ათაბაგი (თურქ. Ata – მამა და beg – ბატონი), უფლისწულის გამზრდელი, ადგილ. მმართველობის მოხელე და ერთ-ერთი ვეზირი გაერთიანებული საქართველოს ფეოდალურ სახელმწიფოში. საქართველოში ათაბაგობა შემოვიდა თურქ. სამყაროდან (სელჩუკთა სახელმწიფოში თავდაპირველად სულთნის მემკვიდრის აღმზრდელი და მეურვე იყო, შემდეგ კი, ამ სახელმწიფოს დაშლის პროცესში, ა-ებმა ცალკეული მხარეების, მაგ., განძის გამგებლობა მიისაკუთრეს). ქართ. სამყაროში ათაბაგობა მამამძუძეობის სახეცვლილებას წარმოადგენდა. მამამძუძედ (უფლისწულის გამზრდელად) მეფე, ჩვეულებრივ, ნიშნავდა სპასპეტს (მთავარსარდალს). ა-ადაც XIII–XIV სს. საქართველოში, როგორც წესი, ამირსპასალარებს ნიშნავდნენ. ჟამთააღმწერლის ცნობით ა. იყო „განდიდებულ... უმეტეს სხვათა ერისთავთა“. უფლისწულის აღზრდასთან ერთად ა., როგორც ჩანს, საუფლისწულო დომენსაც განაგებდა. უფლისწულის გამზრდელი ა-ის გარდა საქართველოში ჩანს აგრეთვე პროვინციის გამგებელი ა.; ასეთი ყოფილა ივანე ახალციხელ-თორელი, რ-იც თამარ მეფეს კარის (ყარსის) აღების შემდეგ (XIII ს. დასაწყისი) დაუნიშნავს ამ მხარის გამგებლად, მონაპირედ და უბოძებია ა-ისა და ამირათა ამირას სახელი. XIII ს-ში ა. დიდებულებსაც ჰყოლიათ. მაგ., ავაგ მხარგრძელის ქვრივს გვანცას თავისი ქალის ხვაშაქის მეურვედ – ა-ად სადუნ მანკაბერდელი დაუნიშნავს. ათაბაგობა საქართველოში დაუპირისპირდა მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდლის თანამდებობას და თანდათანობით წაართვა მას „ვაზირთა უპირველესობა“. ჟამთააღმწერლის ცნობით, ჯალალედინი ივანე ა-ს „ვაზირთა უხუცესს“ უწოდებს. XIII ს. 60-იანი წლების შემდეგ მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი აღარ ჩანს პოლიტ. ასპარეზზე. მკვლევართა აზრით (ნ. ბერძენიშვილი, ი. სურგულაძე), ა-ის დაწინაურება და მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდლის დამცრობა დაკავშირებული იყო მეფის ცენტრ. ხელისუფლების შესუსტებასთან. ა.-ვაზირის სახელო საქართველოში ეპყრათ სამხრ. საქართვ. (ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი) დიდ ფეოდ. საგვარეულოებს (მხარგრძელები, მანკაბერდელები, ორბელები, ჯაყელები). შესაძლოა ეს იმით აიხსნებოდეს, რომ საუფლისწულო დომენი ძირითადად ამ მხარეში მდებარეობდა. პირველი ა.-ვაზირი იყო ივანე მხარგრძელი. იგი ჯერ თამარ მეფის მსახურთუხუცესი იყო, ხოლო XIII ს. დასაწყისში (1205) ათაბაგობა მიიღო. თავისი ძმის ზაქარიას გარდაცვალების შემდეგ (1212) ივანემ მისი სახელო, ამირსპასალარობაც დაიმკვიდრა. 1227 ა.-ამირსპასალარი გახდა მისი შვილი ავაგი, ხოლო 1250-იდან – ივანეს ძმისწულის, შანშეს შვილი ზაქარია. შემდეგ ათაბაგობაზე გარკვეული უფლება მოიპოვა მედროვე სადუნ მანკაბერდელმა. მან თავისი ასული ვანენი მიათხოვა შანშე მანდატურთუხუცესის ვაჟს, ზაქარია ა.-ამისპასალარის ძმას, რ-იც ამირსპასალარად იხსენიება და, როგორც ჩანს, ა-იც იყო. 1272-იდან მხარგრძელებმა დაკარგეს ათაბაგობა. ყაენის ბრძანებით, მეფე დიმიტრი II-მ ათაბაგობა სადუნ მანკაბერდელს უწყალობა. სადუნის ფეოდ. სახლის შესუსტების მიზნით დიმიტრი II-მ სადუნის გარდაცვალების შემდეგ (1281) ათაბაგობა უბოძა არა მის შვილს ხუტლუბუღას, არამედ ტარსაიჭ ორბელს. ხუტლუბუღამ ამის გამო შური იძია მეფეზე და ხელი შეუწყო მის სიკვდილით დასჯას. ხუტლუბუღას დახმარებით გამეფებულმა ვახტანგ II-მ ათაბაგობა მას უწყალობა. XIV ს. დასაწყისში ა-ებად კვლავ მხარგრძელთა საგვარეულოს წარმომადგენლები იხსენიებიან: შაჰანშა (შანშე) I-ის შვილიშვილი – ივანე მანდატურთუხუცესის შვილი შანშე II, შემდეგ მისი შვილი ზაქარია, ივანე მანდატურთუხუცესის მეორე შვილიშვილი – ზაზას შვილი – შაჰანშა. გიორგი V-მ 1334 ათაბაგობა უწყალობა თავის ბიძას – სამცხის მთავარს სარგის ჯაყელს. ამის შემდეგ ათაბაგობა სამცხის მთავართა ტიტულად იქცა (აქედან სამცხე-საათაბაგო).
წყარო: გარიგება ხელმწიფის კარისა, წგ.: ქართული სამართლის ძეგლები, ი. სურგულაძის გამოც., თბ., 1970; ჟამთააღმწერელი, ასწლოვანი მატიანე, რ. კიკნაძის გამოც., თბ., 1987.
ლიტ.: ა ნ თ ე ლ ა ვ ა ი., საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობა XI–XIII სს., თბ., 1983; გ ა ბ ა შ ვ ი ლ ი ვ., საქართველო და თურქული სამყარო XI–XII საუკუნეებში, «აღმოსავლური ფილოლოგია», 1973, [ტ.] 3; მ ე ს ხ ი ა შ., საშინაო პოლიტიკური ვითარება და სამოხელეო წყობა XII საუკუნის საქართველოში, თბ., 1979; ს უ რ გ უ ლ ა ძ ე ი., ნარკვევები საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიიდან, [წგ.] 2, თბ., 1965,; შ ე ნ გ ე ლ ი ა ნ., სელჩუკები და საქართველო XI საუკუნეში, თბ., 1968; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგ. 1, ნაკვ. 1, თბ., 1982 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 6).
ნ. შოშიაშვილი