აბრსკილის მღვიმე

აბრსკილის მღვიმე, კარსტული მღვიმე ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში (აფხაზეთის არ), მდ. ოტაფის აუზში, ფანავის ქედის სამხრ. მთისწინეთში. სოფ. ოტაფიდან 1,5 კმ.

გამომუშავებულია ზედაცარცულ შრეებრივ კირქვებში, ზ. დ. 210 მ სიმაღლეზე. ა. მ-ში მკაფიოდ გამოიყოფა ძირითადი მეანდრირებული გრძელი გასასვლელი (საშ. სიგანე 3 – 60 მ, მაქს. სიმაღლე 20 მ), რ-იც 1710 მ-მდე გრძელდება და სიფონებით იხშობა. ჭერის ჩამონგრევის ადგილებში მოზრდილი დარბაზებია: „აბრსკილი“ (გადმოცემით აქ, ერთ-ერთ სტალაგმიტზე, მიჯაჭვული იყო ლეგენდარული აბრსკილი), „ჭაღებიანი დარბაზი“, „ფარდებიანი დარბაზი“, „მეანდრირების“, „გუმბათისებური“, „გიგანტური “ და სხვ. მღვიმის საპროექტო სიგრძე 2,5 კმ-მდეა, ფსკერის ფართ. 19, 1 ათ. მ², საერთო მოცულობა 95, 5 ათ. მ³. ა. მ-ში გაედინება მდ. აჩყითიზგო – დებიტი 45 ლ/წმ-მდე, წყლის სიღრმე 0,4 – 1,2 მ ფარგლებში მერყეობს, ტემპ-რა 12,5°C-მდეა. ა. მ. მდიდარია სუბტერალური ნალექებით. ცალკეული უბნები უხვად არის მორთული მრავალფეროვანი სტალაქტიტური წარმონაქმნებით, მათ შორის არის ანომალიური ფორმები, ძაფისებური სტალაქტიტები, კალციტის ფარდები, 8 მ სიმაღლის კარსტული სვეტი. პლასტ. თიხების სიმძლავრეა 3–4 მ. მიკვლეულია მღვიმური დათვის მთლიანი ჩონჩხი, მუსტიეს ხანის ქვის ხელნაჯახი და სხვ.

ა. მ. ერთ-ერთი უდიდესი და ულამაზესი მღვიმეა კავკასიაში.

ლიტ.: ტ ა ტ ა შ ი ძ ე  ზ., წ ი ქ ა რ ი შ ვ ი ლ ი  კ., ჯ ი შ კ ა რ ი ა ნ ი  ჯ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 2009; Маруашвили Л. И., Пешера Абласкира – замечательное карстовое образование в Абхазии, «Природа», 1938, № 10.