აბულაძე ბიძინა ვლადიმერის ძე (5. IV. 1907, ზედა საქარა, ახლანდ. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, — 13. III. 1964, თბილისი), მწერალი.
ა. 1922-იდან შედიოდა ქართვ. ფუტურისტების ლიტ. ჯგუფში; 30-იან წლებში ეწეოდა ჟურნალისტურ მოღვაწეობას. 1937–38 იყო გაზ. „საბჭოთა აფხაზეთის“ პასუხისმგებელი მდივანი; 1938–41 – გაზ. „კომუნისტის“ ლიტ-რის განყ-ბის გამგე. ბეჭდავდა მხატვრულ ნარკვევებს, კრიტ. წერილებს, თეატრალურ რეცენზიებს. ავტორია მონოგრაფიებისა: „მარჯანიშვილის თეატრი“ (1938; დ. ჯანელიძესთან ერთად), „ქუთაისის თეატრი“ (1941).
II მსოფლიო ომის დროს, 1942, სევასტოპოლთან ტყვედ ჩაუვარდა გერმანელებს. საკონცენტრაციო ბანაკიდან ქართვ. ემიგრანტებმა დაიხსნეს.
ცხოვრობდა გერმანიაში. ქართ. ენაზე თარგმნა გოეთეს, შილერის, ჰაინეს, რილკეს თხზულებანი. 1945 გერმანიიდან დაბრუნებული მოსკოვში დააპატიმრეს, ხელნაწერები დაუწვეს და გადაასახლეს. 1956 საქართველოში დაბრუნდა.
რუს. ენაზე თარგმნა ა. ბელიაშვილის, რ. ინანიშვილის, ე. ყიფიანის, გ. ჩიქოვანის მოთხრობები, ს. ჭილაიას მონოგრაფია „ქართული საბჭოთა ლიტერატურის განვითარების გზები“; „სიბრძნე ბალავარისა“, „ამირანდარეჯანიანი“ და სხვ.
რ. კვერენჩხილაძე