აბაშიძეები, ფეოდალური საგვარეულოები იმერეთში, ქართლში, კახეთსა და აჭარაში. პირველი დოკუმენტური ცნობა ამ საგვარეულოს შესახებ XV ს. II ნახევარს ეკუთვნის. ა. განსაკუთრებით დაწინაურდნენ იმერეთის სამეფოში. XV–XVI სს. მიჯნაზე ზემო იმერეთში ჩამოყალიბდა ა-ის სათავადო (იხ. აბაშიძეთა სათავადო). ამ გვარის წარმომადგენლებს ეკავათ ამირეჯიბის, სახლთუხუცესის, ციხისთავისა და სხვ. მაღალი თანამდებობები. აბაშიძე გიორგი-მალაქია 1701–07 იმერეთის სამეფოს უგვირგვინო მეფე იყო. 1774 ერეკლე II-მ თავის სიმამრს ზაალ აბაშიძესა და მის შვილებს კახეთში დაუმკვიდრა ყმა-მამული. კახეთის ა. მათგან მომდინარეობენ. იმერელი ა-ის განაყოფები არიან ქართლის ა-ც. XVIII ს. I ნახევარში იმერელი აზნაურები ა. ბათუმის მხარესა და ქვემო აჭარაში ჩასახლდნენ, გამაჰმადიანდნენ და ოსმალეთის მთავრობისგან სანჯაყ-ბეგობა მიიღეს, აქტიურად მონაწილეობდნენ იმერეთის აჯანყებაში 1819–20.
ლიტ. იხ. სტ-თან აბაშიძეთა სათავადო.
ო. სოსელია