აზატები

აზატები (სპარს. აზად ‒ თავისუფალი), პრივილეგირებული წოდების, მხედართა დაბალი ფენა სასანიანთა ირანში.

საშუალო და წვრილი მიწათმფლობელები თავისუფალი იყვნენ გადასახადებისაგან და ომის დროს ცხენოსან ლაშქარში სამსახური ევალებოდათ. სომხეთში ფართო მნიშვნელობით მთელ ფეოდ. კლასს ეწოდებოდა (VIII ს-მდე), შემდეგ კი წვრილ მემამულეებს, რ-ებიც სიუზერენის სამხ. სამსახურში იყვნენ. სიტყვა „აზატ.“ საქართველოში შემოვიდა „თავისუფალის“ მნიშვნელობით (დადასტურებულია XII ს. ძეგლებში). „აზატი“ იხმარებოდა აგრეთვე უფრო გვიან შემოსული თარხნის სინონიმად. XVI–XVII სს. დოკუმენტებში, ჩვეულებრივ მსახურის შესატყვისი იყო (იგულისხმებოდა მებეგრე გლეხის „თავი ბეგრისაგან“ განთავისუფლება და მსახურად დადგენა). ზოგჯერ ყმობისაგან მთლიანად განთავისუფლებულსაც ეწოდებოდა.

გ. ჯამბურია