აბუსერისძენი, XI – XIV სს. საქართველოს დიდ ფეოდალთა საგვარეულო.
ამ გვარის პირველი წარმომადგენელი არტანუჯის ერისთავი იოანე აბუსერის ძე ბაგრატ IV-ის მეფობის პირველ წლებში იხსენიება. ამ დროს ა. ყოფილან კლარჯეთის (არტანუჯის) ერისთავები და ხიხათა (აჭარაში), ციხისჯვრისა (სამცხეში) და აწყურის (სამცხეში) ციხეების პატრონები (მფლობელები). XI ს. II ნახევარში თავდაპირველად მათ დაკარგეს არტანუჯის ერისთავობა, შემდეგ ციხისჯვარი და აწყური. XII– XIII სს-ში იყვნენ ხიხათა პატრონები და ერისთავთერისთავები. ა. XII ს-ში ფლობდნენ ტბეთსაც (შავშეთში), რის შედეგადაც მათ საგვარეულოში დამკვიდრდა სახელი ტბელი. XIV ს-ში ა. დაწინაურდნენ დას. საქართველოს სამეფო კარზე და მიაღწიეს ამირსპასალარობას. XIV ს-ში ცნობილია ამირსპასალარი ივანე აბუსერისძე (გ. 1355). XV – XVI სს-ში ა., ისევე როგორც მთელი აჭარა, დაექვემდებარნენ სამცხის ათაბაგებს. უკანასკნელად ა. იხსენიებიან XVI ს. სამცხე-საათაბაგოს თავადთა სიაში.
წყარო: აბუსერისძე ტბელი, ბოლოკ-ბასილის მშენებლობა შუარტყალში და აბუსერიძეთა საგვარეულო მატიანე, ლ. მუსხელიშვილის გამოც., თბ., 1941; მატიანე ქართლისა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955.
ნ. შოშიაშვილი