აგათია სქოლასტიკოსი (Agathias Scholasticos) (დაახლ. 536 – დაახლ. 582), ბიზანტიელი პოეტი და ისტორიკოსი, განათლებით იურისტი.
ზედწოდება აღნიშნავს მისი, როგორც ვექილის, საქმიანობას. მისი საისტორიო თხზულება „იუსტინიანეს მეფობისათვის“ წარმოადგენს პროკოპი კესარიელის „ისტორიის“ გაგრძელებას და შეიცავს მდიდარ ცნობებს დას. საქართველოს (ლაზიკის) პოლიტ. ვითარების შესახებ 552–558; აქ მოთხრობილია ირანისა და ბიზანტიის ომის მსვლელობის შესახებ ამ ფრონტზე, ირანელთა ლაშქრობებზე ლაზიკაში, ბიზანტიელთა მიერ მეფე გუბაზ II-ის მოკვლის ამბავი, ლაზების სახალხო კრების შესახებ, რ-ზედაც განიხილებოდა ბიზანტიასთან ურთიერთობის საკითხი; ა. ს-ს აქ მოჰყავს ლაზ პოლიტ. მოღვაწეთა, აიეტისა და ფარტაზის, სიტყვები, რ-ითაც შემოგვინახა ძვ. ქართ. მჭერმეტყველების ნიმუშები. აქვეა მოცემული ლაზების, სვანების, მისიმიელების, ჭანების დახასიათება, დას. საქართვ. დაბა-ქალაქებისა და ციხესიმაგრეების (ქუთაისი, მუხურისი, ვარდციხე, ტოლები) აღწერილობა. ა. ს-ის თხზულება ერთ-ერთი მთავარი წყაროა VI ს. საქართველოს ისტორიისათვის.
თხზ.: ცნობები საქართველოს შესახებ, წგ.: გეორგიკა, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 3, თბ., 1936.
ნ. ლომოური