აბრამიშვილი გიორგი იოსების ძე (28. III. 1917, ბორჯომი–16. III. 1992, გორი ), რეჟისორი, მსახიობი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1965).
1940 დაამთავრა საქართვ. შოთა რუსთაველის სახ. თეატრ. ინ-ტის სამსახიობო ფაკ-ტი. მსახიობად მუშაობდა ფოთის, ბორჯომის, თბილ. რუსთაველის სახ. თეატრებში. 1947 ბორჯომის სახელმწ. თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. 1948 დაამთავრა მოსკ. ა. ლუნაჩარსკის სახ. თეატრ. ხელოვნ. სახელმწიფო ინ-ტთან არსებული რეჟისორთა დახელოვნების კურსები. 1948–50 და 1968–70 მუშაობდა თელავის თეატრის მთავარ რეჟისორად. 1950–52 იყო მესხეთის (ახალციხე) თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი, 1952–68 – გორის თეატრის რეჟისორი, 1970 –75 – მთავარი რეჟისორი. სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა ზუგდიდის, ცხინვალის თეატრებს. ა-ის შემოქმედება გამოირჩეოდა უშუალობით, სცენური ნახატის სიზუსტით. როლები: ივანე (გ. ერისთავის „გაყრა“), ყვარყვარე (პ. კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“), შაჰ-აბასი (ი. ვაკელის „გიორგი სააკაძე“) და სხვ. ა-ის რეჟისორული შემოქმედებისათვის ნიშანდობლივია მსახიობებთან გულდასმით მუშაობა, სახეების ფსიქოლ. დამუშავება. მნიშვნელოვან ადგილს უთმობს სპექტაკლის მუს. გაფორმებას. საუკეთესო დადგმები: ო. ბალზაკის „დედინაცვალი“, კ. გოლდონის „ორი ბატონის მსახური“, ა. ჩხაიძის „ხიდი“, ვ. კანდელაკის „მაია წყნეთელი“, რ. მამულაშვილის „თორტიზელი ქალიშვილი“, ლოპე დე ვეგას „ცეკვის მასწავლებელი“ და სხვ.
შ. ცუცქირიძე