აბრსკილი

აბრსკილი, აფხაზური ფოლკლორის გმირი, „ამირანიანის“ აფხაზური ვერსიის მთავარი პერსონაჟი, ამირანის ორეული.

ა. უმანკოდ ჩაისახა, ებრძოდა სამშობლოს მტრებს, ავი თვალის ადამიანებს, ბოროტ ძალებს; ღმერთს ქედს არ უხრიდა, თავი ღვთის სწორად მიაჩნდა. ღმერთმა დასაჯა იგი და ჭილოუს გამოქვაბულში (ახლანდ. ოჩამჩირის მუნიციპ.) რკინის პალოზე დააბა. თქმულების მიხედვით, ა-ის მიერ მორყეულ პალოზე ბოლოქანქარა ჩიტი ჯდება, გმირი უროს მოუქნევს, ჩიტი გაფრენას ასწრებს, პალო კი კვლავ ღრმად ესობა მიწაში – ა. მარად მიჯაჭვული რჩება. ნ. მარი ა-ს „მზის შვილად“ მიიჩნევს (აფხ. ამირ-აბირ-მზე; მეგრ.-ჭან. სკილ-სკირ-შვილი), მ. ჩიქოვანი – „ამბარის შვილად“ (ამბარი „ამირანიანის“ ერთ-ერთი პერსონაჟია), შ. სალაყაია – „ქვის შვილად“ (აფხ. აბრა-ქვა).

ლიტ.: ჩ ი ქ ო ვ ა ნ ი  მ., ქართული ეპოსი, წგ. 1 – 2, თბ., 1959 – 1965; С а л а к а я  Ш. Х., Абхазский народный героический эпос, Тб., 1966.

ჯ. ბარდაველიძე