თედორაძე სერგო გედევანის ძე (20. VII. 1918, სოფ. ქვაბღა, ახლანდ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, – 22. IV. 1995, სოფ. ახალუბანი, ახლანდ. მცხეთის მუნიციპალიტეტი), სწავლული აგრონომი. ბიოლ. მეცნ. დოქტორი (1967), პროფესორი (1986), საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1986). 1947 დაამთავრა საქართვ. სას.-სამ. ინ-ტის აგრონომიული ფაკ-ტი. 1970-იდან იყო საქართვ. სოფ. მეურნ. სამინისტროს ი. ლომოურის სახ. მიწათმოქმედების სამეცნ.-კვლ. ინ-ტის სელექცია-გენეტიკის განყ-ბის გამგე, 1975-იდან – ამავე ინ-ტის დირექტორის მოადგილე სელექციის დარგში, 1976–92 იყო ამიერკავკ. სელექციური ცენტრის მეცნ. ხელმძღვანელი. მისი ინიციატივით საქართველოში შეიქმნა ინდუცირებული მუტაგენეზის სკოლა. თ-მ გამოიყენა ატომური იზოტოპები მცენარეთა სელექციაში, შექმნა სას.-სამ. კულტურების 18 ჯიში. ავტორია მონოგრაფიული ნაშრომებისა მცენარეთა სელექცია-გენეტიკაში. მიღებული აქვს სახელმწიფო, მ. შ. საბრძოლო ჯილდოები.
გ. ქველაძე