აბაშიძე სიმონ (კონსტანტინე) ვლადიმერის ძე

აბაშიძე სიმონ (კონსტანტინე) ვლადიმერის ძე (1884, საჩხერე, – 25. VIII. 1955, თბილისი), ექიმი, თერაპევტი. პოეტ ვ. აბაშიძის შვილი. სწავლობდა ქუთ. კლასიკურ გიმნაზიაში. 1912 დაამთავრა კიევის უნ-ტის სამედ. ფაკ-ტი. 1912–18 მუშაობდა რუსეთში. 1918 დაბრუნდა საქართველოში და მუშაობა დაიწყო ოზურგეთის ერობის მთ. ექიმად. 1920-იდან მუშაობდა თსუ-ის ფარმაკოლ. კათედრაზე, თბილ. სასწრაფო დახმარების, სოცუზრუნველყოფის, ტუბერკულოზის საწინააღმდეგო დაწესებულებებში. 1930 მისი თაოსნობით აგუძერაში გაიხსნა ტუბსანატორიუმი. 1935–55 იყო საქართვ. ჯანდაცვის სამინისტროს IV სამმართველოს ექიმ-კონსულტანტი. 1941 მონაწილეობა მიიღო თბილ. ერთ-ერთი სამხ. ჰოსპიტლის ორგანიზაციაში, იქვე განაგებდა განყ-ბას და იყო სამხ.-საექიმო კომისიის თავ-რე. შეისწავლა ფილტვის აბსცესის მკურნალობა დეჰიდრატაციის მეთოდით; სიგმოიდური კოლინჯის დაავადებისას აღწერა მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრების ერთდროული ტკივილის სიმპტომი და შეიმუშავა ამ დაავადების მკურნალობის მეთოდი. დღესაც აქტუალურია მისი გამოკვლევა, რ-იც მიეძღვნა ქუნთრუშიანი ბავშვების მომვლელი დედების ქუნთრუშით დასნებოვნების ფორმის საკითხებს და სხვ. შვილთან ვ. აბაშიძესთან ერთად შეადგინა პირველი ქართ. სამედ. განმარტებითი ლექსიკონი. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: ფილტვების აბსცესი, «ქალაქის I საავადმყოფოს შრომები», 1937, ტ. 3; რუსულ-ლათინურ-ქართული სამედიცინო განმარტებითი ლექსიკონი, თბ., 1973 (თანაავტ. ლ. აბაშიძე); К казуистике сочувственного страдания коленного и тазобедренного суставов при заболевании висцеральных органов, «Врачебная газета», 1914, Nº 3; Скарлатина матерей, ухаживаюших за больными скарлатиной детьми, «Клиническая медицина», 1940, Nº 5.