აზრათ ყული-ბეგ მარტყოფელი, განჯის სახანოს მმართველი 1778–83. წარმოშობით ქართველი.
ბავშვობაში გაიტაცეს სოფ. მარტყოფიდან და ყარაბაღის ხანს იბრაჰიმს მიჰყიდეს. ტყვე გაამაჰმადიანეს, შეინარჩუნა მხოლოდ თავისი სადაურობა – მარტყოფელი. ბუნებრივი ნიჭისა და ვაჟკაცობის წყალობით მან ჯერ ყარაბაღის სახანოს პირველ ვეზირობას მიაღწია, ხოლო როცა ერეკლე II-მ იბრაჰიმ-ხანთან ერთად 1778 განჯის სახანო აიღო, ა. ყ. მ., ქაიხოსრო ანდრონიკაშვილთან ერთად განჯის მმართველი გახდა. ამ თანამდებობაზე ქაიხოსრო ერეკლე მეფემ დანიშნა, ხოლო ა. ყ. მ – იბრაჰიმ-ხანმა.
წყარო: თეიმურაზ ბაგრატიონი, ახალი ისტორია, ლ. მიქიაშვილის გამოც., თბ., 1983.
ლიტ.: მ ა თ ი ა შ ვ ი ლ ი ა., მარტყოფის წარსული და აწმყო, თბ., 1971.
ა. მათიაშვილი