თამადა

თამადა, ქარ­თუ­ლი პურობის, სუფრის გამძღოლი. ჩვეულებრივ, მასპინძელი ან თანამეინახენი თ-დ ირჩევენ ჭარმაგ, პატივსაცემ მამაკაცს, რ-იც სუფრის თადარიგის მცოდნედ და მჭევრმეტყველად ითვლება. სუფრის დანიშნულების (ქორწილი, ძეობა, დღეობა, ქელეხი და სხვ.) მიხედვით თ-ს ევალება ტრად. სადღეგრძელოების წარმოთქმა, სმის წესების, სუფრის წესრიგის, ცეკვა-სიმღერისა და ლხინის მთელი მსვლელობის რეგულირება. ეთნოგრ. მონაცემე­ბით, ძველად ოჯახი ბავშვებს თამადობას პატარაობიდანვე აჩვევ­და. სა­ქართვ. მთიანეთის საკულტო დღეობა-წვეულებებზე თ-ს არ ირჩევდნენ – მის მოვალეობას ხევისბერი ან გვარ-ხატის რომელიმე მსახური ასრულებდა, საოჯახო სარიტუალო პურობას კი ოჯახის უფროსი მამაკაცი უძღვებოდა. ზემო სვანეთში „თაამადა", „თამათა" ერქვა თიბვის მესვეურს, წინამძღოლს, რ-იც მუშაობისას სიმღერას იწყებდა. „თამადის" ნაცვლად ზოგჯერ თურქულიდან შემოსულ სიტყვას „ტოლუმბაშსაც" (თულუმ ბაში – „ტიკის უფროსი") ხმარობენ.

ლიტ.: ჯ ა ნ ა შ ი ა  ს., შრომები, ტ. 4, თბ., 1968.

ლ. ფრუიძე