აია

აია (ბერძნ. Aia), კოლხეთისა და მისი ქალაქის (ზოგჯერ დედაქალაქის) სახელწოდება ანტ. ხანის ავტორების მიხედვით.

ჰეროდოტე და აპოლონიოს როდოსელი ა-ს ხმარობენ კოლხეთის სინონიმად („აია-კოლხიდა“); ევმელე კორინთელი (ძვ. წ. VIII ს.), ფერეკიდე (ძვ. წ. VI ს.), ლიკოფრონ ქალკიდელი (ძვ. წ. III ს.) და სხვ. ა-ს ქალაქად მიიჩნევენ, თუმცა ზუსტ ადგილმდებარეობას ვერ მიუთითებენ. მას შემდეგ, რაც კოლხეთი უკეთ გაიცნეს, ბერძენ-რომაელი მწერლები შეეცადნენ დაედგინათ ამ მითური ქალაქის ადგილმდებარეობა. პლინიუსისა და სტეფანე ბიზანტიელის აზრით ა. მდებარეობდა ზღვის მოშორებით მდ. ფაზისის ნაპირზე, კლავდიოს პტოლემეს აზრით – ზღვის სანაპიროზე, მდ-ების ენგურისა და ხობის შესართავებს შორის, ნიკანორ ალექსანდრიელი კი (ახ. წ. II ს.) დიოსკურიასთან აიგივებს. რეალურად ასეთი ქალაქის არსებობა არაა სავარაუდებელი. იხ. აგრეთვე არგონავტების თქმულება.

ლიტ.: უ რ უ შ ა ძ ე  ა., ძველი კოლხეთი არგონავტების თქმულებაში, თბ., 1964.

ნ. ლომოური