აზნაური

აზნაური, ფეოდალური საზოგადოების გაბატონებული კლასის წარმომადგენელი.

მიჩნეულია, რომ სიტყვა „აზნაური“ უცხოური წარმოშობისაა და ქართულად არის გაფორმებული. ზოგიერთი მკვლევარი მას სომხ. „აზნს“ (გვარი) უკავშირებს, ზოგი –სპარს. „ზანას“ (გვაროვნობათა კავშირი, ერი), ზოგი – სპარს. „აზნას“ (წარჩინებული). თავდაპირველად „აზნაური“, ჩანს, „თავისუფალს“ ნიშნავდა, უძველეს ქართ. ნათარგმნ ლიტ-რაში (ძველი და ახალი აღთქმის წიგნები) ამ მნიშვნელობით არის ნახმარი. „აზნაურთა“, „დიდ-დიდ აზნაურთა“ და „უაზნოთა“ არსებობა ქართლში უკვე V ს. II ნახ. ორიგინ. ძეგლში „შუშანიკის მარტვილობაშია“ დადასტურებული. იმდროინდელ საქართველოში არსებობდა წოდებრივი ჯგუფები, კერძოდ, მემკვიდრეობითი პრივილეგიებით აღჭურვილი მემამულეთა წოდება. სახელწოდება ა. მომდევნო პერიოდში ყველა წარჩინებულზე გავრცელდა და სწორედ ამ წოდებას აღნიშნავდა. ასე რომ, ქართ. „აზნაური“ დაახლ. იმასვე აღნიშნავდა, რასაც დას. ევრ. ნობილი (წარჩინებული). ა-თა წოდების შინაგანი აღნაგობა სულ უფრო რთულდებოდა. IX ს-იდან მოყოლებული და შემდეგ, ფეოდ. მონარქიის ხანაში, X–XIII სს-ში ეს სტრუქტურა ასე წარმოგვიდგება: ყველაზე მაღალ წრეს შეადგენდნენ „დიდებულნი აზნაურნი“ ან მარტივად „დიდებულნი“– მსხვილი ფეოდ. არისტოკრატია. დიდებულად იწოდებოდა ისეთი ა., რ-იც დიდი მამულისა და მრავალრიცხოვან ყმათა მფლობელი იყო და ამიტომ ესა თუ ის დიდი თანამდებობაც ეჭირა. ასეთ ა-ს საკუთარი ციხეც ჰქონდა. ა-ები იყვნენ „ციხოსან-მონასტროსანნი“ (ე. ი. ციხისა და საგვარეულო მონასტრის მფლობელნი) და „უციხო-უმონასტრონი“. რადგან აზნაურული პრივილეგიები მემკვიდრეობითი ხასიათისა იყო, ამიტომ ამ წოდების დიდი უმრავლესობა „ნათესავით“ (ე. ი. მემკვიდრეობითი) ა-ებისაგან შედგებოდა. შედარებით იშვიათად შეიძლებოდა „გააზნაურებაც“, განსაკუთრებით მეფის სამსახურში დაწინაურების გზით. ამგვარად ჩნდებოდა „მსახურეულ აზნაურთა“ ჯგუფი („ტაძრეულნი აზნაურნიც“ ალბათ იგივენი იყვნენ), რ-იც „დიდგვაროვანთა“ „მსახურეული სახლებისაგან“ განსხვავებით, ახლად იძენდა წოდებრივ პრივილეგიებს. ამ წრეს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა აბსოლუტიზმისადმი მიდრეკილების მქონე მეფეების ცენტრალისტური პოლიტიკისათვის. მემკვიდრეობითი მსხვილი მემამულე არისტოკრ. და საშ. და წვრილი აზნაურობის შინაკლასობრივი ანტაგონიზმი განსაკუთრებით მწვავდებოდა მაშინ, როცა დიდგვაროვან ფეოდალებს ეს „უგვარო“ და ახლად აღზევებული გააზნაურებული მდაბიონი უპირისპირდებოდნენ. სამეფო სამსახურში დაწინაურება მეფეთა „წყალობისა“ და „ბოძების“ გზით იწვევდა, პირველ ყოვლისა, მიწის, აგრეთვე ფეოდ. მფლობელობის ყოველგვარი სხვა ობიექტის იმ მატერ. საფუძვლის ზრდას, რაზედაც დამყარებულია სოც.-პოლიტ. კეთილდღეობა და ბატონობა ფეოდ. საზ-ბაში. თავდაპირველად ამ „საბოძვრებს“ პირობითი სამფლობელოს, „საკარგავის“ ხასიათი ჰქონდა და მათი მფლობელნიც „მოსაკარგავე“ ა-ებად იწოდებოდნენ. სოც. რაობით ამ ფენას შეესაბამება XIV–XVII სს. რუს. „დვორიანსტვო“. მოსაკარგავე ა-ები გამუდმებით ცდილობდნენ სამფლობელოს პირობითი ხასიათი შეეცვალათ და სამემკვიდრეოდ ექციათ. ჩვეულებრივ, ეს ტენდენცია მიზანს აღწევდა: იმკვიდრებდნენ არა მარტო მიწებს, არამედ პირობითი მფლობელობის სხვა ობიექტებსაც, მაგ., სახელმწ. თანამდებობებს. ასე ყალიბდებოდა ახ. მსხვილი მემამულე არისტოკრატია, რ-იც ცენტრ. ხელისუფლების მიმართ ძვ. დიდგვარიანების პოზიციას იჭერდა. ა-თა წოდების სხვადასხვა ფენის შინაკლასობრივი ურთიერთობისათვის IX–XVIII სს-ში დამახასიათებელი იყო ე. წ. პატრონყმობა, რ-საც საფუძვლად აგრეთვე საადგილმამულო ურთიერთობა ედო. პატრონყმური ურთიერთობის შედეგად ა. დამოკიდებული იყო არა მარტო მეფისაგან, არამედ ა-განაც. სათანადო ფაქტებს უკვე ადრინდ. ფეოდ. ხანაში ვხვდებით. ა-თა წოდების განვითარების ისტორიაში განსაკუთრებით საინტერესოა თავადთა ინ-ტის საკითხი. ძვ. ხანაში თავადები, ჩანს, მხოლოდ ა-თა საგვარეულოების თავკაცები იყვნენ, მაგრამ XIV–XV სს-ში ისინი უკვე ჩამოყალიბდნენ ცალკე წოდებად, რ-იც ფეოდ. იერარქიაში ა-ებზე მაღლა მოექცა. თავადთა ხელში პოლიტ. ძალაუფლების გადასვლის შემდეგ ა-თა წოდება შედარებით დაკნინდა და დამოუკიდებელი მნიშვნელობა დაკარგა. XVI–XVII სს-იდან აზნაურობა თანდათან მოექცა მეტ-ნაკლებად მყარ დამოკიდებულებაში სამეფო სახლთან, ეკლესიასა და თავადებთან. ამ გზით ა-თა სამი ჯგუფი ჩამოყალიბდა. სამეფო ა-ები მეტი პრივილეგიებითა და გავლენით სარგებლობდნენ, ვიდრე საეკლ. და სათავადო ა-ები. მათ სოც. და ეკონ. გაძლიერების მეტი შესაძლებლობა ჰქონდათ. მაგრამ დამოკიდებულების საფუძველი და ა-თა უფლებრივი მდგომარეობა ყველა შემთხვევაში ერთი იყო – ა-ს ბატონის მამული ეჭირა. ა-ს ბატონობისაგან წასვლის უფლება ჰქონდა იმ შემთხვევაში, თუ მის მიწასა და იქ დასახლებულ ყმებზე უარს იტყოდა. ბატონის უფლებები ა-ის მიმართ დიდი იყო. ბატონს შეეძლო ა. მზითვადაც გაეცა. მეფეთა მიერ ა-ის გაჩუქება ან მზითვად გატანება საეკლ. და სათავადო ა-ების გაჩენის ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენდა. ამ დამოკიდებულების წარმოშობის მეორე უმნიშვნელოვანესი პირობა იყო ა-თა მცირემამულიანობა ან უმამულობა, რაც მათ აიძულებდა მსხვილ საეკლ. თუ საერო მიწისმფლობელთა მფარველობისათვის მიემართათ. უმთავრესად მამულის სიდიდისა და ყმათა რიცხივს მიხედვით, ნაწილობრივ კი შთამომავლობის მიხედვით, ა-ები სამ ხარისხად განიყოფოდნენ, კერძოდ, სისხლის ფასის მხრივ ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნი იცნობს დიდს (ანუ გადიდებულს), შუასა და ცალმოგვ ა-ს. პირველის სისხლს აფასებს 192, მეორისას – 96, მესამისას – 48 თუმნად. ა-ის საგვარეულოს გაყოფა მამულის დაქუცმაცებას მოასწავებდა და ამ იერარქიულ კიბეზე ჩამოქვეითების მიზეზი ხდებოდა. ა-თვის თავადობის ბოძება მეფის პრეროგატივას წარმოადგენდა. XV–XVIII სს-ში ის საკმაოდ იშვიათი მოვლენა იყო. დას. საქართველოში ა-თა ფენა რამდენადმე უფრო მეტად იყო დამორჩილებული. ზოგჯერ ა. დაბეგრილიც კი იყო ბატონის მიერ. რუს. მმართველობის დამყარების შემდეგ ქართვ. ა-თა მდგომარეობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. მეფის ბიუროკრ. მთავრობა ფორმალურად თითქოს იჩენდა მიდრეკილებას ქართვ. თავადაზნაურობა განეხილა ისეთივე სოც. მოვლენად, როგორსაც ეს კლასი თვით რუსეთში წარმოადგენდა (ამას მოითხოვდა აგრეთვე 1783 ტრაქტატის სათანადო მუხლი), მაგრამ არსებითად ეს საკითხი ძალთა რეალურ განლაგებასა და საერთო პოლიტ. მდგომარეობასთან იყო დაკავშირებული. ცარიზმს ახლად დაპყრობილ ქვეყანაში ეს კლასი თავის სოც. დასაყრდენად მიაჩნდა და ცდილობდა მის ისეთ ორგანიზებას, რომ ყველაზე საიმედო ელემენტები გამოეაშკარავებინა. 1803 მთავარმართებულ პ. ციციანოვის პროექტის თანახმად, ქართლ-კახეთში დაარსდა თავადაზნაურობის წარმომადგენლობითი ორგანოები – სამაზრო და საგუბერნიო დეპუტატთა საკრებულოები. სათანადო „წესებში“ რელიეფურად ჩანდა მოვლენის სოც.-ეკონ. ბუნება: საარჩევნო და წარმომადგენლობითი უფლება, ისე როგორც რუსეთში, საქართველოშიც არ მისცეს იმ ა-ებს, „რომელთაც არ ჰქონდათ არავითარი საკუთრება და არავითარი შემოსავალი“. ცოტა გვიან დადგა საკითხი მსხვილ ფეოდალთაგან დამოკიდებულ ა-თა პირადი და სამამულო უფლებების შესახებ. საკითხი ეხებოდა საეკლ. და სათავადო ა-ებს. სამეფო ა-ები მექანიკურად ჩაირიცხნენ სახაზინო უწყებაში. 1811 მთავრობამ საეკლ. ა-ებიც, მამულითა და ყმით, სახაზინო უწყებაში გადარიცხა, ამასთან სახაზინო მიწებზე მათი გადასახლების განკარგულება გასცა. ბევრად უფრო რთული იყო თავადთაგან დამოკიდებულ ა-თა საკითხი. მთავარმართებულ ნ. რტიშჩევის აზრით, სათავადო ა-ები მდაბიოებად უნდა ჩათვლილიყვნენ და არ უნდა ესარგებლათ რუსეთის ა-თა პრივილეგიებით. 1816 რტიშჩევს უცდია კიდეც ამ შეხედულების განხორციელება. შემდეგ მთავრობამ კურსი შეცვალა. 1820 მთავარმართებელ ა. ერმოლოვის წინადადებით, „საქართველოს უმაღლესი მთავრობის საზოგადო კრებამ“ განიხილა სათავადო ა-თა საკითხი და გამოიტანა დასკვნა – თავადთა ყმა ა-ები სამეფო ა-თა ტოლნი არიანო. მწვავედ დადგა ამ ა-თა მამულების საკითხი 1825 „საქართველოს უმაღლესი მთავრობის საზოგადო კრებამ“ ერმოლოვს წარუდგინა მოსაზრებები ამის შესახებ, სახელდობრ: ა) თავადებს უცილობელი უფლება უნდა ჰქონოდათ იმ მამულზე, რ-ითაც ა. თავადის ყმობაში შევიდა მეფეთა წყალობის სიგელით, აგრეთვე თვით თავადის მიერ ა-თვის ნაბოძებ და ა-ის მიერ იმავე თავადის სხვა ა-გან ნასყიდ ან მზითევში მიღებულ მამულებზე; ბ) წასვლის შემთხვევაში ა. უტოვებდა თავადს ზემოხსენებულ მამულს მასზე მოსახლე გლეხებით; გ) ა-თა უცილობელ საკუთრებად რჩებოდა თავადის ყმობაში ყოფნისას მეფის მიერ პირადად მისთვის ან მისი წინაპრებისათვის ნაწყალობევი და აგრეთვე თავის ბატონისაგან ან უცხო მფლობელისაგან ნაყიდი მამული. ცენტრ. მთავრობის შეხედულება ამ საკითხზე გამომჟღავნდა მაშინ, როცა სენატმა თავად ორბელიანებისა და მათი ყმის აზნაურ ყაითმაზაშვილის საქმის გარჩევისას გამოთქვა მოსაზრება, რომ ყაითმაზაშვილების დამოკიდებულება ორბელიანებისაგან „ფეოდალური დამოკიდებულების სახე“ იყო და არა „მიმაგრება“. უფრო ზოგადი სახე ამ შეხედულებამ მიიღო 1833, როდესაც ნიკოლოზ I-მა დაამტკიცა სახელმწ. საბჭოს აზრი, რომ „ხსენებული აზნაურები თავადების დამოკიდებულებაში არ უნდა იმყოფებოდნენ და რომ ისინი უნდა მიჩნეულ იქნენ სამეფო აზნაურთა თანასწორად“. ამ კანონმა სათავადო ა-ები ყმობისაგან გაათავისუფლა და ქართვ. თავადებთან ერთად რუს. „დვორიანსტვოს“ გაუთანასწორა. საადგილმამულო მფლობელობის საკითხს იგივე დოკუმენტი შემდეგნაირად წყვეტდა: თავადებს მათთვის მეფის მიერ ნაწყალობევ ა-თა მამულზე უცილობელი უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ენიჭებოდათ, თუ წყალობის სიგელში სპეციალურად იქნებოდა აღნიშნული, რომ ა. ნაბოძებია მამულიანად. სხვა შემთხვევაში მამული ა-ს უნდა დარჩენოდა. ასევე ა-ს უნდა მიკუთვნებოდა მეფის მიერ ნაბოძები ან თვითონ მის მიერ ნაყიდი მამული. უშვილობის შემთხვევაში ნამზითვი დარჩებოდა ქალის ნათესაობას. თავადის მიერ ნაჩუქარი მამული ა-ს მხოლოდ თავადისვე სურვილით შეიძლებოდა მიეღო. თავადს განთავისუფლებული ა-თვის უნდა აენაზღაურებინა ბატონის მიწაზე ბატონისავე ნებართვით გაშენებული ბაღ-ვენახის და სხვადასხვა ნაგებობათა ღირებულება. თავადისაგან განთავისუფლებული ა. სახაზინო გლეხთა წოდებაში ჩაირიცხებოდა, სანამ აზნაურობას ფორმალურად დაამტკიცებდა. ამას გარდა, მას სახაზინო მიწაც ეძლეოდა; განსაკუთრებით ღარიბ ა-ს ეს მიწა შემდეგაც არ ჩამოერთმეოდა. თავადებსა და მათგან განთავისუფლებულ ა-თა შორის საადგილმამულო დავის გასარჩევად 1836 დაარსდა ადგილობრივი „საშუამავლო“ სასამართლოები. მაგრამ რადგან ეს სასამართლოები მთლიანად თავადთა გავლენაში მოექცნენ და ა-ები განუწყვეტლივ ჩიოდნენ მათი უმოქმედობის შესახებ, მათ ნაცვლად 1846 ქ. გორში დაარსდა „განსაკუთრებული დროებითი კომისია“. ამგვარად, რუს. თვითმპყრობელობამ ეს მნიშვნელოვანი საკითხი თავისი ბუნების შესაფერისად და საკმაოდ ოსტატურადაც გადაჭრა. მთავრობა წვრილი აზნაურობის გაძლიერებისაკენ მიმართულ ღონისძიებებს უპირისპირებდა უკმაყოფილებას, რ-საც, ძვ. პოლიტ. უფლებების დაკარგვის გამო, სულ უფრო მეტად ამჟღავნებდა ქართვ. მსხვილი მემამულე არისტოკრატია. შემთხვევითი არ არის, რომ მთავრობის სათანადო აქტი გამოქვეყნდა 1832 შეთქმულების მომდევნო წელსვე. საყურადღებოა ისიც, რომ 1833 პეტერბ. მმართველი წრეები ამ მხრივ მეტ რადიკალობას იჩენდნენ, ვიდრე ადგილ. ხელისუფალნი XIX ს-ის20-იანი წწ. დამდეგს. „დიდგვაროვანთა“ მიმართ თვითმპყრობელობა მაინც ერიდებოდა უხეშ ზომებს, რადგან მისი მიზანი იყო ამ ჯგუფის ერთგვარი „დატუქსვა“ და არა სრული გარიყვა. ა-თა განთავისუფლებით მიყენებული მატერ. ზარალის ანაზღაურება თავადებს სახელმწ. სამსახურით შეეძლოთ. მთავრობა მათ ამისთვის ფართო შესაძლებლობას უქმნიდა. მთავრობა კიდევ უფრო დიდ სიუხვეს იჩენდა გლეხობის ხარჯზე ორივე წოდების გულის მოსაგებად: XIX ს. I ნახევარში თვითმპყრობელობამ საქართველოში ზედიზედ გამოსცა რამდენიმე განკარგულება, რ-ებიც მიზნად ისახავდნენ გლეხობის სრულ დამონებას. გლეხებს აეკრძალათ სასამართლოში ბატონზე საჩივრის შეტანა და სასამართლოს საშუალებით თავისუფლების ძიება. ბატონებს კი, პირიქით, უფლება მიენიჭათ მკაცრად გასწორებოდნენ ურჩ ყმებს. ამ ღონისძიებებით ადგილ. გაბატონებული კლასების ყურადღება პოლიტ. სფეროდან სოც. სფეროში იქნა გადატანილი. ერთგვარი შინაკლასობრივი ანტაგონიზმი თავადებსა და ა-ებს შორის შემდეგშიაც იჩენდა თავს.

აზნაურობის ეკონ. საფუძვლის – ბატონყმური მეურნ. რღვევამ ამ წოდების შეუჩერებელი დაცემა გამოიწვია. ბატონყმობის გაუქმებამ და კაპიტალ. ურთიერთობათა განვითარებამ აზნაურობა საბოლოოდ გააღატაკა. ოქტ. რევოლუციამ მოსპო აზნაურობა, როგორც მემამულეთა ნაწილი და პრივილეგიური წოდება. იხ. აგრეთვე თავადაზნაურობა, ფეოდალიზმი.

ლიტ.: ა კ ო ფ ა შ ვ ი ლ ი  გ., სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან XV–XVIII სს. ქართლში (აზნაურთა ფენა), თბ., 1965; ს ო ს ე ლ ი ა  ო., ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს ისტორიიდან (სათავადოების სისტემა), თბ., 1966; ყ ი ფ ი ა ნ ი  დ., მემუარები, ს. ხუნდაძის რედ., ტფ., 1930; ხ ა ნ თ ა ძ ე  შ., სოციალური ბრძოლის ეპიზოდი გვიანფეოდალურ საქართველოში, «ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწ. მუზეუმის მოამბე», 1959, ტ. 20 В; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი  ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგნ. 1–2, თბ., 1982–84 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 6 – 7); ჯ ა ნ ა შ ი ა  ს., შრომები, [ტ.] 1–2, თბ., 1949–52; А в а л и а н и  С. Л., Крестьянский вопрос в Закавказье, т. 1, Од., 1912.

ს. ჯანაშია