აბაშიძე ვახუშტი ლევანის ძე ქართლის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე XVIII ს. I ნახევარში. ვახტანგ VI-ის პოლიტიკის მიმდევარი. 1711 იმერეთიდან ქართლს გადავიდა, ვახტანგს ეყმო და მისგან მიიღო უძეოდ გადაგებული პაატა აბაშიძის მამული (ქვიშხეთი, ტაშისკარი, ციხისძირი, მონასტერი და სხვ.), ამასთან, ა-ის მამული იმერეთში (სოფ. ვახანი თავისი ციხით, მიმდებარე ადგილებითა და ყმებით) ქართლის სამეფოს ფარგლებში შევიდა. ამ ფაქტს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ოსმალო-ლეკ მოთარეშეთაგან ქართლის დას. საზღვრების დასაცავად (ვახანზე გადიოდა ახალციხიდან ქართლისაკენ მიმავალი ერთადერთი გზა). 1712 ვახტანგ VI-მ თავისი ასული ანუკა ბატონიშვილი ა-ს მიათხოვა. XVIII ს. 40-იან წლებში ა. სხვა თავადებთან ერთად მეთაურობდა ქართლის აჯანყებას ნადირ-შაჰის წინააღმდეგ.
იმერელი ვახუშტი ა-გან მოდის ქართლის აბაშიძეთა გვარი.
ლიტ.: ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი ნ., ჯ ა ვ ა ხ ი შ ვი ლ ი ივ., ჯ ა ნ ა შ ი ა ს., საქართველოს ისტორია, ნაწ. 1, თბ., 1946; კ ა კ ა ბ ა ძ ე ს., იმერეთის ციხისთავთა შესახებ მე-17 საუკუნეში «საისტორიო მოამბე», 1925, [ტ.] 1; ს ო ს ე ლ ი ა ო., ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან (სათავადოები), [ტ.] 1, თბ., 1973.
ო. სოსელია