თარხანი, (თურქ.), 1. დიდი ფეოდალის სახელი თურქული და მონღოლური მოდგმის ხალხებში; 2. გადასახადებისაგან თავისუფალი და გარკვეული პრივილეგიების მქონე პირი, რ-საც ეძლეოდა თარხნობის ანუ შეუვალობის სიგელი. მონღოლთა დაპყრობითი ომების შედეგად გავრცელდა ახლო აღმოსავლეთში, ამიერკავკასიასა და რუსეთში. საქართველოში თ. და თარხნობა თავისუფალისა და შეუვალობის მნიშვნელობით შემოვიდა (დადასტურებულია XIV ს. დოკუმენტში). იხმარებოდა აზატის (იხ. აზატები) სინონიმადაც. თარხნობას ანიჭებდნენ როგორც თავადაზნაურობას, ეკლესია-მონასტრებს, დიდვაჭრებს (შეუვალობის სახით), ისე გლეხებს (ზოგიერთი გადასახადის ამოკვეთის სახით). XVII–XVIII სს. საგლეხო საგადასახადო დავთრებში თ. მსახურის სინონიმად იხმარებოდა (იგულისხმებოდა მებეგრე გლეხის „თავი ბეგრისაგან” გათავისუფლება და მსახურად დადგენა). XVII ს. 30-იანი წლების ბოლოს როსტომ მეფემ გ. სააკაძის შვილს – იორამს უბოძა თარხნობა, როგორც საპატიო ტიტული, რაც სააკაძეთა გათავადებას გულისხმობდა. აქედან მომდინარეობს თარხნიშვილების გვარი. თარხნიშვილთა სათავადო სახლის უფროსი XIX სმდე თარხნის ტიტულს ატარებდა.
გ. ჯამბურია