აგვისტოს აჯანყება 1924, ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობის აღსადგენად.
საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისთანავე გაიშალა მოძრაობა დაკარგული დამოუკიდებლობის დასაბრუნებლად. 1921 ზაფხულში სვანეთში მოხდა მასობრივი გამოსვლები, რ-იც მალე დამარცხდა (იხ. სვანეთის აჯანყება 1921). ამ აჯანყებამ ბიძგი მისცა მოსახლეობის პოლიტ. აქტივობას საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. 1922 ზაფხულში საქართვ. დამოუკიდებლობის დაკარგვით უკმაყოფილო ქართველობამ თავი მოიყარა ქ. ჩოლოყაშვილის რაზმში. ასეთივე რაზმები შეიქმნა ქართლში, გურიაში, სამეგრელოში და სხვ. 1922 საქართვ. პოლიტ. პარტიებისაგან ჩამოყალიბდა აჯანყების ხელმძღვანელი შტაბი – დამოუკიდებლობის კომიტეტი. იმავე წლის ზაფხულში შეიქმნა ე. წ. პარიტეტული კომიტეტი. აჯანყების მოსამზადებლად გამოიყო სამხედრო ცენტრი. 1922 აჯანყებამ იფეთქა ხევსურეთსა და კახეთში (იხ. ხევსურეთის აჯანყება 1922). გამოსვლები მოეწყო გურიაში. 1923 დამოუკიდებლობის კომიტეტი აჯანყებისათვის სამზადისს განაგრძობდა. მის განკარგულებაში გადავიდა ქ. ჩოლოყაშვილის რაზმი. 1923 თებერვალში ეროვნ.-დემოკრ. პარტიის სტუდენტთა კომიტეტის წევრმა კ. მისაბიშვილმა გასცა სამხედრო ცენტრი, რ-ის წევრები დააპატიმრეს. მარტში პოლიტსამმართველომ საიდუმლო სტამბა აღმოაჩინა. რკპ(ბ) ცკ-ის მოთხოვნით, 1923 წ. 19 მაისს სამხ. ცენტრის მეთაურები, გენერლები კ. აფხაზი, ა. ანდრონიკაშვილი და ვ. წულუკიძე, ოფიცრები რ. მუსხელიშვილი, გ. ხიმშიაშვილი, ე. გულისაშვილი, ა. მაჭავარიანი, დ. ჩრდილელი, ს. მუხრანბატონი, ფ. ყარალაშვილი, ლ. კლიმიაშვილი, მ. ზანდუკელი, ი. კერესელიძე, ს. ჭიაბრიშვილი და ი. ქუთათელაძე ადმ. წესით დახვრიტეს.
1922 ოქტომბერში უცხოეთიდან საქართველოში დაბრუნდა სოციალ-დემოკრატი ნოე ხომერიკი, რ-მაც თავის წრეში გაშალა მუშაობა. სამხ. ცენტრის განადგურების შემდეგ დამოუკიდებლობის კომიტეტმა აჯანყების მოსამზადებლად სამხედრო კომისია შექმნა. 1923 აპრ. საიდუმლო სამხედრო შეკრებამ განიხილა აჯანყების გეგმა და მიიღო ფიცის ტექსტი, რ-იც ადრე მიღებული ჰქონდა ეროვნულ-დემოკრატ სტუდენტთა რაზმს. შემდეგ იგივე ფიცი მიიღო ქ. ჩოლოყაშვილის რაზმმა და მას „შეფიცულების რაზმი“ ეწოდა. აჯანყების გეგმით საქართველოს სოფლები და ქალაქები დაიყო სამოქმედო რ-ნებად, აჯანყების მონაწილეები – ხუთეულებად, ათეულებად და ასეულებად, თბილისი – 6 რ-ნად. დანიშნეს რ-ნების სარდლები და მათი მოადგილეები. 1923 შემოდგომაზე კომიტეტი დაუკავშირდა აზერბ., სომხ. და ჩრდ. კავკასიის მთიელთა რესპუბლიკის საბჭოთა წყობილებასთან დაპირისპირებულ ძალებს. მაგრამ ამას სასურველი შედეგი არ მოჰყოლია. მალე ჯერ ნ. ხომერიკი, შემდეგ კი გ. ფაღავა და გ. წინამძღვრიშვილი დააპატიმრეს. აჯანყების მზადებას საზღვარგარეთიდან ქართვ. ემიგრანტები ხელმძღვანელობდნენ. აჯანყებაში მონაწილეობისათვის საზღვარგარეთიდან დაბრუნდნენ ვ. ჯუღელი, ბ. ჩხიკვიშვილი, ვ. ცენტერაძე და სხვები. სამხ. კომისიის შემადგენლობა განახლდა; მასში შევიდნენ კ. ანდრონიკაშვილი, ვ. ჯუღელი, გ. ჯინორია (სოციალ-დემოკრატი), იასონ ჯავახიშვილი და ს. ზალდასტანიშვილი. აჯანყების დაწყების თავდაპირველი თარიღი შეიცვალა. აჯანყების მთავარსარდლად დაინიშნა გენ. ს. ჭავჭავაძე. ამ დროისათვის საზღვარგარეთიდან მიიღეს ნ. ჟორდანიას შედგენილი აჯანყების სადირექტივო გეგმა, რ-ის მიხედვითაც აჯანყება მთელ სამხრ. კავკასიაში ერთდროულად უნდა დაწყებულიყო. 1924 ივლისში ყველა პოლიტ. პარტიის ბიუროსა და კომიტეტის გაფართოებულ სხდომაზე აჯანყების დღედ 17 აგვისტო დანიშნეს. 7 აგვისტოს პოლიტსამმართველომ დააპატიმრა ვ. ჯუღელი. შემდეგ ბ. ჩხიკვიშვილი და ვ. ცენტერაძე. ამით აჯანყების გეგმები გამომჟღავნდა. მალევე დააპატიმრეს ბათუმის გაერთიანებული ორგანოს წევრები (გენ. ყარალაშვილი, გენ.-მაიორი ფურცელაძე, ვ. ახვლედიანი, ვ. ჩიტიშვილი და სხვ.), მისი ხელმძღვანელი, მენშევიკური პარტიის ცკ-ის წევრი მ. საბაშვილი. დაპატიმრებებმა აჯანყებულთა რწმენა ერთგვარად შეარყია. სოციალისტ-ფედერალისტებმა უარი თქვეს აჯანყებაში მონაწილეობაზე და პასუხისმგებლობა მოიხსნეს. 24 აგვ. ხუთეულმა (კ. ანდრონიკაშვილი, ი. ჯავახიშვილი, დ. ონიაშვილი–სოც.-დემოკრატები, შ. ამირეჯიბი – ეროვნ.-დემოკრატი და გენ. ს. ჭავჭავაძე) აჯანყების დღედ 29 აგვ. დანიშნა. აჯანყების მთავარი შტაბისა და დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრები ქ. ჩოლოყაშვილის რაზმში მივიდნენ. თბილისში დარჩნენ კომიტეტის წევრები მ. იშხნელი და ს. ზალდასტანიშვილი. აჯანყება დაიწყო დანიშნულ დღეზე ადრე, 28 აგვ., ქ. ჭიათურაში. ამან აჯანყებულთა გეგმები არია. თბილისში რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ და წითელი არმიის სარდლობამ დამატებითი სამხ. ნაწილები შეიყვანა. დაიკავეს პოლიტ.-სტრატეგიული მნიშვნელობის შენობები: ფოსტა-ტელეგრაფი, რკინიგზის სადგური და სხვ. 29 აგვ. ღამით პოლიტსამმართველომ დააპატიმრა კახეთის ორგანიზაციის ყველა წევრი და ადმ. წესით დახვრიტა. აჯანყებულთა რაზმები თბილისისკენ წამოვიდნენ, მაგრამ შეტაკებაში დამარცხდნენ. ქ. ჩოლოყაშვილის რაზმი თურქეთში გადავიდა. მათ თან გაჰყვა აჯანყების მთავარსარდალი გენ. ს. ჭავჭავაძე. აჯანყება თითქმის მთელ საქართველოს მოედო. ჭიათურაში თავდაპირველად აჯანყებულებმა გაიმარჯვეს, მაგრამ მალე დამარცხდნენ. გურიაში რამდენიმე სოფელი და რკინიგზის სადგური სუფსა დაიკავეს; ალყა შემოარტყეს ოზურგეთს, მაგრამ წითელი არმიის ნაწილებმა 2 სექტ. ისინიც დაამარცხა. სამეგრელოში აჯანყებულებმა დაიკავეს სენაკი, აბაშა, ბანძა და სხვა სოფლები. სვანეთში აჯანყების ჩაქრობას სამი კვირა დასჭირდა. იმერეთში აჯანყებულებმა დაიკავეს სოფლები ჩხარი, ვანი და სხვ. აჯანყებულები მალე დამარცხდნენ. 4 სექტ. კ. ანდრონიკაშვილი და ივ. ჯავახიშვილი დააპატიმრეს. მათ საქართველოს მოსახლეობას მიმართეს მოწოდებით, რომ აჯანყება განწირულია, მისი გაგრძელება უაზრობაა, კომიტეტი დაშლილია და აჯანყებულები საბჭ. ხელისუფლებას უნდა დანებდეთო. აჯანყებულთა დიდი ნაწილი ნებაყოფლობით დანებდა ხელისუფლებას. აჯანყების ჩაქრობაში მონაწილეობდნენ წითელი არმიის ნაწილები, წითელი არმიის ქართული შენაერთები, პოლიტსამმართველოს ორგანოები, ქართველ მოხალისეთა რაზმები. პოლიტსამმართველომ აჯანყებულთა ნაწილი დახვრიტა, ნაწილი კი ციმბირში გადაასახლა. განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ სამეგრელოსა და შორაპნის მაზრაში მოქმედი დამსჯელი რაზმები. შორაპანში, ჯერჯერობით დოკუმენტურად დაუსაბუთებელი ცნობით, სატვირთო ვაგონებში ტყვიამფრქვევით ჩაცხრილეს ასობით ადამიანი, რ-თა შორის ბევრი უდანაშაულო იყო. აჯანყების დღეებში მეტეხის ციხეში დახვრიტეს 1922, 1923 და 1924 დაპატიმრებულები, რ-ებიც, ცხადია, ა. ა-ში არ მონაწილეობდნენ. მეტეხის ციხეში 31 აგვისტოსა და 3 სექტ. 146 პატიმარი დახვრიტეს. ტერორმა დიდი სიმძვინვარით გადაუარა მთელ საქართველოს. ხვრეტდნენ ყველას, ვინც „სოციალურად საშიში“ იყო. ამ მხრივ გამოირჩეოდა სამეგრელო, გურია, კახეთი, იმერეთი, გორის მაზრაში მდ. ლეხურის ხეობა. დახვრეტილთა დიდი ნაწილი პოლიტ. ცხოვრებაში არ მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთელ რიგ რეგიონებში გლეხები სტიქიურად გამოდიოდნენ აჯანყებულთა წინააღმდეგ. გლეხებმა სოფლებიდან გარეკეს თავად-აზნაურები, ხშირად მიმართავდნენ მათ მიმართ ტერორს. ამ სტიქიურმა მოძრაობამ საშიში ხასიათი მიიღო და რესპ. პარტიულმა და საბჭ. ხელმძღვანელობამ საგანგებო ზომებიც კი გაატარა, რომ ტერორი და გლეხთა გამოსვლები შეეჩერებინა. სიკვდილით დასჯილთა რაოდენობას სხვადასხვა ციფრით გამოხატავენ, უფრო ხშირად კი 4000-ს, 5000-ს ასახელებენ. არის ცნობა, რომ 7000 კაცი დასაჯეს. 1924 წ. 5 სექტ. თსუ-ი პროფესორთა საბჭომ თავის განცხადებაში აჯანყება დაგმო როგორც ავანტიურისტული, უპასუხისმგებლო აქცია, როგორც ქართველი ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაული. აჯანყება დაგმო მასწავლებელთა კონფერენციამ თბილისში და სხვა საზ. ორგანიზაციებმა. აჯანყების ჩაქრობის შემდეგ, 1924 ოქტ. ბოლოს, რკპ (ბ) ცკ-ის პლენუმმა მოისმინა აჯანყების მიზეზების შემსწავლელი კომისიის (გ. ორჯონიკიძე, დ. მანუილსკი, ე. კვირინგი) მოხსენება (მომხს. გ. ორჯონიკიძე). პლენუმმა პოლიტ. შეფასება მისცა მოვლენებს და საქართველოს კპ ცკ-ის მიერ გატარებული ღონისძიებები მოიწონა. აჯანყების გამომწვევ მიზეზთა შორის დასახელებული იყო საბჭ. ხელისუფლების მშენებლობის პროცესში დაშვებული შეცდომები: აგრარულ-გლეხურ საკითხებში გატარებული რეფორმების არაეფექტურობა, მოსახლეობის გარკვეულ ფენებში საბჭოთა ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებების (მ. შ. ანტირელიგიური) არაპოპულარობა, გადასახადებით გამოწვეული უკმაყოფილება, ინტელიგენციის მძიმე მატერ. მდგომარეობა. ამ დოკუმენტებში მიჩქმალული იყო ქართველი ხალხის ბრძოლა ეროვნული დამოუკიდებლობის აღდგენისათვის, საქართველოს ისტორიული ტერიტორიების გასხვისებით გამოწვეული საერთო უკმაყოფილება. საბჭ. ისტორიოგრაფიას ა. ა-ის შეფასება იმდროინდელი პარტ. დოკუმენტებიდან შემორჩა, სადაც. ა. ა. შეფასებულია როგორც ქართ. პოლიტ. ემიგრაციის მიერ ინსპირირებული, ბუტაფორული მენშევიკური ავანტიურა, მენშევიკურ-კულაკური აჯანყება და სხვ. ა. ა-ის შესახებ საბჭ. ისტორიკოსები მეტად ძუნწად წერდნენ. ქართულ ემიგრანტულ ლიტ-რაში აჯანყების უმთავრეს მიზეზად დასახელებულია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისათვის ბრძოლა. საბჭ. ხელისუფლების დამყარების შემდეგ საქართველო სულ უფრო კარგავდა დამოუკიდებლობას; ისტორიული ტერიტორიის ერთი ნაწილი საბჭოთა ხელისუფლების მესვეურებმა მეზობელ სახელმწიფოებრივ ერთეულებს გადასცეს; იდევნებოდნენ პოლიტ. პარტიები და მათი მოღვაწეები; საქართველოს რკინიგზა რუს. რკინიგზას შეუერთდა და მისი ნაწილი გახდა და სხვ. ა. ა. იყო საქართველოს გამოხსნისათვის ბრძოლის ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი, ეროვნ.-განმათ. ბრძოლა. ამავე დროს ამ აჯანყებას უყურებდნენ როგორც დასამარცხებლად წინასწარ განწირულ აქციას. ქართვ. პოლიტემიგრანტთა ერთი ნაწილი (გ. ვეშაპელი და სხვ.) აჯანყების მოწყობის წინააღმდეგი იყო. ა. ა-ის მეცნ. კვლევაში დიდი ხარვეზებია. მეცნიერთა ხელთ არ არის დოკუმენტური მასალის დიდი ნაწილი.
წყარო და ლიტ.: ა ბ ა შ ი ძ ე დ., 1924 წლის აგვისტოს ტრაგედია, «ლიტერატურული საქართველო», 1989 წ. 25 აგვ.; ა ს ა თ ი ა ნ ი ა., ძველი და ახალი მემკვიდრეობა, პარიზი, 1929; გ რ ი გ ა ლ ა შ ვ ი ლ ი ნ., „ვაი, ჩვენო ქართვლის ბედო“, «ლიტერატურული საქართველო», 1989, 26 მაისი; წამებულთა გაცოცხლებული ხმა. დოკუმენტები გ. მამულიას მიერ მომზადებული გამოსაცემად, იქვე; ზ ა ლ დ ა ს ტ ა ნ ი შ ვ ი ლ ი ს., საქართველოს 1924 წლის ამბოხება (მოგონებანი), მიუნხენი, 1956; თბ., 1989; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 7, თბ., 1976; შ ა რ ა ძ ე გ., უცხოეთის ცის ქვეშ, წგ. 1, თბ., 1991.
უ. სიდამონიძე