აინი ალი (XVI ს. დასასრ. – XVII ს. დასაწყ.), ოსმალეთის სახელმწიფო მოღვაწე.
მას ეკუთვნის პოლიტ.-ეკონ. ხასიათის ტრაქტატი „ოსმალო ხელისუფალთა კანონები და სახელმწიფო დავთარხანებში დაცული სააღწერო დავთრების ძირითადი შინაარსი“, რ-შიც მნიშვნელოვანი დოკუმენტური მონაცემებია სამხრ. საქართვ. ადმ. და ეკონ. ვითარების გასარკვევად. წყაროდან ჩანს, რომ ოსმალეთის მიერ დაპყრობილი ქართ. ტერიტორიები ძირითადად ჩილდირის, ტრაპიზონისა და ნაწილობრივ არზრუმის ეიალეთებში შედიოდა. აქვე მოცემულია სანჯაყთა (ადმ.-ტერ. ერთეული), თიმარებისა და ზეამეთების (სამხ. ლენი) რიცხვი, მითითებულია მეომართა რაოდენობა, რ-ის გამოყვანა ევალებოდათ ამ თიმარებსა და ზეამეთებს.
ლიტ.: ა ლ ა ს ა ნ ი ა გ., აინი ალის „რისალე“ როგორც წყარო ოსმალეთის აგრარულ ურთიერთობათა შესწავლისათვის, «ქართული წყაროთმცოდნეობა», 1971, [ტ.] 3, გვ. 226 – 235; შ ე ნ გ ე ლ ი ა ნ., XV–XIX საუკუნეების საქართველოს ისტორიის ოსმალური წყაროები, თბ., 1974.
გ. ალასანია