აბას II (1633–1666), ირანის შაჰი (1642–66) სეფიანთა დინასტიისა. სეფი I-ის ძე. ცდილობდა განეხორციელებინა აბას I-ის დამპყრობლური გეგმები კახეთის მიმართ. მისი ბრძანებით კახეთში დიდი რაოდენობით ჩაასახლეს მომთაბარე თურქმანები, რამაც გამოიწვია დიდი სახალხო აჯანყება (იხ. კახეთის აჯანყება 1660). ა. II-ის დროს ირანის პოლიტ. და კულტ. სარბიელზე მრავალი ქართვ. მოღვაწეობდა: სპასალარი როსტომ-ხან სააკაძე, მარვის მმართველი ასლან-ხანი, დერუნის ოლქის (ხორასანი) მმართველი ქაიხოსრო-ხანი–როსტომ–ხან სააკაძის დისშვილი, ადამ სულთანი ანდრონიკაშვილი, ისპაანის ტარუღა ხოსრო-მირზა (1618–32; 1632–58 ნომინალურად), ტარუღას ნაიბები (მოადგილეები); ფარსადან გორგიჯანიძე, პაატა-ბეგ გურჯი და სხვ.
წყარო: მოჰამედ თაჰერის ცნობები საქართველოს შესახებ. ტექსტი, თარგმ. და შენიშვნები ვ. ფუთურიძისა, «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის», 1954, ნაკვ. 30;
ლიტ.: ფ უ თ უ რ ი ძ ე ვ., ქართველი მოღვაწენი ერანის კულტურულ ასპარეზზე, «ანალები», 1947, [ტ.] 1.
დ. კაციტაძე