აზატ მოსეს ლაშქრობანი საქართველოში, მცირეაზიელ თურქთა ტომების ლაშქრობა სამხრ. საქართველოში XIII ს. 80-იან წლებში აზატ მოსეს მეთაურობით.
შემოსევა მოულოდნელი იყო. თურქთა ბრბომ „იწყო მძვინვარედ ოჴრება, ჴოცა და კლვა“ (ჟამთააღმწერელი). ქართველებმა პარტიზანული ომი დაიწყეს. მტერს ვიწროებში იმწყვდევდნენ და ანადგურებდნენ. განსაკუთრებით ისახელეს თავი აზნაურებმა ხერხემელისძეებმა და ტაოს ერისთავმა თაყა ფანასკერტელმა. სანამ სამცხის მთავარი ბექა I ჯაყელი ჯარს შეკრებდა და ორგანიზებულ ომს დაიწყებდა, თურქებმა დიდი ტერიტ. მოაოხრეს და უკან გაბრუნდნენ. გამარჯვებით გათამამებული აზატ მოსე მაჰმადიანთა კოალიციური ლაშქრით მეორე წელსაც შემოესია საქართველოს. ამჯერად ქართველები მომზადებული დახვდნენ მტერს. ქართველთა ლაშქარმა ბექა ჯაყელისა და მისი შვილის სარგისის მეთაურობით ვაშლოვანსა და ქ. სპერთან ბრძოლებში თურქები დაამარცხა და უკუაქცია.
წყარო: ჟამთააღმწერელი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959.
ლიტ.: გ ვ რ ი ტ ი შ ვ ი ლ ი დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან (XIII–XIV სს.), თბ., 1962.
ქ. ნადირაძე