აბრამადი

აბრამადი, აბარმადი, მეფის მოხელე ძვ. საქართველოში.

უმთავრესად სამეურნეო ფუნქციები ეკისრებოდა. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, სამეფო კარის ხელისუფალთაგანი, სახლთუხუცესი. „...ამისი ჴელისა იყო სამეფო შემოსავალი და გასავალი; ამან უწყოდა წესნი და რიგნი სახლისა მეფისანი და თათბირობა სამეფოსი და სახასონი მეფისანი. და ამას ქუეითნი ჴელისუფალნი ამისი დასახედნი იყვნენ, არამედ უმეტეს ეჯიბს ქუემორენი“ („ქართლის ცხოვრება“, ტ. 4, თბ., 1973, გვ. 20). სულხან-საბას განმარტებით, ა. შეესაბამება ეზოსმოძღვარს, უფრო ზუსტად – სალაროს ნაზირს. ა-ად იწოდებოდა აგრეთვე მონასტრის ერთ-ერთი ხელისუფალი.

ლიტ.: ს უ რ გ უ ლ ა ძ ე  ი., საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიისათვის, [ტ.] 1, თბ., 1952, გვ. 173; შ ა ნ ი ძ ე  ა., ქართველთა მონასტერი ბულგარეთში და მისი ტიპიკონი, თბ., 1971, გვ. 147–148, 330.

დ. ფურცელაძე