აბრაჰამ I, აბრამი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1282–1310, პოლიტ. მოღვაწე, ადრე იყო მეფის ჯვარისმტვირთველი.
დემეტრე II თავდადებულისა და დავით VIII-ის თანამედროვე. კათოლიკოსის ტახტის დაკავებამდე ა. I. მოხსენებულია 1278 გედარეხის წარწერაში. ა. I-მა დემეტრე II-ს მოუწონა გმირული გადაწყვეტილება, ნებით წასულიყო მონღოლთა (ჰულაგუიანების) ურდოში, რათა საქართველოსათვის აეშორებინა მონღოლთაგან აოხრება. სამეფო დარბაზის სხდომის დროს, სადაც მეფის წასვლის საკითხი წყდებოდა, ა. I-მა პატრ. სიტყვით მიმართა მეფეს და განაცხადა, რომ თუ ის თავს დადებდა ერისთვის, ეპისკოპოსნი იტვირთებდნენ მის ცოდვებს და შერაცხავდნენ წმინდანად, რის დასტურადაც მოიყვანა ქრისტეს სიტყვები სახარებიდან: „უფროჲს ამისსა სიყუარული არა არს, რათა დადვას კაცმან სული თვსი მოყუსისათჳს“ („ქართლის ცხოვრება“, ტ. II, გვ. 288). ა. I ურდოში გაჰყვა დემეტრე II-ს და ქვეყნისათვის წამებული მეფის ცხედარი საქართველოში მალულად ჩამოასვენა. მანვე აკურთხა მეფედ დავით VIII. ა. I ოთხჯერ მონაწილეობდა მეტად რთულ და სახიფათო ელჩობაში. დავალებული ჰქონდა დაეზავებინა მონღოლთა წინააღმდეგ აჯანყებული დავით VIII და ყაზან-ყაენის მიერ საქართველოს ასაოხრებლად წარმოგზავნილი ხუტლუბუღა. მონღოლებმა ელჩობის ზოგი მონაწილე მოკლეს. შეთანხმება ვერ მოხერხდა. ა. I მოხსენიებულია სინას მთის მონასტრის სულთა „მატიანეში“ „ს-ლსა ქართლისა კათოლიკოზისა აბრაჰამს შ-ს ღ-ნ“.
წყარო: ჟამთააღმწერელი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959.
ლიტ.: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები, რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2000.
ბ. ლომინაძე