აბუ ლ-ფიდა ისმაილ იბნ ალი ალ-აიუბი [1273, დამასკი, – 27.1331, ჰამა (სირია)], არაბი ისტორიკოსი და გეოგრაფი;
ჰამის აიუბიდ (აიუბიდები – დინასტია ახლო აღმოსავლეთში) ამირათა შთამომავალი. მეცნ. სხვადასხვა დარგის (ასტრონ., მედ., ბოტან.) შესანიშნავი მცოდნე, ნიჭიერი პოეტი. იყო მამლუქთა სულთნების სამსახურში. ცნობილია მისი ორი თხზულება: ისტ. თხზ. „ადამიანთა მოდგმის შემოკლებული ისტორია“ („მუხთასარ ფი თარიხ ალ-ბაშარ“) შედგება ორი ნაწილისაგან: პირველში მოთხრობილია ისლამამდელი ხანის ისტორია, მეორეში – ისლამის ისტორია 1329 წლამდე. ეს თხზულება კომპილაციური ხასიათისაა, მაგრამ მასში მოიპოვება ისეთი მასალაც, რაც ადრინდელ ავტორებთან არ გვხვდება, მაგ., მასალები მონღოლთა ბატონობის პერიოდისათვის. ა. ლ-ფ-ს „ისტორიის“ ცნობები საქართველოს შესახებ ქართ. ისტორიოგრაფიაში შემოიტანეს ი. მაჭავარიანმა და ი. ჯავახიშვილმა. გეოგრ. თხზ. „ქვეყნების მოწესრიგება“ („თაკვიმ ალ-ბულდან“) კომპილაციური ნაწარმოებია, რ-იც შევსებულია ბევრი ახალი მასალით, უმეტესად არამუსლიმურ ქვეყნებთან დაკავშირებით. წიგნში საინტერესო ცნობებია საქართველოს შესახებ. აღწერილია შავი ზღვა, მდ. მტკვარი და მასზე მდებარე ქალაქები (მ. შ. თბილისი), კავკასიონის ქედი და იქ მოსახლე ხალხები.
ლიტ.: არაბ და სპარსელ მწერალთა გეოგრაფიული და ისტორიული ცნობანი საქართველოს შესახებ, თარგმ. ივ. მაჭავარიანის, «მოამბე», 1897, №12 და 1898 №1 – 2; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 2 – 3, თბ., 1983 – 82 (თხზ. თორმეტ ტომად).
ე. სიხარულიძე