აგრონომია (ბერძნ. agros–მინდორი და nomos – კანონი), მეცნიერება მემინდვრეობის კანონების შესახებ.
ფართო მნიშვნელობით - სას.-სამ. წარმოების მეცნ. საფუძველი, სოფ. მეურნ. ყველა დარგის ცოდნის ერთობლიობა. ა-ში იგულისხმება აგრონ. მეცნიერებათა კომპლექსი, სას.-სამ. კულტურების მოყვანის ხერხები და მეთოდები, რ-ებიც ემყარება თანამედროვე მეცნ. მიღწევებსა და პრაქტ. გამოცდილებას მიწათმოქმედებაში, აგროქიმიაში, აგროფიზიკაში, მემცენარეობაში, სელექცია-მეთესლეობაში, ფიტოპათოლოგიაში, სას.-სამ. ენტომოლოგიაში, მელიორაციაში და სხვ. მეცნ. თვალსაზრისით ა. მჭიროდაა დაკავშირებული აგრეთვე ზოგად ბიოლოგიასთან, ნიადაგთმცოდნეობასთან, გენეტიკასთან, მცენარეთა ფიზიოლოგიასთან, ბიოქიმიასთან, ბიოფიზიკასთან, სას.-სამ. მეტეოროლოგიასა და სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებთან. ა-ს თანდათან გამოეყო ისეთი დარგები, როგორიცაა სოფ. მეურნ. ეკონომიკა და ორგანიზაცია, ზოოტექნიკა, სას.-სამ. მანქანები, სას.-სამ. პროდუქტების ტექნოლოგია და სხვ.
საქართველოში სოფ. მეურნ. განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა „სოფლის მეურნეობის კავკასიონის საზოგადოებამ“, რ-იც 1850 წ. 25 თებ. დაარსდა თბილისში. საზ-ბის წევრები იყვნენ გამოჩენილი ქართვ. მოღვაწეები: ი. ჭავჭავაძე, დ. ყიფიანი, ა. ფურცელაძე, გ. წერეთელი, რ. ერისთავი, ი. წინამძღვრიშვილი და სხვ. აგრონ. მეცნ. განვითარებას თავიდანვე დიდი სამსახური გაუწიეს: ი. ოქრომჭედლიშვილმა, ა. შანშიაშვილმა, ე. ნაკაშიძემ, ი. ანდრონიკაშვილმა და სხვ. სწორედ ი. წინამძღვრიშვილის თაოსნობით და ი. ჭავჭავაძის ხელშეწყობით დაარსდა 1883 წ. 3 სექტ. საქართველოში, სოფ. წინამძღვრიანთკარში, პირველი სას.-სამ. სასწავლებელი, რ-იც ამჟამადაც მოქმედებს.
აგრონ. მეცნ. განვითარება საგრძნობლად წასწია წინ საცდელი დაწესებულებების გახსნამ. 1892 ყარაიასა (ახლანდ. გარდაბანი) და ქუთაისში საფუძველი ჩაეყარა პირველ საცდელ დაწესებულებებს. 1894 სოხუმში გაიხსნა მებაღეობა-მებოსტნეობის საცდელი სადგური, ხოლო 1912 აქვე დაარსდა მეთამბაქოების საცდელი სადგური. 1921 თსუ-თან ჩამოყალიბდა ა-ის ფაკ-ტი, რ-ის ბაზაზე 1929 გაიხსნა უმაღლესი სას.-სამ. სასწავლებელი. ა-ის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს გამოჩენილმა ქართვ. მეცნიერებმა – პ. მელიქიშვილმა და ვ. პეტრიაშვილმა. აგრონ. ცოდნის დამკვიდრებაში დიდი ღვაწლი მიუძღვით აგრეთვე ცნობილ მეცნიერებსა და პედაგოგებს კ. ამირაჯიბს, გ. გეხტმანს, დ. გედევანიშვილს, ი. ლომოურს, ს. ჩოლოყაშვილს, გ. რცხილაძეს და სხვ. 2011-იდან საქართვ. აგრ. უნ-ტი, მის შემადგენლობაში შემავალ სას.-სამ. პროფილის ინ-ტებით ემსახურება საქართველოში ა-ის შემდგომ განვითარებას. ფართო ქსელს მეცნიერულ ხელმძღვანელობას უწევს საქართველოს სოფ. მეურნ. მეცნიერებათა აკადემია.
ლიტ.: თ ო დ უ ა გ., სასოფლო-სამეურნეო განათლების ისტორიისათვის საქართველოში, თბ., 1967; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., საქართველოს ეკონომიური ისტორია, წგ. 2, თბ., 1986 (თხზ. თორმეტ ტომად. ტ. 5); П р я н и ш н и к о в Д., Н., Лекции по курсу „Введение в агрономию“..., Избр. соч., т. 3, М., 1965.
გ. ცაგურიშვილი