის მიერ დედაქალაქის სტატუსის დაკარგვა. XIII ს. წერილობით ძეგლში ქალაქის ეპისკოპოსის ზედწოდებით მოხსენიება სულაც არ ნიშნავს, რომ მანამდე, თუნდაც XII ს-ში, ასეთი ზედწოდება არ არსებობდა.

იყო შემთხვევები, როცა თ. კათოლიკოსს შეურისხავს. 1427–35 „ერთგულების წიგნი” გვაუწყებს: „...ესე წიგნი გკადრეთ... თქუენ, წმიდასა მეუფეს... ქარ­თლისა კათალიკოზსა თეოდორეს მე, მანგლელ თბილელ მთავარებისკოპოზმან იოანე, მას ჟამსა, ოდეს გამიწყერ და ომფორი წამიღე და მერმე კიდევე მიბოძე...”. დამოწმებული საბუთიდან არ ჩანს, თუ რამ გამოიწვია კათოლიკოსის გულისწყრომა, რ-საც იოანესათვის ჩამოურთმევია ეპისკოპოსის ხელისუფლების ერთ-ერთი მნიშვ­ნელოვანი რეგალია – ომფორი (ეპისკოპოსთა მხართმოსახვევი). ომფორის ჩამორთმევა კი ეპისკოპოსის თანამდებობიდან გადაყენების ტოლფასი იყო. აღსანიშნავია, რომ თუ ზოგადად ეპისკოპოსს საეკლ. კრება ანდა კათოლიკოსი ირჩევდა და ნიშნავდა, თბილელობის მოშლა და ბოძება მეფის უფლებებში შედიოდა, ვინაიდან თ. იყო სამეფო ქალაქის ეპისკოპოსი. ამავე დროს წყა­როები ადასტურებენ, რომ ქარ­თლის სამეფოს კანონმდებლობით, თ. სადედოფლო მოხელედ ითვლებოდა. 1634 მარიამ დედოფლისაგან თ-ისადმი ბოძებული წყალობის წიგნის თანახმად, მარიამ დედოფალმა „თბილელი და სათბილელო ყმა” გაათავისუფლა, თუმცა თ. მაინც დედოფლის უფლებამოსილებაში დარჩა, ვინაიდან „დასტურლამალი სადედოფლო” გვაუწყებს, რომ „ძველთაგან სადედოფლო და აწ მეფის გიორგისაგან დამტკიცებული ეპისკოპოსი ტფილელი – თავის საეპისკოპოსოთი, აზნაური­­ შვი­ლი, მსახური, მათის მამული” სადედოფლო იყო. ძეგლში მოხსენიებული მეფე არის გიორგი XI. მარიამ დედოფალს ეკუთვნოდა „სადედოფლო დასტურლამალი”, რ-იც როსტომ მეფეს შეუდგენია, შემდეგ კი ვახტანგ V-ს „განუახლებია” და დაუმტკიცებია.

1701 საბუთში საუბარია კათოლიკოს ევდემოზ II-სა და თბილელ მიტროპოლიტ დომენტის შორის ქალაქის სამწყსოზე უფლება-მოვალეობების გამიჯვნის თაობაზე. ქალაქი თ-ის სამწყსოა, სხვას ხელი არ მიუწვდებოდა მომსახურებასა და მათ საწირავზე. ის კი: „ვინც მოქალაქე ალობერში დასახლდეს თფილელის მამათ-მთავარს ჴელი აღარა აქვს და ვინც ალობერი ქალაქში დასახლდეს იმისი დრამა და საკანონო თბილელის მამათ მთავარმა მოიკითხოს”. ციტატაში მოხსენიებული ალობერი ავლაბარს ნიშნავს, ხოლო ავლაბარი კათოლიკოსის მამული იყო და იქ თ-ის ხელისუფლება არ ვრცელდებოდა, შემ­დგომში ეს შეთანხმება ან ირღვეოდა, ანდა ხდებოდა მისი განახლება ახალარჩეულ კათოლიკოსსა და თ-ს შორის. თ-ს (სიონის ეპისკოპოსი), რ-იც ეკლესიის დაარსებიდან საყდრის მამულის, მისი უძრავ-მოძრავი ქონების გამგებელი და განმკარგავი იყო, შეეძლო ტაძრის კუთვნილი ნებისმიერი ნივთი, მიწის ნაკვეთი თუ სხვა რამ საჭიროების შემთხვევაში გაეყიდა, დაეგირავებინა და ა. შ. ასევე, თ-ის (ეპისკოპოსი) ნება-სურვილისა და თანხმობის გარეშე არავის შეეძლო ეკლესიის კუთვნილი ქონების ხელყოფა.

სიონის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია დიდძალი მოძრავი და უძრავი ქონების მფლობელი იყო როგორც ქალაქში, ისე მის ფარგლებს გარეთ. თბილისსა და მის გარეთუბანში თ-ის კუთვნილი ქონებიდან აღსანიშნავია აბანო, ბაღი, ქარვასლა და სხვ. მეფის ქარვასლა XVII ს. ბოლოს გადავიდა სიონის ღვთისმშობლის საყდრის მფლობელობაში და ამიერიდან მას თ-ის ქარვასლას ეძახდნენ. ვახუშტის 1735 გეგმაზე № 12-ით დატანილია თ-ის ქარვასლა. იგი სიონის სამხრ-ით იდგა. მისი ბაღი მდებარეობდა გარეთუბანში, სოლოლაკში. ვახუშტის იგი აღნიშნული აქვს № 42-ით „სალალაკის წყლის” და „კოჯრის გზის” ­მარცხ. მხა­რეს, „მეფის დიდი ბაღის” (№ 39) დას-ით. „ბატონის ბაღის ­წყლის გარიგებაში” წერია, რომ წყალმა „... ორშაბათსა და სამშაბათსა დღე და ღამე თბილელისა და ქალაქის ბაღებისათვის უნდა იდინოს”.

ჩვენამდე მოღწეული წერილობითი წყა­როების მიხედვით, XV ს. 20– 30-იანი წლებიდან თ-ის წო­დებას ემატება „მანგლელი” და ქალაქის ეპისკოპოსი მოიხსე­ნი­ება როგორც „მანგლელ-ტფილელი”. ასე­თებია: იოანე II მანგლელ-ტფი­ლელი (1413–22), გრიგოლ II მანგლელტფი­ლელი (1442), ბარ­თლომე ტფილელ-მანგლელი (1444), ­იოანე III მანგლელ-ტფილელი (1462), იოანე IV ­ტფილელ-მანგლე­ლი (1518). საინტერესოა, რომ პ. იოსე­ლიანი თბილ. ეპისკოპოს ანტონ თულასძეს მოიხსენიებს როგორც „მანგლელ-ყოფილს”. ასევე 1727 სიგელში მოხსენიებუ­ლია „ტფილელ-ბოლნელი მიტროპოლი­ტი” დომენტი. დროდადრო მანგლისისა და თბილ. ეპარქიები ერთ სამწყსოდ ერთიანდებოდა გა­რეშე მტერთა გამანადგურებე­ლი შემოსევების გამო, რასაც მანგლელის ეპარქიის გაუქმება და დაც­ლა უნდა მოჰყოლოდა. ასეთივე მდგომარეობა გვაქვს „თბილელ-ბოლნელის” ­სამწყსოსთან დაკავ­ში­რებით. თუმცა ამის მიზეზი სულ სხვა რამ შეიძლება ყოფილიყო, რაც ამჟამად უცნობია. თბილ. და მანგლისის სამწყსოების განცალკევების დროს იწყებოდა თ-ისა და მანგლელის თავთავიანთ სამწყსოებზე უფლება-მოვალეობების გარკვევა. 1706 სა­ქართვ. კათოლიკოს-პატრიარქმა დომენტი IV-მ საგანგებოდ მოიწვია ეკლესიის საკრებულო, რათა გაერკვიათ თ-სა და მანგლელს შორის წამოჭრილი სადავო საკითხი „მანგლელისა და ტფილელის სამწყსოს დარბაისლის ნიშანზედ და საწირავზედ...”. საეკლ. კრებას დაუდგენია, რომ თუ გარდაცვლილი დიდგვარიანი თბილისელი იყო და იგი მანგლელის სამწყსოს საყდარში ანდა მის სამწყსოში დაიმარხებოდა, ნიშანი, მიცვალებულის ნაქონი რაიმე პირადი ნივთი – იარაღი, სამოსელი, ცხენი და მისი აკაზმულობა თ-ს ერგებოდა, ხოლო გარდასახურავი, ქვეშაგები, აბრამის ტაბლა მანგლელისა იყო და – პირიქით. XVII ს. მეორე ნახევარში, ქარ­თლის მეფის ერეკლე I-ის დროს, ქალაქის ეპისკოპოსს უწოდეს მიტროპოლიტი. ეს წოდება პირველად მიიღო დომენტი თ-მა. დომენტის შემდეგ მისი მომდევნო ყველა თ. მიტროპოლიტის წოდებას ატარებდა.

1802 აპრილში ­თბილის­ში შეკრებილმა აღმ. მღვდელ­მთავრებმა თხოვნით მიმართეს რუს. ხელმწიფეს, რათა ქართლ-კა­ხე­თის სამღვდელოებას შენარჩუნებოდა არსებული პატივი და წესი, ამასთანავე მიეღოთ იმპერატორისაგან პატივი და დაცვა. თხოვნას ქართლ-კა­ხე­თის მღვდელმთავრებთან ერთად ხელს აწერს „მდაბალი მიტროპოლიტი ტფილისისა და ეფისკოპოზი მანგლი­სისა და ბოლნისისა ბაგრატოვანი არსენი” (სცსია, ფ. 1448, საქ. № 9200). არსენ თ. ხელმომწერთა შორის რიგით მერვეა. აღნიშნულ თხოვნაზე რუს. მონარქის პასუხი ის იყო, რომ არსენ თ. 1810 „მოკვეთილ” იქნა სიონის კათედრიდან და რუსეთში გაამწესეს, სადაც 1812 გარდაიცვალა. არსენ მიტროპოლიტი უკანასკნელი თ. იყო. მას შემდეგ თბილელობა მოისპო. 1811 რუს. ხელმწიფემ ქართ. ეკლესიის ავტოკეფალია გააუქმა და იგი რუს. სინოდს დაუქვემდებარა. თბილისში რუს. ეკლესიის მოხელე – ეგზარქოსი დაჯდა. სიონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი საეგზარქოსო საყდარი გახდა. რუს. ხელისუფლებამ ქართ. ეკლესიის ქონება, მათ შორის თ-ისაც, ხაზინას გადასცა.

ქალაქის ეპისკოპოსის ზედწოდებად „თბილელის” დაწესების ზუსტი მიზეზის დასახელება ამჟამად ჭირს. საფიქრებელია, რომ მას პოლიტ.-ადმ. დატვირთვა უნდა ჰქონოდა. მეფის კურთხევის ცერემონიალში მონაწილეობას იღებდა ამა თუ იმ დროს მოქმედი ყველა ეპარქიის მღვდელმთავარი თავიანთი ჯდომის წესითა და რიგით, რაც საეკლ. იერარქიაში ეპისკოპოსის უფროს-უმცროსობას გამოხატავდა. თბილელობას ეკონ. დატვირთვაც უნდა ჰქონოდა, სიონის ეკლესია დიდ უძრავ-მოძრავ ქონებას ფლობდა, ყველაფერი ეს ცნობილი იყო როგორც სათბილელო მამული. წოდება თ. ეპისკოპოსის სადაურობას განსაზღვრავდა. ამჟამად სრულიად სა­ქართვ. კათოლიკოს-პატრიარქი ილია II მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსიც არის.

წყა­რო: დასტურლამალი, წგ.: ქართუ­ლი სამართლის ძეგლები, ი. სურგულაძის გამოც., თბ., 1970; დოკუმენტები თბილისის ისტორიისათვის (XVI– XIX სს.), წგ. 1, შეადგინეს ნ. ბერძენიშვილმა და მ. ბერძნიშვილმა, თბ., 1962; ეპისტოლეთა წიგნი. სომხური ტექსტი ქარ­თუ­ლი თარგმანით, ზ. ალექსიძის გამოც., თბ., 1968; ჟორდანია თ., ქართლ-კა­ხე­თის მონასტრების და ეკლესიების ისტორიული საბუთები, ფოთი, 1903; ქარ­თუ­ლი სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 2, თბ., 1965, ტ. 3, თბ., 1970; ქრონიკები და სხვა მასალა სა­ქარ­თვე­ლოს ისტორიისა, წგ. 2, შედგ. თ. ჟორდანიას მიერ, ტფ., 1897; ხახანა­შვი­ლი ა., გუჯრები, ტფ., 1891.

ლიტ.: И о с е л и а н и П. И., Описание древностей города Тифлиса, Тфл., 1866.

თ. ბერიძე