„აბდულმესიანი“

„აბდულმესიანი“, ძვ. ქართული მწერლობის კლასიკური ეპოქის ძეგლი. სახოტბო ოდების კრებული, რ-ის ავტორადაც მიჩნეულია იოანე შავთელი. ძეგლში მოხსენიებული ზოგიერთი ისტ. რეალიის მიხედვით (ტრაპიზონის სამეფოს დაარსება, ბასიანის ბრძოლა) ფიქრობენ, რომ „ა.“ შექმნილია XIII ს. პირველ ათწლეულში. თხზულებაში თამარ მეფესთან ერთად შექებულია მისი მეუღლე დავით სოსლანი, რასაც ადასტურებს იგივე ისტ. რეალიები, თხზულების იდეოლოგიური მიმართულება და მისი ზოგი ხელნაწერის სათაურიც. ამ ტრად. თვალსაზრისისაგან განსხვავებით ნ. მარს „ა.“ დავით აღმაშენებლის ქებად მიაჩნდა. კ. კეკელიძის მოსაზრებით, ძეგლში დავით აღმაშენებელთან ერთად შექებულია თამარ მეფეც; იგი იზიარებდა ძვ. ქართვ. მეცნიერთა (იოანე ბატონიშვილი, თეიმურაზ ბატონიშვილი და სხვ.) შეხედულებას იმის თაობაზე, რომ „ა.“ სხვა, დაკარგული ნაწარმოების სახელწოდებაა და არა ამ თხზულებისა. შ. ნუცუბიძის აზრით კი, სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა ორი შავთელი, რომელთაგან პირველმა შეთხზა დავით აღმაშენებლის ქება, მეორემ – თამარ მეფისა და დავით სოსლანისა; ამ ორი თხზულების შერწყმის შედეგად წარმოიშვა „ა-ის“ სახელით ცნობილი ჩვენამდე მოღწეული კრებული. საკითხის საბოლოო გადაწყვეტას ართულებს ისიც, რომ ტექსტმა გვიანდ. (XVIII–XIX სს.) და საგრძნობლად შებღალული ხელნაწერებით მოაღწია. მრავალ გაუგებრობას დაუდო სათავე იაკობ დუმბაძემ (XVII ს.), რ-მაც, ტრად. თვალსაზრისით, თხზულება არჩილ II-ის ხოტბად გადააკეთა.

„ა.“ თხზულების სახელწოდება და შექებული გმირის ეპითეტი უნდა იყოს (არაბ. აბდ ალ-მასიჰ - მონა მესიისა, ქრისტესი) და არა ავტორის ზედწოდება, როგორც ადრე ეგონათ დავით რექტორს, პ. იოსელიანსა და სხვ. აბდულმესიას თხზულების გმირად მიიჩნევს ერთ-ერთი უძველესი წყაროც – შოთა რუსთაველის პოემის „ვეფხისტყაოსნის“ ბიბლიოგრაფიული სტროფი – [(უქია) „აბდულმესია – შავთელსა“...].

„ა.“ საკარო-სახოტბო პოეზიის ტიპობრივი ნიმუშია, რ-შიც შექებულია მეფე-პატრონთა ქველი საქმეები. „ა-ში“ გატარებულია კლასიკური ხანიდან ცნობილი იდეა ძლიერი, ცენტრალიზებული სახელმწიფოსი, რ-საც წარმართავს ღვთით დადგინებული თვითმპყრობელი მეფე. ღრმა ეროვნულ სულისკვეთებასთან ერთად თხზულების მსოფლმხედველობითი საფუძველია აღიარება ძლიერი ქართ. სახელმწიფოსი, რ-საც იმდროინდელ ახლო აღმოსავლეთში განსაკუთრებული მისია-ქრისტიანობის დაცვა-განმტკიცება ეკისრებოდა. თავისი მესიანისტური კონცეფციით „ა.“ ეხმაურება კლასიკური ხანის სხვა ძეგლებს; მისი იდეოლოგიური მიმართულების აშკარა პარალელი დასტურდება თამარისავე ეპოქის საისტ. თხზულებებში. ხოტბები დაწერილია ამაღლებული, მწიგნობრული სტილით, ავტორი ამჟღავნებს ფართო და ღრმა განსწავლულობას.

გამოც.: შავთელი ი., თამარ მეფსა და მეუღლისა მისისა დავით მეფისა შესხმა, პლ. იოსელიანის გამოც., ტფ., 1838; ძველი ქართველი მეხოტბენი, [წგნ.] 2, ი. ლოლაშვილის გამოც., თბ., 1964; Марр Н. Я. Древнегрузинские одописцы (XII в.) «Тексты и разыскания по арм.-груз. филологии», 1902, кн. 4; Шавтели, Абдулмессия, пер. с груз. Ш. Нуцубидзе, тб., 1942.

ლიტ.: ბ ა რ ა მ ი ძ ე  ალ. ნარკვევები ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, [ტ.] 1, თბ., 1945; კ ე კ ე ლ ი ძ ე  კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, [ტ.] 2, თბ., 1958; ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1966.

ს. ცაიშვილი