აგროქიმია, აგრონომიული ქიმია, მეცნიერება, რ-იც შეისწავლის ნიადაგსა და მცენარეში მიმდინარე ქიმ. და ბიოქიმ. პროცესებს, მცენარეთა მინერ. კვებას, მცენარის, ნიადაგისა და სასუქის ურთიერთდამოკიდებულებას.
ა. იკვლევს ნიადაგში საკვები ელემენტების შემცველობას, მათ განაწილებასა და დინამიკას სხვადასხვა ნიადაგურ-კლიმ. ზონაში. ამასთანავე, შეიმუშავებს ორგ. და მინერ. სასუქების, ქიმ. მელიორაციის საშუალებათა და ზრდის სტიმულატორების გამოყენების ისეთ რაციონალურ ხერხებს, რ-ებიც უზრუნველყოფენ ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლებასა და მაღალხარისხოვანი მოსავლის მიღებას. მეცნ. ა-ის განვითარება დაკავშირებულია XIX ს. 30-იანი წწ. გამოჩენილი ფრანგი მეცნიერის ჟ. ბუსენგოსა და გერმ. მეცნიერის ი. ლიბიხის სახელებთან. შემდგომში აგრონ. მეცნ. განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ცნობილმა რუსმა მეცნიერებმა, რ-თა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია დ. პრიანიშნიკოვისა და მისი სკოლის მიმდევართა დამსახურება. საქართველოს სოფ. მეურნეობაში სასუქებს უძველესი დროიდან იყენებდნენ, რაც მრავალი ისტ. წყაროთი დასტურდება. ამ მხრივ აღსანიშნავია ს.-ს. ორბელიანისა და ვახუშტი ბაგრატიონის ნაშრომებში მოცემული ცნობები. XIX ს. ქართ. პერიოდულ პრესაში („გუთნის დედა“, „სასოფლო გაზეთი“ და სხვ.) სისტემატურად ქვეყნდებოდა ქართვ. მოღვაწეთა (ი. ოქრომჭედლიშვილი, გ. წერეთელი, ი. კერესელიძე, ე. ნაკაშიძე, მ. ზაალიშვილი და სხვ.) სტატიები, რ-ებიც ა-ის, კერძოდ სასუქების გამოყენების საკითხებს შეეხებოდა. საქართველოში აგროქიმ. მეცნ. განვითარებას ფასდაუდებელი ღვაწლი დასდო გამოჩენილმა ქართვ. მეცნიერმა პ. მელიქიშვილმა. სწორედ მან დაიწყო ახლად დაარსებულ თსუ-ში ა-ის ლექციების კურსის კითხვა (მაშინ „სასუქთმცოდნეობა“ ეწოდებოდა). მომდევნო წლებში აგროქიმ. მეცნ. შემდგომი განვითარებისა და მისი სწავლებისათვის ნაყოფიერ სამეცნ.-კვლ. მუშაობასა და პედ. მოღვაწეობას ეწეოდნენ შ. ცინცაძე, ი. სარიშვილი, ა. მენაღარიშვილი, შ. ჭანიშვილი, გ. გოლეთიანი, ი. ნაკაიძე, მ. ბზიავა, ი. მარშანია, ო. ონიანი, ო. ზარდალიშვილი და სხვ. საქართველოში აგროქიმ. კვლევის ბევრი საყურადღებო მეთოდია დანერგილი. ა-ს მჭიდრო კავშირი აქვს მომიჯნავე მეცნიერებებთან, კერძოდ ნიადაგთმცოდნეობასთან, ქიმიასთან, ბიოლოგიასთან, ფიზიკასა და მათემატიკასთან. რაც შეეხება დარგის სას.-სამ. მნიშვნელობას, დღეისათვის აღიარებულია, რომ მოსავლის მატების 50%-ზე მეტი სასუქებზე მოდის. საქართვ. აგროქიმიკოსები გაერთიანებული არიან ნიადაგთმცოდნეთა საზ-ბაში. 2011-იდან საქართვ. აგრ. უნ-ტში შემავალი მ. საბაშვილის ნიადაგმცოდნეობის აგროქიმიისა და მელიორაციის ინ-ტი აგრძელებს მუშაობას და კვლევას დარგში. პერიოდულად გამოდის სპეც. კრებულები, რ-ებშიც ქვეყნდება ა-ის დარგში კვლევის შედეგები.
ლიტ.: ს ა რ ი ა შ ვ ი ლ ი ი., თ ო დ უ ა გ., აგრონომიული ქიმია საქართველოში, თბ., 1970; М и н е е в В. Г. , Агрохимия и биосфера, М., 1984; Проблемы почвоведения и агрохимии, под ред. Е. Н. Мишустина, М., 1986.
ო. ზარდალიშვილი