აბჯარი

აბჯარი, სამხედრო საჭურველი, რომელიც მეომარსა და მის ცხენს მტრის მჭრელი და საძგერებელი იარაღისაგან იცავდა.

„ესე ზოგადი სახელი არს ყოველთა საჭურველთა უფროსად საცვამთა ჯაჭვთა“ (საბა). უძველესი დროიდან გავრცელებული იყო ხისა და ტყავის ა., ლითონის ა. ბრინჯაოს ხანაში გაჩნდა. იგი შედგებოდა ჩაფხუტის, ჯაჭვ-კურტაკისა და ლითონის ან ლითონგადაკრული ტყავის სარტყლისაგან. მკლავებზე (მაჯიდან იდაყვამდე) მეომრები 25– 30 ცალ ბრინჯაოს რგოლს იცვამდნენ. ფეხების დასაცავად სპარტელები ზედ ქეჩას იკრავდნენ, შემდგომში კი ლითონის მთლიან ფირფიტებს ხმარობდნენ. ძვ. საბერძნეთში მსუბუქად შეიარაღებულ ქვეითს სელის ქსოვილის რამდენიმე ფენისაგან შეკერილი ქურქი ეცვა, თავზე მსუბუქი ჩაფხუტი ეხურა და ხელთ მცირე ფარი ეპყრა. მძიმედ შეიარაღებული ქვეითის (ჰოპლიტის) ა. შედგებოდა სპილენძის ან რკინის მუზარადის, ჯავშნის, ოვალური ფარის და საჩერნისაგან. ლითონის სარტყელზე დამაგრებული იყო ლითონგადაკრული ბრტყელი თასმები, რ-ებიც კაბასავით ეშვებოდა და მეომარს წელქვევით იცავდა. ასეთივე სარტყელი და ჩაფხუტი ჰქონდათ რომაელებსაც. ისინი, გულ-მკერდს ზედ დამაგრებული ლითონის დაფით იცავდნენ. ა-ად ხმარობდნენ აგრეთვე ტყავის ტანსაცმელს, რ-ზეც ლითონის ფირფიტები ან რგოლები იყო დაკერებული. ამგვარი ა-გან გაჩნდა შემდგომში თორი. ა-ის ხმარება რომალებისაგან გალებმა ისწავლეს. ძვ. გერმ. ტომებმა ლითონის ა. VII–VIII სს-ში შემოიღეს. XI ს. ევროპაში გავრცელებული იყო ფოლადის ფირფიტებისაგან შეკრული მთლიანი ა., ხოლო ჯაჭვის ა. – ფოლადის რგოლებით მჭიდროდ ასხმული ბადის შარვალი და პერანგი – ჯვაროსნებმა შეიტანეს აღმ-იდან (ჯაჭვის ა-ის ხმარება ჯერ კიდევ ძვ. ასურელებმა იცოდნენ). ამ ა-ის მუზარადსაც ფოლადის ბადე (ზარადი) ჰქონდა, რ-იც მხრებს სწვდებოდა და კეფასა და სახეს იცავდა. შემდგომში ჯაჭვის პერანგზე (მხრებზე, კისრის არეში და სხვ.) ზოგჯერ ლითონის ფირფიტებსაც ამაგრებდნენ. XV ს. მხედარს ეცვა ჯავშანი, საწვივე, საბარკული და ლითონის ფეხსაცმელი, ხელებზე – ჯაჭვებგადაკრული ხელთათმანი. ცხენსაც ჯავშანი იცავდა, შუბლს ლითონის საშუბლე უფარავდა და მკერდზე ფარი ჰქონდა ამოკრული. ა. მეომარს თითქმის ყოველგვარი იარაღისაგან იცავდა. საასპარეზო და საზეიმო ა. ოქრო-ვერცხლით, პატიოსანი თვლებით და მდიდრული ქსოვილებით იყო მორთული. მძიმედ შეიარაღებული აბჯროსანი რაინდი ძლიერი ძალა იყო და ხშირად ბრძოლის ბედს წყვეტდა. ცეცხლსასროლი იარაღის განვითარებასთან ერთად ა-მა თანდათანობით დაკარგა მნიშვნელობა.

საქართველოში ა-ს უძველესი დროიდან ხმარობდნენ. თრიალეთში არქეოლ. გათხრების დროს აღმოაჩინეს ბრინჯაოს მუზარადისა და ფარაგის ნაშთები (ძვ. წ. III ათასწლ.); ლილოსა და კაჭრეთში – ბრინჯაოს მრგვალი ფარები, სამთავროში – ბრინჯაოს სარტყელები. ვანში აღმოჩენილ ანტ. ხანის სამარხში დაკრძალულ მეომარს ბრინჯაოს საბარკული და საწვივე ეცვა. ჰეროდოტეს ცნობით (ძვ. წ. V ს.), მოსინიკებს ტყავის მუზარადი ეხურათ და ქსოვილის კვართი ემოსათ; მოსხებს დაწნული, ხარისტყავგადაკრული, ფათალოს ფურცლისებრი ფარები ჰქონდათ, სხეულს კი სელის კვართით იცავდნენ; ხალიბებსაც სელის კვართი ეცვათ. თავსარქმელად ხესაც იყენებდნენ. ხის მუზარადი ეხურათ მოსინიკებს, ტიბარენებს, კოლხებს. ბერძნ. მითის მიხედვით, კოლხეთის მეფე აიეტს ღვთაება არესისგან ნაბოძები ჰქონდა ოთხჯიღიანი ოქროს მუზარადი. საქართველოში ნადავლ საჭურველს, მ. შ. მუზარადებს, სალოცავებს სწირავდნენ. მაგ., ქუცნა ამირეჯიბს ჯალალედინის მუზარადი მრავალძლის ეკლესიისათვის შეუწირავს (ამჟამად საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმში ინახება). ქართვ. მეომრები თავსარქმელად მუზარადს, ჩაფხუტს და ჩაჩქანს იყენებდნენ. ძლიერი დარტყმის შესასუსტებლად ჩაჩქანქვეშ თუშურ ქუდს იხურავდნენ, მუზარადქვეშ – სვანურს. ტერმ. „აბჯარი“ შუა საუკ. დასაწყისიდან საერთოდ საჭურველს აღნიშნავდა. შუა საუკ. მიწურულში „აბჯრის“ შინაარსი „იარაღმა“ მიითვისა. აბჯარში კი მხოლოდ თავდასაცავი საჭურველი იგულისხმებოდა. ა. საქართვ. მთაში, სადაც მას თითქმის ბოლო დრომდე ხმარობდნენ, ფართო გაგებით თავდასაცავი და შესატევი საჭურვლის ერთ „ტანს“ (ერთ კომპლექტს) აღნიშნავდა. მასში შედიოდა მუზარადი ან ჩაჩქანი, ჯაჭვის პერანგი ან ჯავშანი, სამკლავები, ფარი, ხმალი, დაშნა, ურსა (დანა), საჩერნე, საბარკული, საცერული, შემდეგ – თოფიც, დამბაჩაც, მასრებიც და საპირისწამლეც.

ლიტ.: ჩ ო ლ ო ყ ა შ ვ ი ლ ი  კ., ქართული საბრძოლო იარაღები. ფარი, «ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწ. მუზეუმის მოამბე», 1954, ტ. 18 В; მისივე, ქართული საჭურველი. ჯაჭვი, იქვე, 1956, ტ. 19В; მისივე, ქართული საჭურველი. ჩაჩქანი, იქვე, 1957, ტ. 19А და 21В; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი  ივ., მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტურის ისტორიისათვის, [ტ.] 3 – 4, თბ., 1962; Р а з и н  Е. А., История военного искусства с древнейших времен до первой империалистической войны 1914 – 1918 гг., ч. 1 – 2, М., 1940.

კ. ჩოლოყაშვილი